მსოფლიოში ყოველდღე ათასობით უბედური შემთხვევა ხდება. ასეთი შემთხვევების შედეგად ადამიანები იღუპებიან, იღებენ მძიმე დაზიანებებს, კარგავენ კიდურებს და უამრავ მათგანი იძულებულია ხელების ან ფეხების გარეშე იცხოვროს, მაგრამ ზოგჯერ თანამედროვე მედიცინა მათ დაკარგული სხეულის ნაწილების აღდგენაში ეხმარება.
ახლახან ფრანგმა ქირურგებმა სხეულის ნაწილების ტრანსპლანტაციის სფეროში დიდი გარღვევა მოახდინეს. მათ დონორის ხელების ტრანსპლანტაცია შეძლეს. ახალგაზრდა მამაკაცს ხელები სრულად ჰქონდა ამპუტირებული.
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მამაკაცი ახალი ცხოვრების დაწყებაზე ოცნებობს.
საოცარი ქირურგიული მიღწევის შესახებ ბრიტანული „გარდიანი“ წერს. პირველი ადამიანი, რომელზეც ხელების სრული გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა, 48 წლის ფელიქს გრეტარსონია. მამაკაცმა დაახლოებით 23 წლის წინათ საწარმოო ტრავმის შედეგად ორივე ხელი დაკარგა.
უბედური შემთხვევის შემდეგ ის ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და ნარკოტიკებს მიეძალა. მამაკაცმა ასე იცხოვრა 4 წელი, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ ახალი ცხოვრებისთვის ებრძოლა. წლების შემდეგ კი გამოჩნდა ტრანსპლანტაციის შანსი, რასაც ის დიდი ხნის მანძილზე ელოდა. ბოლოს კი გაკეთდა ნანატრი ოპერაცია, რომელიც 14 საათი გრძელდებოდა და ქირურგების 50-კაციანი ჯგუფი მონაწილეობდა.
ექიმების თქმით, ახლა საჭიროა შეფასდეს პაციენტის ახალი კიდურების მობილობა. შესაძლებელია პაციენტმა ვერ შეძლოს ახალი ხელების სრულად კონტროლი, თუმცა თუ მან გარკვეული მანიპულაციების შესრულება მოახერხა, ეს უზარმაზარ წარმატებად ჩაითვლება.
ეს ხელის ტრანპლანტაციის პირველი შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც სრულად ამპუტირებული ხელების გადანერგვა გახდა შესაძლებელი.
დონორის ხელების ტრანსპლანტაციის კიდევ ერთი კარგი მაგალითია ზაიონ ჰარვის მაგალითი. მას ოპერაცია შედარებით დიდი ხნის წინათ გაუკეთეს და უკვე ცნობილია, რომ პაციენტი აქტიურ ცხოვრებას ეწევა და თითქმის არაფრით იზღუდავს თავს.
ექიმების თქმით, ტრანსპლანტაციიდან ერთი წლის შემდეგ ბავშვს ხელში სხვადასხვა ნივთის დაჭერა შეეძლო. მოგვიანებით შეძლო წერაც და დამოუკიდებლად საკვების მიღებაც.
იყო მომენტები, როდესაც მისი სხეული უცხო ორგანიზმის უარყოფას ცდილობდა, მაგრამ ეს პრობლემები წარსულს ჩაბარდა. დღეს იგი აქტიურ ცხოვრებას ცხოვრობს.
primetime.ge
კომენტარები