ცნობილია, რომ გასული წლის აგვისტოში სენსაციური ტრანსფერი განახორციელა საფრანგეთის ტიტულოვანმა კლუბმა „პარი სენ-ჟერმენმა“ (PSG), რომელმაც 222 მლნ ევროდ შეიძინა ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი. სატრანსფერო თანხამ ერთი წლით ადრე დამყარებულ რეკორდს ორჯერ გადააჭარბა. შთამბეჭდავია თავად ნეიმარის ხელფასიც – წელიწადში 30 მლნ ევრო. ბუნებრივია, ისმის კითხვა: რამდენად გამართლებულია ასეთი დანახარჯები საფეხბურთო კლუბებისთვის? ვფიქრობთ, ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ ნათელია – „პსჟ“ ვერასდროს შეძლებს ამ თანხის ამოღებას. შესაბამისად, იბადება შემდეგი ლეგიტიმური კითხვა: მაშ, რატომ ანიავებენ გუნდის მეპატრონეები ასეთ უზარმაზარ თანხებს?
„პსჟ-ს“ მაგალითი გამონაკლისი არ არის. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი ევროპული გუნდი შეიძინეს უცხოელებმა. ამას გარდა, მათი აქტიურობა სხვადასხვა საფეხბურთო პროექტის დაფინანსებაშიც გამოიხატება. განსაკუთრებით გამოირჩევიან რუსი და არაბი ინვესტორები.
რუსული „ევრიკა“
2003 წელს რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა, რომელიც წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას ჩუკოტკის გუბერნატორობას უთავსებდა, ლონდონის საკმაოდ მოკრძალებული გუნდი – „ჩელსი” 140 მლნ ფუნტ სტერლინგად შეიძინა, რაც მაშინ ინგლისურ ფეხბურთში უდიდეს გარიგებას წარმოადგენდა. პირველსავე წელს აბრამოვიჩმა ტრანსფერებში 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა. „ჩელსიმ“ მალე მიაღწია წარმატებებს, ხოლო აბრამოვიჩი ლონდონის რესპექტაბელური საზოგადოების წევრი და ინგლისელი ფეხბურთის მოყვარულების გმირი გახდა. ცხადია, აბრამოვიჩის საქციელმა დიდ ბრიტანეთში რუსეთის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასაც შეუწყო ხელი.
რუსი ოლიგარქის ნოუ-ჰაუს დამკვიდრების შემდეგ ლონდონში მდიდარი რუსები მომრავლდნენ. ბრიტანეთში გართობა და უძრავი ქონების შეძენა მათ საყვარელ საქმიანობად გადაიქცა. ბრიტანელებსაც საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ – რუსები მათ ეკონომიკაში ფულს აბანდებდნენ. თუმცა სულ მალე, 2006 წელს ლონდონში პოლონიუმით მოწამლეს რუსეთის უშიშროების ყოფილი ოფიცერი ლიტვინენკო, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მამხილებელი წიგნის გამო პუტინის რეჟიმს გაექცა. ყველასთვის ცხადი იყო, რომ თავხედური დანაშაულის უკან რუსეთი იდგა, მაგრამ… ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენელმა რიჩარდ ჰორველმა სასამართლოს საჯარო მოსმენაზე მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ მოსამართლეებს მიმართა: „უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, არის თუ არა ეს დანაშაული რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებული“.
ბრიტანეთის ხელისუფლება იძულებული იყო, თვალი დაეხუჭა რუსების თავხედობაზე. 2010 წელს რუსეთმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. შერჩევისას მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ინგლისი იყო. ბრიტანელებმა ბევრი იწუწუნეს, რომ რუსებმა ფიფას მაღალჩინოსნები მოისყიდეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. რუსეთმა გააგრძელა თავხედობა და დღეს, 2018 წლის მარტში ვხედავთ ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობის თაობაზე მიმდინარე სკანდალს. მართალია, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ამჯერად პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში, მაგრამ, 23 რუსი დიპლომატის გაძევებით შემოიფარგლა. საგულისხმოა, რომ სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით იყო ხმები აბრამოვიჩისთვის „ჩელსის“ შესაძლო ჩამორთმევის შესახებ, თუმცა… რუსი ოლიგარქი საკუთარი გუნდისთვის ახალ სტადიონს აშენებს, პროექტის ღირებულება კი 1 მლრდ ფუნტი სტერლინგია. ამით ახალი „სტამფორდ ბრიჯი“ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ სტადიონად იქცევა. სხვათა შორის, თავდაპირველად სტადიონის ასაგებად 500 მლნ ფუნტი სტერლინგი იყო გამოყოფილი. თანხა მოგვიანებით გაორმაგდა.
რუსეთის გერმანული „ფეხბურთი“
დიდი ბრიტანეთი არ არის ერთადერთი ევროპული სახელმწიფო, სადაც რუსეთი თავის პოლიტიკურ „ფეხბურთს“ თამაშობს. სახელწიფო კომპანია „გაზპრომი“, რომელიც ევროპას ბუნებრივი აირით ამარაგებს, აქტიურ სარეკლამო მოღვაწეობას ეწევა გერმანიასა და სრულიად ევროპაში. „გაზპრომი“ აფინანსებს ფიფას, უეფას, პოპულარულ გერმანულ საფეხბურთო კლუბ „შალკეს“. ეს ყოველივე ასობით მილიონი ევრო ჯდება. ამას გარდა, კომპანიის „სახეა“ ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი, ხოლო გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი პუტინმა სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ბორდის თავმჯდომარედ დანიშნა.
საგულისხმოა, რომ „გაზპრომის“ პროდუქცია საკმაოდ სპეციფიკურია ანუ მისი კლიენტები ჩვეულებრივი მოქალაქეები არ არიან. გაზმომარაგების საკითხებზე რუსეთის ხელისუფლება ევროპული სახელმწიფოების ხელმძღვანელობასთან ამყარებს ურთიერთობას. შესაბამისად, უცნაურად გამოიყურება კომპანიის რეკლამისთვის ასეთი ხარჯის გაწევა. …26 მარტს 22 ქვეყნის მთავრობამ, მათ შორის, გერმანიამ, 116 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო მეორე დღეს გერმანიის მთავრობამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ განხორციელების ნებართვა გასცა (!). ამ პროექტის რეალიზაციით რუსეთი მნიშვნელოვნად გაზრდის თავისი ენერგორესურსების ექსპორტს ევროპაში და, შესაბამისად, აგრესიული პოლიტიკის გასაგრძელებლად მატერიალურ საფუძველს განიმტკიცებს.
რუსეთის ბერძნული „ფეხბურთი“
რუსეთის სპორტულ-პოლიტიკური ინტერესების სფეროში საბერძნეთიც უნდა განვიხილოთ. ბერძნული წარმოშობის რუსმა ბიზნესმენმა ივან სავიდისმა 2012 წელს თესალონიკის „პაოკი“ შეისყიდა. აქ გასათვალისწინებელია, რომ თესალონიკში ყოფილი სსრ კავშირის ქვეყნებიდან ემიგრირებული ბევრი ბერძენი ცხოვრობს. ისინი სავიდისის ქველმოქმედებით ძალიან კმაყოფილები არიან. სავიდისი მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ბერძნულ ეკონომიკაში. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ რამდენიმე კვირის წინ მომხდარი სკანდალის მიუხედავად, როდესაც რუსი ბიზნესმენი საფეხბურთო მინდორზე იარაღით შეიჭრა, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია დღემდე ვერ ახერხებს „პაოკის“ წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღებას.
საინტერესოა, რომ სკანდალის შემდეგ სავიდისმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თურქეთთან ორი ბერძენი ჯარისკაცის გათავისუფლების საკითხზე შუამავლობა სთხოვა. საბერძნეთის მთავრობის მცდელობა ამ კუთხით დღემდე უშედეგოა. ევროპელი პარტნიორები ვერ ახერხებენ ერდოღანის დარწმუნებას, გაათავისუფლოს დაკავებული ჯარისკაცები. საინტერესოა, რა შედეგი მოჰყვება სავიდისის ინიციატივას.
პოლიტიკური ისლამი და ფეხბურთი
წერილის დასაწყისში უკვე შევეხეთ საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ საკითხს. აღნიშნულ კლუბს 2011 წლიდან ყატარელი ბიზნესმენი ნასერ ბინ ღანიმ ალ-ხელაიფი ფლობს. 2014 წელს ყატარის ტურიზმის სამმართველომ გადაწყვიტა, პარიზულ კლუბთან 200 მლნ ევროს ღირებულების სასპონსორო ხელშეკრულება გაეფორმებინა. მაშინ პროექტი ჩაიშალა, რადგან უეფას სპეციალიტებმა „საფეხბურთო ფეირ-ფლეის“ პრინციპების დარღვევა დააფიქსირეს. ისე, საინტერესოა, როდის გახდა ნავთობით მდიდარი ყატარისთვის ტურიზმი პრიორიტეტი?! აქვე აღვნიშნავთ, რომ თავად ალ-ხელაიფი ყატარის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის პრეზიდენტია.
ყატარის სახელმწიფო ავიაკომპანია Qatar Airways აქტიურად ასპონსორებს ევროპულ საფეხბურთო კლუბებს. მათ შორის, 2011 წლიდან მან კონტრაქტი გააფორმა ესპანურ „ბარსელონასთან“. Qatar Airways-ი ასევე აფინანსებს დიდ სპორტულ ღონისძიებებს, რომლებიც ფიფასა და უეფას ეგიდით იმართება. ამდენად, გასაკვირი არ უნდა იყოს, ერთი შეხედვით, უცნაური ფაქტი – ამ პატარა ქვეყანას, რომლიც ზომით კახეთის მხარეს არ აღემატება, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მისცეს. სხვათა შორის, ეს გადაწყვეტილება 2010 წელს ფიფას იმავე კონგრესზე მიიღეს, რომელზედაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა რუსეთს არგუნეს.
რა პოლიტიკური სარჩული შეიძლება ჰქონდეს ევროპაში ყატარის ბიზნესაქტიურობას? აქ უნდა გავიხსენოთ, რომ რამდენიმე თვის წინ მეზობელმა არაბულმა ქვეყნებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს და ეკონომიკური ბლოკადა დააწესეს. ამ გადაწყვეტილებას მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ბლოკადის მიზეზი კი ყატარის მიერ რადიკალური ექსტრემისტული ისლამისტური დაჯგუფებების დაფინანსება გახდა.
ყატარის საამიროში დომინანტურია სალაფიტური ისლამი, რომელიც რადიკალურ სუნიტურ მოძღვრებას წარმოადგენს და ყოველივე ახლისგან ისლამის გაწმენდას ქადაგებს. მის ფუძემდებლად ითვლება შეიხი მუჰამად იბნ აბდულ-ვაჰაბი. ყატარი აქტიურად აფინანსებს ვაჰაბიზმის გავრცელებას მუსლიმებს შორის და განსაკუთრებით ეს ევროპაში იგრძნობა. ვაჰაბიტები ცდილობენ, ევროპის მრავალრიცხოვანი მუსლიმური თემი საკუთარი მოძღვრების ირგვლივ გააერთიანონ. მართალია, ეს თემი მრავალფეროვანია, მაგრამ ვაჰაბიტები ისლამის ზენაციონალურ ბუნებას იყენებენ (ისლამური მოძღვრების მიხედვით, ყოველი მუსლიმი ერთიანი ისლამური თემის – უმას წევრად ითვლება) და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გამოყენებით ზემოქმედებას ახდენენ ევროპაში მცხოვრებ სხვდასხვა ეროვნების მუსლიმებზე. ცხადია, ამ მიზნით გარკვეული „შავი“ ფული გამოიყენება, თუმცა არალეგალური ფულის ნაკადს თავისი საზღვრები აქვს და ლეგალური ინვესტიციების ნაწილის გამოყენებაც არ არის გამორიცხული.
ფრანგული ფეხბურთით ყატარელი ბიზნესმენის დაინტერესება შემთხვევითი არაა. საფრანგეთის დემოგრაფიული კვლევების ინსტიტუტის მონაცემებით, ამ ქვეყანაში დაახლოებით 8 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს ანუ საფრანგეთის მუსლიმური თემი ყველაზე დიდია ევროპაში. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ევროპელ მუსლიმებს აღელვებთ, მათი რელიგიური ორგანიზაციების მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მოპოვებაა. ეს არის გზა, რომელმაც ისლამს ევროპის ქვეყნებში ქრისტიანული ეკლესიების ანალოგიური სტატუსის მიღებისკენ უნდა გაუხსნას გზა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. რადიკალური ექსტრემისტული ისლამისტური დაჯგუფების აქტიურობა და ტერორისტული აქტები კიდევ სხვა საკითხია.
დასკვნის მაგიერ
როგორც ვხედავთ, ევროპულ ფეხბურთში კოლოსალური ინვესტიციები ხორციელდება და ეს კაპიტალი, ძირითადად, რუსული და არაბული წარმოშობისაა. ორივე შემთხვევაში ინვესტორები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები სახელწიფოსთან, ხოლო მათი ქცევა გონივრული ბიზნესპროექტის ფარგლებს სცდება, რაც პოლიტიკური შემადგენლის არსებობაზე მოუთითებს. ისინი ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ევროპის უდიდესი საფეხბურთო კლუბების შეძენას – მაგალითად, „ბარსელონა“ და „რეალი“, როგორც იტყვიან, არ იყიდება, მაგრამ გამორიცხული არ არის, ესეც მოხდეს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საკითხს, თუ რამდენადაა შესაძლებელი ძალიან დიდი ფულით იმის ყიდვა, რის შეძენაც დიდი ფულით შეუძლებელია.
ალექსი დავითაშვილი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი
კომენტარები