საქართველო, სხვა ქვეყნების კვალდაკვალ, რუს დიპლომატს აძევებს

საქართველო უერთდება დიდი ბრიტანეთს, აშშ-სა და კიდევ 22 ევროპულ ქვეყანას და შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს აძევებს. მას ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად 7-დღიანი ვადა აქვს. გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ დღეს გაავრცელა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას საერთო უსაფრთხოებისთვის.

სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები
Загрузка...