მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთის სკოლებში სწავლა განახლდა

კორონავირუსის პანდემიისგან შექმნილი ვითარების გამო ბავშვებს სკოლაში დაბრუნება უჩვეულო გარემოში უწევთ

ესპანეთის მთავრობის დადგენილებით, მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა – ახალი, 2020-2021 სასწავლო წელი დღეს, 14 სექტემბერს დაიწყო.

კორონავირუსის პანდემიისგან შექმნილი ვითარების გამო ბავშვებს სკოლაში დაბრუნება უჩვეულო გარემოში უწევთ, უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ბავშვებს სკოლაში შესვლის და გადაადგილების დროს პირბადეები ეკეთოთ. სკოლებში სწავლა დაიწყო 6-იდან 16 წლამდე ასაკის ყველა მოსწავლემ.

ჯანდაცვის მინისტრის, სალვადორ ილას თქმით, სკოლები ფუნქციონირებას გააგრძელებენ მაშინაც, თუ რომელიმე ჯგუფში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდება. სკოლის დაკეტვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება, 2 კვირით. ამასთან, სკოლის დახურვა ავტონომიური ხელისუფლების უფლებამოსილება იქნება და არა ჯანდაცვის ან განათლების სამინისტროსი, როგორც ეს თავდაპირველად იყო გათვლილი.

სასწავლო პროცესის დაწყებასა და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით შეთანხმებას ყველა ავტონომიური რეგიონი შეუერთდა, ბასკეთის გარდა. ბასკთა ქვეყნის ადგილობრივი მთავრობის პროტესტს იწვევს ხელშეკრულებაში ჩადებული ვალდებულება, რომ ავტონომიური რეგიონების მთავრობებს მხოლოდ ამ შეთანხმების ფარგლებში შეუძლით მიიღონ დამატებითი ზომები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლიან. ბასკეთის მთავრობის აზრით, ამ ვალდებულებით მათი უფლებამოსილება იზღუდება.

თუ რამდენად არის დაცული ბავშვების უსაფრთხოება და რა რეგულაციებია მიღებული, ამის თაობაზე ბარსელონის ერთ-ერთი სკოლის (El Palau) დირექტორს მარტა გონსალესს ვესაუბრეთ:

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა გამართლებული ის ფაქტი, რომ დღეს სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში განახლდა?

რა თქმა უნდა. ბავშვებს ძალიან დიდხანს მოუწიათ სკოლის გარეშე ყოფნა, ძალიან რთულ პირობებში, მათ უწევდათ პანიკაში მყოფი მშობლების გვერდით ცხოვრება და ბავშვებისთვის თითქოს ცხოვრება გაჩერდა; მიუხედავად იმისა, რომ ისინი ონლაინ სწავლებას გადიოდნენ, ეს მათთვის არ იყო საკმარისი.

გაამართლა თუ არა ონლაინ სწავლებამ?

იმაზე მეტად გაამართლა, ვიდრე ამის მოლოდინი გვქონდა: გვეშინოდა, არ ვიცოდით, ბავშვები შეეჩვეოდნენ თუ არა, თუმცა უნდა ვთქვა, რომ გაამართლა – ბავშვები მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ სწავლის პროცესში… თუმცა სკოლაში სიარული ყველა ბავშვისთვის აუცილებელი და შეუცვლელია.

რამდენად უსაფრთხოა დღეს სწავლის პროცესის განახლება, როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა?

მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოების ყველა წესი, ბავშვებს სკოლაში პირბადით მოუწევთ გადაადგილება, ასევე, ყველა საკლასო ოთახში დამონტაჟებულია სადეზიფენქციო ხსნარები. ბავშვები სკოლაში შემოსვლისას ხელებს დაიმუშავებენ, გავუკონტროლებთ ტემპერატურას, თუ რომელიმე მოსწავლეს ტემპერატურა 37,5 გრადუსი დაუფიქსირდება, სკოლაში არ დაიშვება; მაქსიმალურად არის დაცული დისტანცია. ჩვენს პედაგოგებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბავშვები ასი პროცენტით იყვნენ დაცულები ამ საშიში ვირუსისგან.

ფიქრია რობაქიძე

ბარსელონა, 14 სექტემბერი, 2020 წ.

ავტორის ფოტოები

p. s. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ 24 საათში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3023 ახლი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების მთლიანმა მაჩვენებელმა 593 730-ს მიაღწია; გარდაიცვალა 33 პაციენტი და მსხვერპლთა რიცხვი 29 848-მდე გაიზარდა. ესპანეთი პირველი ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close