fbpx
მედიცინამსოფლიო

აშშ-ში რემდესივირი ოფიციალურად დამტკიცდა, როგორც COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ანტივირუსული პრეპარატი რემდესივირი COVID-19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა სამკურნალოდ ოფიციალურად დაამტკიცა.

მწარმოებელი კომპანია „გილეადი“ აღნიშნავს, რომ ბაზარზე „ვეკლარის“ ბრენდული სახელით არსებული პრეპარატი ამჟამად COVID-19-ის სამკურნალო ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ტესტირების რთული პროცესის გავლის შედეგად დამტკიცდა.

მიუხედავად იმისა, რომ გადაუდებელი გამოყენების უფლება სხვა პრეპარატებსაც აქვს მიღებული, კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ გამოყენების უფლება მათ შეიძლება ჩამოერთვას.

COVID-19-თან საბრძოლველად ამჟამად სტეროიდულ პრეპარატ დექსამეტაზონსაც იყენებენ .

განცხადების შემდეგ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე „გილეადის“ აქციების ფასმა ოთხი პროცენტით მოიმატა.

„სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია მოწოდებულია, დააჩქაროს COVID-19-ის პრეპარატების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის პროცესი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არსებული უპრეცედენტო, გადაუდებელი მდგომარეობის პირობებში“, – ამბობს FDA-ს კომისარი სტივენ ჰანი.

მისივე განცხადებით, პრეპარატის დამტკიცებას მხარს უჭერს იმ მრავალი კლინიკური ცდის მონაცემები, რომლებიც სააგენტომ მკაცრად შეაფასა და წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო ეტაპს COVID-19-ის პანდემიაში.

რემდესივირი ინიექციით კეთდება და ერთ-ერთი პირველი პრეპარატი იყო, რომელმაც შედარებით იმედისმომცემი შედეგი აჩვენა კოვიდინფიცირებულ ზოგიერთ პაციენტში – შეამცირა გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დრო.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ დაუდასტურებელია მისი ეფექტიანობა სიკვდილიანობის შემცირების მხრივ.

მისი მიღება დაშვებულია 12 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისთვის, რომლებიც 40 კილოგრამზე მეტს იწონიან და რომლებსაც, COVID-19-ის სამკურნალოდ ჰოსპიტალიზება სჭირდებათ. პრეპარატის მიღება პაციენტისთვის მხოლოდ საავადმყოფოშია ნებადართული.

FDA-ს გადაწყვეტილებით, გადაუდებელ შემთხვევაში რემდესივირის მიღება დაშვებულია 12 წლამდე ბავშვებშიც, რომლებიც, სულ მცირე, 3,5 კგ-ს იწონიან.

პრეპარატი თავიდან ებოლის ვირუსული ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ შეიქმნა.

თებერვალში აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIAID) განაცხადა, რომ იწყებდა რემდესივირის ტესტირებას SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ, პათოგენის, რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს.

კვლევაში ათასზე მეტი ადამიანი იყო ჩართული და, აპრილში გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, პრეპარატზე მყოფი 31 ადამიანი უფრო მალე გამოჯანმრთელდა, ვიდრე ისინი, ვისაც პლაცებო ჰქონდა მიღებული.

გამომდინარე იქიდან, რომ რემდესივირის წარმოება კომპლექსურია და ადამიანს უფრო ინექციით უკეთდება, ვიდრე აბის სახით, გაჩნდა კითხვა, რამდენად მოხერხდებოდა საკმარისი რაოდენობით წარმოება-მიწოდება.

აშშ იმდენად დარწმუნებული იყო რემდესივირის წარმატებაში, რომ „გილეადის“ მიერ ზაფხულის განმავლობაში წარმოებული პრეპარატის მთელი პარტია შეიძინა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

1tv.ge

მსგავს თემზე: „გარღვევა კოვიდ-19-ის მკურნალობაში“ – იაფი და ხელმისაწვდომი ეფექტიანი საშუალება კორონავირუსის წინააღმდეგ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close