საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ სატელევიზიო მიმართვისას საფრანგეთის კონტინენტურ ნაწილში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა და განმარტა, რომ აკრძალულია ადამიანების გადაადგილება ქვეყნის რეგიონებს შორის. როგორც მოსალოდნელია, შემზღუდავი ზომები ძალაში, მინიმუმ, პირველ დეკემბრამდე იქნება.
„გადავწყვიტე, რომ მომავალი პარასკევიდან [30 ოქტომბერი, 2020] აუცილებელია კარანტინის დაწესება, რათა ვირუსის გავრცელება შევაჩეროთ“, – განაცხადა ქვეყნის მეთაურმა და დასძინა, რომ ადამიანებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, სამუშაოზე წასვლისას და სამედიცინო მომსახურების მისაღებად. სახლიდან გამოსვლამდე საჭირო იქნება სპეციალური ფორმის შევსება, როგორც პირველი ლოქდაუნის დროს.
პირადი მიზნებისთვის სახლიდან გასვლა დაშვებული იქნება დღეში ერთი საათით და საცხოვრებელი ადგილიდან მაქსიმუმ 1 კმ-ის რადიუსში.
დაიკეტება ბარები და რესტორნები, აგრეთვე, არაპირველხარისხოვანი აუცილებლობის ობიექტები.
არ იკეტება საბავშვო ბაღები, სკოლები, კოლეჯები და ლიცეუმები; უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
მაკრონის თქმით, ვირუსის ამ ტემპით გავრცელების შემთხვევაში სამედიცინო სისტემა ვერ გაუძლებს დატვირთვას. ამ დროისთვის საავადმყოფოებში საწოლების 58% უკვე შევსებულია და თუ ინფექცია ამ ტემპით გავრცელდება, ნოემბრის შუა რიცხვებში რეანიმაციის განყოფილებებში 9 000-მდე ავადმყოფი იქნება მოთავსებული, რაც ნიშნავს, რომ საფრანგეთში არსებული რეანიმაციული საწოლები თითქმის სრულად შეივსება. საფრანგეთს მოუწევს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად „მკვეთრი დამუხრუჭება, რათა ექიმებს არ დადგნენ არჩევანის წინაშე, თუ ვის მოათავსებენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, კოვიდინფიცირებულს თუ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ პაციენტს“. ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა, მაგრამ ჯოგურ იმუნიტეტს ვერ დაელოდება ქვეყანა, რადგან ასეთ შემთხვევაში, სპეციალისტთა გათვლით, 400 ათასი ადამიანი დაიღუპება.
„ჩვენთვის არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ახალი წესები შემოდის იმისთვის, რომ სერიოზული შედეგები არ მოჰყვეს კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღას, რომელიც შეიძლება უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე პირველი ტალღა.
მაკრონი იმედოვნებს, რომ ოჯახები შობის ერთად აღნიშვნას შეძლებენ.
გასული 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსისგან 527 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 235 – მზრუნველობის სახლებში და არა – საავადმყოფოში.
კომენტარები