პუტინის რეჟიმის ოპონენტის, ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ ამ საწამლავის შემქმნელი ვილ მირზიანოვი ნანობს, რომ საერთოდ შეხება ჰქონდა ამ პრეპარატთან.
მირზიანოვი რუსეთის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ე. წ. „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგაც ამბობდა, რომ მამა-შვილი დროებით რომც გამოვიდნენ მდგომარეობიდან, ისინი საბოლოოდ მაინც ვერ გადარჩებიანო.
„ის 10-ჯერ ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი საწამლავი, რომელსაც აქვს ნერვული პარალიზების ეფექტი. „ნოვიჩოკისგან“ განკურნება თითქმის შეუძლებელია“, – განაცხადა „ნოვიჩოკის“ შემქმნელმა.
აშშ-ში მცხოვრები საბჭოთა დისიდენტ-ქიმიკოსი ვილ მირზიანოვი პირველი იყო, ვინც სსრკ-ში „ნოვიჩოკის“ შექმნის შესახებ მოჰყვა.
მისი თქმით, საბჭოთა წლებში „ნოვიჩოკს“ წარმატებით იყენებდნენ არასასრურველი პერსონების თავიდან მოსაშორებლად, – მის ლაქებს ტოვებდნენ სხვადასხვა საგანზე, მათ შორის, იარაღზეც, რომელსაც „საინტერესო ობიექტებს სამახსოვროდ ჩუქნიდნენ. ადრესატი რამდენიმე ხნის შემდეგ, სრულიად უჩვეულო ვითარებაში, დაუდგენელი დაავადებით იღუპებოდა. ამას ფარული ტერორისტული მოქმედების სახე ჰქონდა“, – აცხადებს მირზიანოვი bbc.com-თან ინტერვიუში.
„ნოვიჩოკი“ ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებებს მიეკუთვნება, რომელსაც რუსეთში ორგანული ქიმიისა და ტექნიკის კვლევით ინსტიტუტში 1970-იან წლებში ამზადებდნენ. „ნოვიჩოკი“ გულისცემას ანელებს და სუნთქვას ართულებს. ნივთიერება შესაძლოა გამოიყენონ როგორც გაზის, ისე თხევადი ფორმით. ამტკიცებენ, რომ „ნოვიჩოკი“ „ზარინზე“ ძლიერია და მისი დამზადება ჩვეულებრივი ქიმიკატებისგან შეიძლება, რომელსაც სასუქისა და პესტიციდების ქარხნებში იყენებენ.
რუსეთის ფედერაციის საბჭოში ამტკიცებენ, რომ ქიმიური იარაღის მარაგი გაანადგურეს, მათ შორის „ნოვიჩოკიც“.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ომსკში დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი ჩაით მოწამლეს.
თავდაპირველად ომსკის საავადმყოფოს ექიმები ნავალნის ბერლინში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ პაციენტის გერმანიაში გადაყვანა დაუშვეს. ბერლინის კლინიკა „ჩარიტეს“ ექიმების თქმით, ნავალნი კვლავ ხელოვნურ კომაშია, თუმცა ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მოამზადა მანანა ბანძელაძემ
კომენტარები