იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, სანდრა ძამპას ინფორმაციით, იტალიაში კოლექტიური იმუნიტეტის ფორმირება სექტემბერ-ოქტომბრისთვის მოხდება, – ამ დროისთვის უკვე აცრილი უნდა იყოს მოსახლეობის 70%.
თუ იმუნიზაციის გეგმა წარმატებით განხორციელდება, ეს მიზანი მიიღწევა, – განუცხადა ძამპამ 27 იანვარს Affari italiani-ს.
იტალიის წამლის კონტროლის სააგენტოს (Aifa) ხელმძღვანელის, ჯორჯო პალუს თქმით კი, მიმდინარე წლის განმავლობაში კოლექტიური იმუნიტეტის შექმნა მიღწევადი მიზანია, აგრეთვე, სხვა ვაქცინების წყალობით, რომლებიც გამოჩნდება – როგორიცაა: რუსული Sputnik-ი, ჩინური კომპანია Sinovac-ის და ამერიკული Johnson & Johnson-ის ვაქცინები. ამის შესახებ „ლა რეპუბლიკა“ წერს.
პალუს თქმით, კოლექტიური იმუნიტეტის შექმნა დამოკიდებულია ვაქცინის ეფექტიანობასა და კონტაგიოზურობის ინდექს R0-ზე. „არსებული შეფასებებით, – აღნიშნა მან, – საჭიროა, რომ აცრილი იყოს მოსახლეობის 65%, რათა დაცულნი იყვნენ ისინიც, ვისაც აცრა არ შეუძლია და მივაღწიოთ 40 მლნ-მდე ვაქცინირებულს… ჩვენ შეგვიძლია შემოდგომისთვის ეს გავაკეთოთ, ჩვენ კარგად ვართ აღჭურვილნი. ვფიქრობ, რომ რეგიონები ძალიან ეფექტიანად მუშაობენ როგორც ვაქცინაციის უბნების მოწყობის, ისე პერსონალის შეკრების მხრივ“.
ისრაელი კი კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევას უკვე მარტის ბოლოსთვის გეგმავს. ძამპას თქმით, ისრაელში 9 მლნ-მდე ადამიანი ცხოვრობს, იმდენი, რამდენიც დიდ იტალიურ რეგიონში და იტალიის და ისრაელის შედარება ამ მხრივ არ შეიძლება.
ცნობისათვის: იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 15 204 ახალი შემთხვევა დადასტურდა და მთლიანობაში შემთხვევების რაოდენობამ 2,5 მილიონს გადააჭარბა (2 501 147); გარდაიცვალა კიდევ 467 პაციენტი და გარდაცვლილთა რიცხვმა 86 889-ს მიაღწია. მაღალია გამოჯანმრთელების მაჩვენებელიც, რომელიც 2 მილიონს უახლოვდება (1 936 289). ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმედ ფასდება 2352 პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში არიან მოთავსებულნი.
ნინო ხოშტარია
კომენტარები