ბოლო 4 თვის ანტირეკორდი – 38 კოვიდინფიცირებული ერთ დღეში
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სახიფათო ნიშნებია. 38 ახალი შემთხვევა ერთ დღეში დაფიქსირდა. ეს ბოლო 4 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამ ეტაპზე ყველაზე დიდი კლასტერია ბათუმის საკონდიტრო „დონა“, რომელსაც 23 შემთხვევა უკავშირდება.
ჩაიკეტა სასტუმრო „ოაზისი“ ჩაქვშიც, სასტუმროში ამ ეტაპზე 900 ვიზიტორია, მათგან 400 ექიმია, რომლებიც სასტუმროში მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
ბათუმში კორონავირუსი 2 სექტემბერს მუნიციპალური ავტობუსის მძღოლსაც დაუდასტურდა, იგი ბათუმი-ხელვაჩაურის რეისზე მოძრავ ავტობუსზე მუშაობს.
აჭარის მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, ვინც აღნიშნული მარშრუტით ბოლო პერიოდში გადაადგილდებოდა, პისიარ ტესტი ჩაიტარონ.
ვირუსი ვრცელდება თბილისშიც. ინფიცირების 2 შემთხვევა „ნიკორას“ ქსელში დაფიქსირდა, სამედიცინო ინსტიტუტის მოპირდაპირედ მდებარე ფილილში; კორონავირუსი დაუდასტურდა, აგრეთვე, სასურსათო მაღაზიათა ქსელ „ბაიას“ ერთ-ერთი ფილიალის 5 თანამშრომელს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსული ინფექცია ცირკულირებს, ამის მაჩვენებელია ინფიცირების ახალი, 38 შემთხვევა. გარდა ამისა, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ 12-მდე შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო უცნობია.
ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, აუცილებლად დაიცვან ჯანდაცვის სექტორის ყველა რეკომენდაცია. „ჩვენ კორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია. შევიქმენით ეს ილუზია, მაგრამ არ დაგვიმარცხებია. ჩვენ მარტო კორონავირუსულ ინფექციას ვერ დავამარცხებთ, ის უნდა დაამარცხოს მთელმა მსოფლიომ და მათთან ერთად – ჩვენც“, – განაცხადა გამყრელიძემ.
StopCov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1548 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1270 და გარდაცვლილია 19 ადამიანი.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები