განმეორდება თუ არა საქართველოში იტალია და რა შემთხვევაში გადაკეთდება სპორტის სასახლე საავადმყოფოდ
საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. რა რესურსი აქვს სახელწიფოს და შესაძლოა თუ არა, რომ რეკომენდაციების დაცვის მიუხედავად საქართველოში იტალია განმეორდეს.
ამის დღეს ყველას ეშინია.
რა შემთხვევაში შეიძლება, გახდეს აუცილებელი საველე საავადმყოფოების მოწყობა, ამ კითხვით „ფორტუნამ“ ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მიმართა.
„ჯერჯერობით ქვეყანა უმკლავდება მომატებულ რაოდენობას. დინამიკაში უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით საწოლების მობილიზება არ გვიჭირს. 836 ადამიანი გადის მეთვალყურეობას სტაციონარში და კოვიდსასტუმროებში 1100 ადამიანია მოთავსებული. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია მართვადია. ქვეყანას აქვს დიდი რესურსი. თუ საჭირო გახდა, შეიძლება საველე საავადმყოფოების მოწყობა, შესაძლოა, თუ საჭირო გახდა, სპორტის სასახლე გადაკეთდეს საავადმყოფოდ. ეს ბოლო გეგმაა. თუ ჩვენ ერთდროულად დაგვიგროვდება 50 000 ავადმყოფი და ამდენი კოვიდინფიცირებული რომ დაგიგროვდეს, ეს ნიშნავს, რომ 2 კვირის განმავლობაში დღეში უნდა გვყავდეს 3 000 ინფიცირებული. სიტუაციას ტრაგიკულად ჯერჯერობით ვერ აღვიქვამ. შეიძლება მივიდეთ დღეში 3 000 დაინფიცირებულამდე თუ არ გავფრთხილდებით. ახლა ტრაგიზმი ამ ციფრებში არაა. თუმცა, რაც მეტი ადამიანი დაინფიცირდება, სიკვდილიანობა იქნება უფრო მეტი. უკვე თითქოს მივეჩვიეთ, რომ დღეში კორონავირუსით 2 და 3 ადამიანი კვდება“, – ამბობს კოლულბეგოვი „ფორტუნასთან“ საუბარში.
კულუმბეგოვის თქმით, იტალიის სცენარის საქართველოში გამეორებას არ ელოდება.
„რა თქმა უნდა, გვეშინია, რომ ბევრი ადამიანი ერთდროულად არ დაინფიცირდეს, მაგრამ იტალიისა და ესპანეთის სცენარი ვერ განმეორდება, რადგან როდესაც აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსი მათ საზოგადოებაში იყო, ის უკვე ძალიან გავრცელებული იყო და კონტროლი ვერ დააწესეს. ახლა უფრო წინაა წასული მედიცინა. ტესტების რაოდენობაც დიდია, ვირუსის უკეთესი მართვა ისწავლა მედიცინამ და ამიტომ იტალიიის გამეორებას არ ველოდები, თუმცა ზამთარი წინაა და ვნახოთ.
დისტანცია და პირბადე გრიპის ვირუსისგანაც გვიცავს. სამხრეთ ნახევარსფეროში, როცა აქ ზაფხულია, ავსტრალიაში და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ზამთარია. ამ ქვეყნებში სეზონური გრიპი დაცვითი ღონისძიებების გამო სამხრეთ ნახევარსფეროში ძალიან იოლად და მარტივად გადაიტანეს, ამიტომ მაქვს მოლოდინი, რომ წელს გრიპი ძალიან არ დაგვაზარალებს, თან აცრასაც გავიკეთებთ.
პესიმიზმს ნუ დავთესავთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. სანამ არის ეს ვირუსი, პირბადე ვატაროთ და სოციალური დისტანცია დავიცვათ და დაბადების დღეებისგან და ქორწილებისგან ცოტა ხანი თავი შევიკავოთ“, – ამბობს ალერგოლოგი.
კულუმბეგოვი განმარტავს, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა, მაგრამ ამან სიტუაცია გაამარტივა თუ დაამძიმა, ამაზე პასუხი მოგვიანებით გვექნება.
კომენტარები