ესპანეთი „ციმბირული“ დიდთოვლობითაა პარალიზებული – არიან გარდაცვლილები (ვიდეო)
ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დიდთოვლობის, ყინვისა და ძლიერი ქარის გამო მადრიდსა და რვა პროვინციაში საფრთხის ყველაზე მაღალი, წითელი დონე გამოაცხადა. მედიის ცნობით, ესპანეთში შტორმ „ფილომენას“ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
შტორმმა „ფილომენამ“ და დიდთოვლობამ ტრანსპორტის გადაადგილება შეაფერხა: შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა, დაიხურა აეროპორტები, მათ შორის, მადრიდის აეროპორტი, 400 ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია.
დიდთოვლობის გამო გზებზე მანქანებით ჩარჩენილი ასობით ადამიანის დასახმარებლად ქვეყნის ხელისუფლებამ სამხედრო მაშველები გაგზავნა. .
შაბათს, 9 იანვარს მადრიდმა თოვლის საბურველში გახვეულმა გაიღვიძა – ბოლო ათწლეულების განმავლობაში ესპანეთის დედაქალაქში ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა.
დიდთოვლობამ დედაქალაქის პარალიზება გამოიწვია. ქუჩაში გამოსული ავტრანსპორტი და მოქალაქეები სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
იმის გამო, რომ ესპანელი მძღოლების თოვლში მოძრაობას მიუჩვევლები არიან, უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, წარმოიქმნა გიგანტური საცობები. ხელისუფლება იძულებული იყო დაეხურა უამრავი საავტომობილი გვირაბი. ამის გამო ბევრი მძღოლი და მგზავრი სახლში ვერ დაბრუნდა.
დედაქალაქში ცოტაა სპეციალური ტექნიკა, რომელიც ქუჩებს თოვლის გროვებისგან გაწმენდდა. მოყინული ქუჩების უსაფრთხოებისათვის ხელისუფლებას მარილისა და ქვიშის ისეთი მცირე მარაგი აღმოაჩნდა, რომ ცენტრალურ რაიონსაც არ ეყო.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ფერნანდო გრანდე მარლასკას განცხადებით, ესპანეთში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი შტორმია. მთავრობა მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები