ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

ეკა სიხარულიძე – „ვაჟა“ ჩემთვის მეორე საქართველოა

ესპანეთში მცხოვრები ქართველი მხატვრის „ვაჟა-ფშაველას პორტრეტი“ ლუვრში გამოიფინება

ქართველი  მხატვრის, ეკატერინე სიხარულიძე-ჯიბუტის  მიერ შექმნილი „ვაჟა-ფშაველას პორტრეტი“ 23 ოქტომბრიდან, სამი დღის განმავლობაში, ლუვრის მუზეუმის გალერეაში უნდა გამოფენილიყო. „არ ვიცი როგორ გადმოგცეთ ის სიხარული, რასაც ახლა განვიცდი… ალბათ ძალიან ბევრისთვის ოცნებებშიც მიუწვდომელზე მიუწვდომელი იყო ან არის…  მაგრამ ოცნება რეალობად ვაქციე… მეამაყება, რომ მალე „ვაჟას“ იხილავს პარიზის ელიტა“, – დაწერა სოციალურ ქსელში მხატვარმა.

სამწუხაროდ, პანდემიის მეორე ტალღის გამო გამოფენა გადაიდო, ამის შესახებ ეკა სიხარულიძეს რამდენიმე დღის წინ აცნობეს. „დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გამო გადაიდო, როდის ჩატარდება უცნობია, მაგრამ აუცილებლად ჩატარდებაო“, – გვითხრა ქალბატონმა ეკამ.

თვითნასწავლი მხატვრის, ეკატერინე სიხარულიძის ნამუშევრები მსოფლიოს ცნობილ გალერეებში ადრეც გამოფენილა, მაგალითად, „პრადოში“, მადრიდში. იგი უკვე 10 წელია ესპანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, არის არაერთი ჯილდოსა და დიპლომის მფლობელი, 2018 წელს წარმატებულ ემიგრანტ ქალად დასახელდა.

Nostal. ge ეკა სიხარულიძეს ესპანეთში დაუკავშირდა. ჩვენი ინტერვიუ მანამდე ჩაიწერა, სანამ გამოფენის გადადების შესახებ გახდებოდა ცნობილი.

ქალბატონო ეკა, პირველ რიგში, გილოცავთ ამ წარმატებას – ლუვრი ალბათ ნებისმიერი მხატვრის ოცნებაა. საინტერესოა, როგორ შეარჩიეს თქვენი „ვაჟა-ფშაველას პორტრეტი“ მსოფლიოში ყველზე სახელგანთქმულ მუზეუმში გამოსაფენად?

დიდი მადლობა მოლოცვისთვის. რაც შეეხება ჩემი „ვაჟას“ ლუვრის მუზეუმის გალერეაში გამოფენას, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ესპანეთში ცნობილ კურატორს ვიკტორია დე ლა სერნას უკავშირდება. იგი წელს, 18 სექტემბერს გავიცანი ჩემს  გამოფენაზე, რომელიც გალერეა  Imaginarteში მქონდა, მაშინ დაინტერესდა ჩემი ნამუშევრებით, გაეცნო და შემდეგ მითხრა, რომ ტარდებოდა ნახატების შერჩევა კოლექტიური გამოფენისთვის ლუვრის მუზეუმში და თუ დავაკმაყოფილებდი მათ მოთხოვნას, მეც შემეძლო მონაწილეობა.

გადავუგზავნე ყველაფერი, რაც მომთხოვეს, თავისი თარიღებით, სიგელებითა და დამსახურებებით, ძალიან მოეწონათ და შემდეგ მთხოვეს პატარა ფორმატის ტილო. მიუხედავად იმისა, რომ  „ვაჟა“ პატარა ფორმატის არ არის, იმდენად მოეწონათ, რომ გამონაკლისი დაუშვეს და დაამტკიცეს. გამოფენის სახელწოდებაა „Art shopping Carrousel du Louvre“.

აქვე გეტყვით, რომ „ვაჟა“ როლანდ ხოჯანაშვილის ერთ-ერთი სტატიის წაკითხვის შემდეგ, შთაგონებით  დავხატე. ნახატი ერთი ამოსუნთქვით შევქმენი.

და როგორც ვიცი, მალევე გამოიფინა  მადრიდში, გალერეა „პრადოში“ …

დიახ, „ვაჟა“ პირველად გალერეა „პრადოში“ გამოიფინა ჩემს მეორე ტილოსთან („ჩემი რაჭა“) ერთად.

ხატვა  ესპანეთში დაიწყეთ თუ ბავშვობიდან ხატავთ?

ბავშობიდან  ვხატავ. ხატვა იმდენად მიყვარდა, ჩემი თავი სხვა სფეროში  ვერც კი წარმომედგინა. შემდეგ გარკვეული წლები შევჩერდი, არაფერი დამიხატავს, მაგრამ იმედი არასოდეს დამიკარგავს, რომ როდესმე გავაგრძელებდი ჩემს საყვარელ საქმეს.

ფაქტია, რომ გააგრძელეთ…

დიახ, აქ, ესპანეთში გავაგრძელე. მთავარია მიაგნო იმას, ყველაზე მეტად რაც შენშია და გააგრძელო, არ შეჩერდე, გაიღრმავო ცოდნა, გამოიყენო ყველა ძალა და მონდომება.

ესპანეთში წასვლამდე საქართველოში არ მიგიღიათ გამოფენაში მონაწილეობა?

არა, საქართველოში არანაირ გამოფენაში არ მიმიღია მონაწილეობა. ამ ეტაპზე კი უკვე 65 გამოფენა  მქონდა.

მათ შორის, ალბათ პერსონალურიც

რა თქმა უნდა. პერსონალური გამოფენა ბარსელონაში მქონდა, რომელიც ჩემს ბიძას, უნიჭიერეს მხატვარს, ოთარ დოლიძეს მივუძღვენი. გამოფენას უამრავი ხალხი ესწრებოდა, როგორც ქართველები, ისე ესპანელები.

გამოფენის ფარგლებში ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქ. ბარსელონაში წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლის  ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრებმა და წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიასთან არსებულმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა.

თუ არ ვცდები, ხატებიც გაქვთ დაწერილი, პატრიარქის პორტრეტიც  შექმენით…

როდესაც სამშობლოში იმყოფები, შესაძლოა ვერც კი აფასებდე ეკლესიას და სულიერი მამის როლს შენს ცხოვრებაში. უცხო მიწაზე,  სამშობლოს გარეშე დარჩენილი ემიგრანტი ყოველთვის ეძებს მშობლიურ გარემოს, რათა ცოტა ხნით შეიმსუბუქოს სამშობლოს მონატრება.

ქრისტიანული ცხოვრების გარდა, ქართველობის შენარჩუნებაში გვეხმარება ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.

ჩემით  ვერ გავბედავდი და ალბათ ვერც ვიფიქრებდი ხატების დაწერას, რომ არა ჩვენი მოძღვრის, არქიმანდრიტ ლუკა ფალავანდიშვილის კურთხევა. პირველი ხატი, რომელიც დავწერე, ეს იყო წმინდა ამბროსი (ხელაია) და წმინდა კირიონი, შემდეგ – ჯვარცმა, წმინდა გიორგი და ხელთუქმნელი.

რაც შეეხება პატრიარქის პორტრეტს, ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, ეს ტილო რომ შემექმნა. ამან ყველაზე მეტად იმოქმედა, ჩემი ცხოვრება და ბედი ეკლესიას რომ დაუკავშირდა. ჩემ მიერ დაწერილი ხატები – „ჯვარცმა“ და წმ. კირიონი და წმ. ამბროსი ბარსელონის წმინდა ნინოს ტაძარშია, ასევე, პატრიარქის ტილოც.

ხატვა გიმსუბუქებთ სამაშობლოს მონატრების განცდას და ტკივილს, რომელსაც ახლობლების სიშორით განიცდით? საერთოდ, რა არის ხატვა თქვენთვის?

ხატვა ჩემთვის აუხსნელი მოვლენაა, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველა საფეხურს თან ახლავს. დიდი სიყვარულის მატარებელს მხდის და  ასე მგონია, უფრო მეტად ვიხანგრძლივებ ცხოვრებას. ხატვა ჩემი დიდი სამყაროა, სადაც ჩემი ფერებით ვქმნი ჩემი თვალით დანახულ უცხო სამყაროს. ხატვის დროს თითქოს დრო ჩერდება და უსასრულობისკენ მივყავარ, რაც  ოდნავ მაინც მიმსუბუქებს ჩემი ოჯახისა და სამშობლოს დიდ მონატრებას.

მშობლიურ ქვეყანაში გამოფენის მოწყობა ალბათ სამომავლო გეგმებში გაქვთ…

სამშობლოში გამოფენის მოწყობა ერთ-ერთია ჩემი გეგმებიდან, დიდი სურვილი მაქვს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ახლოდან ნახოს ჩემი ტილოები და შეაფასოს.

მეუღლის დამოკიდებულება როგორია თქვენი შემოქმედების მიმართ?

ჩემმა მეუღლემ, ჩავი პრატმა ამ კუთხით დიდი როლი ითამაშა ჩემს შემოქმედებაში, მან შთამაგონა, რომ ხატვა გამეგრძელებინა, ყოველთვის გვერდით მიდგას და საქმიან რჩევებს მაძლევს. თავად არქიტექტორია, მაგრამ პროფესიით არ მუშაობს, თამბაქოს მაღაზია აქვს.

ხატვის პარალელურად თქვენ რას საქმიანობთ ესპანეთში?

ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოსთან არსებული სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრ „ჩემი ხელოვნების“ ხატვის პედაგოგი ვარ. პარალელურად ვმუშაობ თამბაქოს მაღაზიაში, მენეჯერად.

დაბოლოს, რა განცდა გაქვთ „ვაჟა-ფშაველას“ ლუვრში გამოფენამდე და რას ისურვებდით?

„ვაჟა“ ჩემთვის განსაკუთრებული და ყველაზე საუკეთესო ნაშრომია, რაც კი გამაჩნია, ის ჩემთვის მეორე საქართველოა.

ეს განცდა აუხსნელია, ყოველი მომდევნო დღე გამოფენამდე აღელვებულ ტალღას ჰგავს.

რას ვისურვებდი? რას და – ყველა ემიგრანტი დაბრუნებულიყოს გაძლიერებულ და გაბრწყინებულ საქართველოში!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close