„სანატორიას დადებითი პასუხის მოლოდინში კოვიდ-დადებითი აღმოვჩნდი“, – 25 წლის ანანო იტალიიდან
ანანო 22 წლის იყო, იტალიაში ემიგრაციაში რომ წავიდა მარტო, მას შემდეგ უკვე 3 წელია, მილანში ცხოვრობს. ახლა იგი ერთ-ერთ იტალიურ ოჯახში მუშაობს და სამ ბავშვს უვლის – სკოლაში დაყავს, ეხმარება დავალებების მომზადებაში, ასეირნებს, ათამაშებს და სხვ. დილაობით ვარჯიშობს – მდინარის გასწვრივ დარბის.
ანანო თავიდან სოციალურ ქსელში გავიცანი ქართველი ბიჭის, გიორგის დახმარებით, რომელიც მილანში ერთ-ერთ ბარში მუშაობს მიმტანად – ანანო ამ ბარის ხშირი სტუმარი იყო. მივწერე, რომ ჟურნალისტი ვარ, მეც საბუთებს ვაკეთებ და შეგვეძლო ინფორმაცია გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის. ერთხელაც კაფეში შევხვდით ყავაზე და სასიამოვნო დრო გავატარეთ ერთად. მას შემდეგ პერიოდულად ვხვდებით, ვსაუბრობთ, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს ამბებს, ინფორმაციას; გარეგნულადაც ვგავართ და ხშირად დები ვგონივართ ხოლმე.
ერთ-ერთი ასეთი გულახდილი საუბრისას ანანომ მომიყვა, რომ ყოველთვის ოცნებობდა ადვოკატი გამხდარიყო, თუმცა ოჯახის კატეგორიული მოთხოვნას დაჰყვა და სამედიცინოზე ჩააბარა. სწავლა დაიწყო, მაგრამ ამ სფეროსადმი მისი ინტერესი არასდროს გაღვივებულა.
სტუდენტობისას ერთ ზაფხულს არდადეგები იტალიაში, კერძოდ, სიცილიაზე გაატარა და იმდენად მოხიბლა იტალიამ და დამოუკიდებლობამ, რომ დიდხანს არ უფიქრია, გადაწყვიტა, დარჩენილიყო და თავისი ცხოვრება ამ ქვეყნისთვის დაეკავშირებინა. უნდოდა, ფინანსურადაც დამოუკიდებლად დამდგარიყო ფეხზე და მუშაობა დაიწყო იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ბავშობის ოცნებას აიხდენდა და იტალიაში უნივერსიტეტში ჩააბარებდა იურიდიულ ფაკულტეტზე.
რა თქმა უნდა, ანანოს ლეგალურად მუშაობის საშუალება არ ჰქონდა და, როგორც ქართველი ემიგრანტების უმეტესობა, ისიც არალეგალურად მუშაობდა; ამ სამი წლის განმავლობაში საბუთების გაკეთების შესაძლებლობა არ მისცემია, მხოლოდ მიმდინარე წლის გაზაფხულზე იტალიის მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ (რომელშიც გაერთიანდა, აგრეთვე, ოჯახში და სასოფლო-სამეურნეო სფეროში არალეგალურად მომუშავე მიგრანტების ლეგალიზაციის კანონი, ე. წ. „სანატორია“) მისცა შესაძლებლობა, განაცხადი შეეტანა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად. შესაბამისად, ანანოს, ისევე როგორც სხვა არალეგალურ ემიგრანტებს, საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესების იმედიც გაუჩნდა და, რაც მთავარია, მისი ჩანაფიქრისკენ მიმავალი „კიბის საფეხურებიც“ რეალურად გამოჩნდა.
სასიხარულო სიახლე ანანომ ტელევიზიიდან გაიგო და თავის დამსაქმებელს უთხრა ამის შესახებ. ბავშვების მამა, წარმატებული ადვოკატი, დაწვრილებით გაერკვა „სანატორიას“ პირობებში და გადაწყვიტა, გოგონას საბუთების გაკეთებაში დახმარებოდა.
ანანოსთვის „სანატორიას“ პროცესი 2020 წლის 27 ივლისს დაიწყო (განაცხადის შეტანის ვადა 15 აგვისტომდე იყო): პირველ ეტაპზე განაცხადი შეავსეს, რომლის წარდგენასთან ერთად 500 ევროს გადახდა მოუწია (16-ევროიანი marca da bollo-ს ჩათვლით); შემდეგ მეილზე ციფრული ფისკალური კოდი (იტ. „კოდიჩე ფისკალე“) მოვიდა და 12 ოქტომბერს კონტრაქტიც გაფორმდა მასა და მის დამსაქმებელს შორის, თუმცა ლეგალიზაციის პროცესი, რა თქმა უნდა, ამით არ დასრულებულა: ყველაზე მთავარი წინაა – შესაბამისი უწყებიდან პასუხს ანანო ჯერ კიდევ ელოდება.
პასუხი თუ დადებითი იქნება, ანანო იტალიაში ლეგალურად ყოფნის და მუშაობის უფლებას მიიღებს და მისი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვლება უკეთესობისკენ, უარის შემთხვევაში კი, როგორც კანონი განსაზღვრავს, დამსაქმებელი ვალდებულია, ანანოს დეპორტაციისთვის საჭირო თანხა გადაიხადოს.
სამწლიანი უსაბუთო და დამოუკიდებელი ცხოვრების შემდეგ ანანოს შიში სრულიად გაუქრა, იგი მხოლოდ დადებით პასუხს ელოდება!.. თუმცა მსოფლიო პანდემიამ და იტალიაში კორონავირუსის მეორე ტალღამ ეს პროცესი კიდევ უფრო ხანგრძლივი და ბურუსით მოცული გახადა… და „სანატორიას“ დადებითი პასუხის მოლოდინში, იგი ერთ დღესაც „ კოვიდ-დადებითი“ აღმოჩნდა.
„პანდემიის გამო ბევრი რამის გაკეთება გამიჭიანურდა, საბუთების პასუხზე ადრე კოვიდის დადებითი პასუხი მივიღე და უკვე თვეზე მეტია, ბავშვებთან სამუშაოდ ვერ მივდივარ. ოჯახის ექიმის აყვანის საშუალება ამ ეტაპზე ჩემთვის არ არის შესაძლებელი, ამიტომ ჯერ კიდევ კერძო ექიმთან მიწევს სიარული“, – მითხრა ანანომ მესენჯერით საუბრისას.
ეს კი, ცხადია, საკმაო თანხებთანაა დაკავშირებული.
„ყველაფერი კონტრაქტის დადებიდან მეორე დღეს დაიწყო, როგორც კი დამაცემინა, გადავწყვიტე, სახლში დავრჩენილიყავი და ბავშვებისგან შორს დამეჭირა თავი. ვსვი ნუროფენის ტაბლეტები და ტაკიპირინი, 5 დღის მერე დამეწყო გრძნობის დაკარგვა, სასუნთქი გზების ჩაკეტვა, ყნოსვის და გემოს დაკარგვა, ფილტვების წვა, თირკმელების ტკივილი… სამი დღის განმავლობაში ვიყავი რთულ მდგომარეობაში, 12 დღის მერე წავედი კერძო ექიმთან, რომელმაც გამიკეთა სწრაფი ტესტი. ტესტმა აჩვენა, რომ კოვიდი გადატანილი მქონდა. ექიმმა მირჩია, გამეკეთებინა პისიარ ტესტი; ასეც მოვიქეცი, 4 დღის შემდეგ გამიკეთეს „ტამპონი“ (იტ. ტესტი – ც. ხ.) ცხვირიდან, თანხა ჩემმა დამსაქმებელმა ოჯახმა გადაიხადა, პასუხი მოვიდა 24 საათში და დადებითი იყო. დამირეკა კლინიკიდან ექიმმა, თვითიზოლაციაში უნდა ვყოფილიყავი.
შემდეგ გავიკეთე მეორე „ტამპონი“. ეს ყველაფერი 250 დაჯდა და კიდევ ერთი „ტამპონი“ მჭირდება“, – მითხრა ანანომ.
მისი ზოგადი სიმპტომები იყო: თავის და თვალბუდეების ტკივილი, ცხვირში გაჭედვა, მშრალი ხველა, სიცხე 37,5, გემოს შეგრძნების და ყნოსვის დაკარგვა, ფილტვების წვა, თირკმელების ტკივილი.
ანანომ არ იცის, იმ პერიოდისთვის, როდესაც მუშაობა ვერ შეძლო, ოჯახი რა თანხას გადაუხდის და გადაუხდის თუ არა საერთოდ: „მთავარია, რომ დანაზოგი მაქვს და თავსაც უფრო მშვიდად ვგრძნობ“.
შეკითხვაზე, თუ რა მოლოდინები აქვს და მომავალზე რას ფიქრობს, სევდაშეპარული ხმით მიპასუხა:
„არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, კოვიდის გამო მთელი მსოფლიო შეჩერებულია, ოცნებებიც ლოქდაუნშია…“
ციცი ხაბელაშვილი
p. s. საბედნიეროდ, ანანო სრულად გამოჯანმრთელდა, მესამე ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. დილაობით ისევ დაიწყო ვარჯიში სუფთა ჰაერზე და უკვე რამდენიმე დღეა, სამუშაოზეც გავიდა. ჯერჯერობით ოჯახს გაცდენილი დროისთვის ანაზღაურება არ გადაუხდია, თუმცა ანანო ამაზე არ წუწუნებს და ახლა მხოლოდ „სანატორიას“ დადებით პასუხს ელოდება.
კომენტარები