ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგებმა შუასაუკუნეების ქართული დამწერლობის იშვიათი ძეგლი იპოვეს – ითუმ-კალის რაიონში, სოფელ ბაულოიში აღმოჩენილ ქვის ბლოკზე დატანილია ტექსტი, რომელიც ასომთავრულით არის შესრულებული, – ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასსი“ იუწყება.
„მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ ჩვენი სიხარული, ითუმ-კალის რაიონში, ბაულოის დასახლებაში, მეჩეთის ნანგრევების დაშლისას ნაპოვნია შუასაუკუნეების დამწერლობის იშვიათი ძეგლი. ეს არის ქვის ბლოკი 24 ასოსგან შემდგარი ტექსტით, რომელიც ასომთავრულით არის შესრულებული. არტეფაქტი გადატანილია ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევების ცენტრში, გროზნოში. კოლეგებთან ერთად საქართველოდან დავიწყეთ ტექსტის გაშიფვრა“, – დაწერა ინსტიტუტის სამეცნიერო თანამშრომელმა აზამათ ახმაროვმა თავის Facebook-ის გვერდზე.
მეცნიერის თქმით, აღმოჩენა უნიკალურია მთიანი ჩეჩნეთის ყველა ისტორიულ-გეოგრაფიული რაიონისთვის, მათ შორის, მდინარე არღუნის ხეობისთვის, რომელიც საქართველოში იღებს სათავეს.
„უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მთლიან ტექსტთან. ჩეჩნეთში ადრე აღმოჩენილ ძეგლებზე რამდენიმე ასო-ნიშნისგან შემდგარი მხოლოდ მოკლე ფრაზები იყო“, – განმარტავს ახმაროვი.
„ტასსის“ ინფორმაციით, უძველესი სოფელი ბაულოი, სადაც ამჟამად 30-ზე ცოტა მეტი ადამიანი ცხოვრობს, მთებში მდებარეობს, არღუნის ერთ-ერთ შენაკადზე, ითუმ-კალიდან დაახლოებით 17 კმ-ში. ბაულოის მეჩეთი, სავარაუდოდ, უფრო ადრეული ქრისტიანული ტაძრის ადგილას აშენდა; ქრისტიანული ტაძარი კი აქ საქართველოდან ქრისტეს რჯულის მქადაგებლების გამოჩენის შემდეგ აიგო. ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში შუასაუკუნეების ქართული მემკვიდრეობა დღესაც შეინიშნება. მაგ., ინგუშეთსა და დაღესტანში ის წარმოდგენილია თხაბა-იერდის (IX-X სს.) და დათუნის (X ს.) ტაძრებით. ამჟამად ამ ძეგლებს ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვთ.
კომენტარები