გაზმომარაგებაში „რევოლუციას“ უწოდებს გაზეთი „ლა რეპუბლიკა“ იტალიის მიერ ტრანსადრიატიკული მილსადენით გაზის საფრანგეთისთვის მიწოდების დაწყებას – აღსანიშნავია, რომ რავენის და ლივორნოს რეგაზიფიკაციის ქარხნების მეშვეობით და ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) ექსპლუატაციაში გაშვებით გაზის ფასი იტალიაში ჩრდილოეთ ევროპის ფასებამდე შემცირდა.
ევროპული ენერგეტიკის სამყაროში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა: მას შემდეგ, რაც ბებერი კონტინენტის ყველა ქვეყნის დამაკავშირებელი მილსადენის ქსელი აიგო, იტალიამ პირველად მოხდინა გაზის ექსპორტირება მეზობელ ქვეყანაში. ეს პირველად მიმდინარე წლის 23 იანვარს მოხდა, როდესაც საფრანგეთში „გადაიტვირთა“ 24 მლნ კუბომეტრი ბუნებრივი აირი და მეორედ, 30 და 31 იანვარს, როდესაც 16 კუბომეტრი გავიდა იტალიიდან, საიდანაც 12 მლნ კუბომეტრი ისევ საფრანგეთმა მიიღო, ხოლო დანარჩენი 4 მლნ კუბომეტრი – შვეიცარიაში წავიდა.
ბაზარზე რევოლუციის მიზეზებს რაც შეეხება, რამაც იტალია გაზის ექსპორტიორად აქცია, პირველი მიზეზი ტექნიკურია: ბოლო წლებში ქსელში ჩაიდო ინვესტიციები, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო „შექცეული ნაკადი“ – მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა, გაზი ზემოთ ამოიტყორცნოს და არა მარტო ნახევარკუნძულზე – ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებითაც. ამასთან, 2000 წლების დასაწყისიდან იტალიაში რეგაზიფიკაციის (რეგაზიფიკაცია: -162 გრადუს ცელსიუსამდე გაცივებით გათხევადებული ბუნებრივი აირის გათბობის შედეგად ის ისევ აირად გარდაიქმნება) ქარხნების რაოდენობა 3-მდე გაიზარდა: ლა სპეციის ისტორიულ ქარხანას კიდევ ორი – რავენის და ლივორნოს რეგაზიფიკაციის ქარხნები დაემატა, სადაც ტრანსპორტირებული გათხევადებული ბუნებრივი გაზი გადამუშავდება და ქსელში გაეშვება.
ბოლო დეტალი – ქსელში გაშვება გასული წლის ბოლოს გახდა შესაძლებელი, როცა ამუშავდა Tap-ი (ტრანსადრიატიკული გაზსადენი), რომელმაც აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ საბადოზე მოპოვებული გაზი გაატარა.
წელიწადში 10 მილიარდი კუბომეტრის სიმძლავრის გაზსადენმა იტალიის ბაზარზე ნედლეულის მიწოდება გაზარდა, რამაც საბოლოო ჯამში უზრუნველყო გაზის ფასის შემცირება ჩრდილოეთ ევროპის ბაზრის ფასებამდე.
აქედან ცხადი ხდება, თუ რატომ იყიდა საფრანგეთმა ბოლოს 2-ჯერ გაზი იტალიისგან – აქაური გაზის ფასი ნაკლებია.
რა შუაშია საქართველო?
45 მილიარდი ევროს ღირებულების ტრანსადრიატიკული გაზსადენი ევროკავშირის სტრატეგიული პროექტია, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულებას შეამცირებს. TAP-ი ბოლო მონაკვეთია „გაზის სამხრეთი დერეფნისა“, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული „შაჰ-დენიზის“ საბადოზე მოპოვებული ბუნებრივი აირი საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის, ალბანეთის გავლით, იტალიის სამხრეთში მიეწოდება, იქიდან კი უკვე არსებული გაზსადენი სისტემების მეშვეობით ევროკავშირის სხვა ქვეყნებში განაწილდება.
აზერბაიჯანული გაზის მიწოდება „შაჰ-დენიზის“ საბადოდან ევროპაში ტრანსადრიატიკული გაზსადენით (TAP) 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი გაზის ექსპორტირება ევროპულ ბაზარზე მილსადენებით განახორციელა.
TAP AG-ის კონსორციუმმა 2020 წლის 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ ტრანსადრიატიკული გაზსადენის (Trans Adriatic Pipeline/TAP) მშენებლობა დასრულდა. გაზსადენი კიპოის (ქალაქი საბერძნეთში) ტერიტორიაზე (თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან) ტრანსანატოლიურ მილსადენს (TANAP) უერთდება. TAP-ის საერთო სიგრძე 878 კმ-ია, საიდანაც 550 კმ გადის საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, 215 კმ – ალბანეთის ტერიტორიაზე, 105 კმ – ადრიატიკის ზღვაში (ოფშორული ზონა) და 8 კმ – იტალიის ტერიტორიაზე.
TAP-ი არის გაზის სამხრეთი კორიდორის ევროპული ნაწილი – Trans Adriatic Pipeline-ი აგრძელებს „ჯაჭვს“: სამხრეთკავკასიური გაზსადენი (ბაქო – თბილისი – არზრუმი; 2006 წ.; სიგრძე – 970 კმ: 442 კმ – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 248 კმ – საქართველოს ტერიტორიაზე და 280 კმ საქართველო-თურქეთის საზღვრიდან არზრუმამდე) + ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP, თურქეთი, სიგრძე – 1841 კმ; მშენებლობა დასრულდა 2019 წლის ზაფხულში).
გაზის სამხრეთი კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული „შაჰ-დენიზის“ საბადოს ბუნებრივი გაზის მიწოდებას თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. ის ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში – საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთკავკასიური მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა, საქართველომ ყოველწლიურად მიიღოს გატარებული გაზის მოცულობის 5%-მდე. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტრაქტი ძალაშია 2026 წლამდე და ამ კონტრაქტით საქართველო ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე ბუნებრივ აირს მიიღებს.
სრული წარმადობით ამუშავებისა და განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულების შემდეგ გაზსადენი წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ აირს გაატარებს.
სამხრეთკავკასიური მილსადენის (ბაქო-თბილისი-არზრუმი) მშენებლობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმავე დერეფანში გადის, რომელშიც BTC მილსადენი, 2006 წელს დასრულდა. BTC (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი) ნავთობსადენის მსგავსად, ისიც მიწაშია ჩაფლული.
„ისტორული პროცესი“
„ყველა მონაწილე ვართ მართლაც ისტორიული პროცესისა, როდესაც რეალური გახდა ჩვენი და რეგიონის ქვეყნების საუკუნოვანი ოცნება, რომ საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება კასპიური გაზი. უკვე მოქმედებაშია არა მხოლოდ სამხრეთკავკასიური ნაწილი, რომელსაც თავისი სიკეთე მოაქვს საქართველოსთვის, არამედ „შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის შემდეგ, წარმატებით გაეშვა ტანაპის პროექტი და ახლა უკვე, ბოლოს, ტრანსადრიატიკის მილსადენი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 11 თებერვალს განაცხადა სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობისას, რომელიც წელს ონლაინფორმატში ჩატარდა.
„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მომავალ, კიდევ უფრო საინტერესო განვითარებაზე, თუნდაც, თურქმენეთის მონაწილეობაზე ამ ინიციატივაში. ასევე საუბარია ახალ მოცულობებზე, ახალ საძიებო სამუშაოებზე, რასაც აწარმოებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო აზერბაიჯანი. ასევე ვსაუბრობთ ამ დერეფნისა და მილსადენების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაზე და ამაში სხვა ევროპული ქვეყნების, მაგალითად, ბალკანეთის ქვეყნების ჩართვაზე“, – აღნიშნა თურნავამ.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის ასევე მთავარი სიკეთეა „შაჰ-დენიზიდან“ ე.წ. „უფასო გაზის“ გაზრდილი მოცულობები, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას განამტკიცებს.
მსოფლიო დონეზე კი ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც აშშ გერმანიას მოუწოდებს, დაბლოკოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა; ამავეს მოითხოვს, აგრეთვე, საფრანგეთიც, თუმცა გერმანია და ავსტრია ამ პროეტის დაბლოკვისგან თავს იკავებენ. მთავარი არგუმენტი ამ გაზსადენის წინააღმდეგ ის არის, რომ რუსეთი თავის ენერგორესურსებს ევროპაში პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამდენად, გაზის სამხრეთი კორიდორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპისთვის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად.
ნინო ხოშტარია
კომენტარები