როგორ „გადაუარა“ ზურაბ სოტკილავამ „ლა სკალას“
1988 წელს ზურაბ სოტკილავას მიმართ, რომელიც მილანის „ლა სკალას“ სცენაზე ცნობილი არიების შესრულებისთვის ფეხზე წამომდგარ მსმენელებისგან აპლოდისმენტებს იღებდა, რამდენიმეკაციან ჯგუფს სტვენით პროტესტი გამოუხატავს, თან გაჰკიოდნენ თურმე:„გაეთრიეთ, საბჭოთა ღორებო! ძირს საბჭოთა ნაკრები! გაუმარჯოს იტალიის ნაკრებს!“
ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ წინა ღამით გერმანიაში გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში საბჭოთა ნაკრებს იტალიის ვარსკვლავური ნაკრები 2:0 დაუმარცხებია და საბჭოეთის მოძულე იტალიელი ფეხბურთის ფანები ზურაბზე ტეხდნენ ჯოხს. ერთ-ერთმა მათგანმა ნამდვილი საფეხბურთო ბურთიც კი ისროლა სცენაზე, რომ ქართველი მომღერლისთვის მოერტყა…
ეტყობა კი არა, დანამდვილებით არ ეცოდინებოდა მსროლელს, რომ სოტკილავა სანამ სიმღერას დაიწყებდა, ფეხბურთს ისე თამაშობდა, რომ თბილისის „დინამოშიც“ კი იყო მიწვეული. უბრალოდ, მისმა უნიკალურმა ხმამ შემდეგ ის სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა.
51 წლის ზურაბმა ბურთი მკერდზე მიიღო. შემდეგ თავზე აიგდო, რამდენიმეჯერ აკენწლა, ბოლოს ფეხზე ჩამოიგდო, ისევ აკენწლა, მკვეთრად შეტრიალდა და ბურთი ქუსლით დააბრუნა დარბაზში. მოკლედ, მარადონა ჩაატარა.
ახლა, წარმოიდგინეთ ამის შემყურე მსმენელთა გაოცებული სიფათები, რომლებიც ყველაფერს მოელოდნენ, ასეთი ვირტუოზობის გარდა. როცა გონს მოეგნენ, ისეთი ოვაციები მოუწყვიათ, რომ „ლა სკალა“ ლამის ჭერის გარეშე დარჩა. ზურაბმა თავი დაუკრა პუბლიკას და ღირსეული ნაბიჯებით, დინჯად დატოვა სცენა.
კომენტარები