იტალიასაზოგადოება

იტალია: სუპერმარკეტის დირექტორმა პროდუქტები თავად უყიდა კაცს, რომელიც პურის მოპარვას ცდილობდა

მილანში სუპერმარკეტ Carrefour-ის დირექტორმა მამაკაცს, რომელიც პურის მოპარვას ცდილობდა, პროდუქტები საკუთარი ფულით უყიდა. ამის შესახებ „კორიერე დელა სერა“ წერს

ინციდენტი ორშაბათ საღამოს (9 ნოემბერი) მოხდა მილანში, კორსო ლოდიზე მდებარე სუპერმარკეტში. ერთ-ერთმა მომხმარებელმა პური და რამდენიმე პროდუქტი ქურთუკის ქვეშ დამალა და შეეცადა, ისე დაეტოვებინა მაღაზია, რომ საფასური არ გადაეხადა, თანამშრომლებმა შეამჩნიეს და დაუყოვნებლივ შეატყობინეს დაცვას და მაღაზიის დირექტორს, თუმცა როდესაც დირექტორმა ნახა, რის მოპარვას ცდილობდა მამაკაცი, გადაწყვიტა, საქმეში პოლიცია არ ჩაერია. ამის ნაცვლად მან თავად უყიდა მამაკაცს პროდუქტები და სთხოვა, რომ სხვა დროს აღარ ექურდა: „თუ მშიერი იქნები, შემდეგისთვის ჩემთან მოდი“, – უთხრა მან მამაკაცს.

ამ ისტორიის შესახებ ერთ-ერთმა ქალმა დაწერა ფეისბუქში, რომელიც შემთხვევას შეესწრო. ქალმა მადლობა გადაუხადა სუპერმარკეტის დირექტორს ადამიანური საქციელისთვის. პოსტის კომენტარებში სოციალური ქსელის უამრავმა მომხმარებელმა მოიწონა ჰუმანური ჟესტი, მათ სოლიდარობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი ამ რთულ დროებაში.

გამოცემა სუპერმარკეტის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც ფაქტი დაადასტურა. ერთ-ერთმა მოლარემ „კორიერე დელა სერას“ უთხრა, რომ ასეთი ფაქტი არაერთხელ მომხდარა და რომ ისინი ცდილობენ, მცირედით მაინც დაეხმარონ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ. თავად დირექტორმა ფაქტის კომენტირება არ ისურვა და Carrefour-ის იტალიური წარმომადგენლობის პრესსამსახურის მეშვეობით განმარტა, რომ „ეს სოლიდარობის უბრალო ჟესტია, რომლის გამოქვეყნება საჭირო არ არის“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close