მილანის ჰოსპიტალის მთავარი ინფექციონისტი განმარტავს, რით განსხვავდება იტალიაში კორონავირუსის მეორე ტალღა პირველისგან
„ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები ცოტაა, პირველ ტალღასთან შედარებაც არ არის“
25 აგვისტოს Corriere della Sera-სთან ინტერვიუში მილანის ჰოსპიტალ „საკოს“ მთავარმა ინფექციონისტმა, მილანის უნივერსიტეტის პროფესორმა მასიმო გალიმ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ისევ საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა სიტუაციას ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო ეპიდემიის პირველ ტალღასთან.
ახალი ინფიცირებულების დიდი ნაწილი შვებულებიდან და მოგზაურობებიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ადამიანები არიან, რომლებსაც გაცილებით ადვილად გადააქვთ ვირუსი, ხშირად – უსიმპტომოდ, ამიტომაც არის, რომ გარდაცვალების მაჩვენებელი ძალიან დაბალია, თუმცა, პროფესორ გალის თქმით, ეს სიტუაცია არაფრით შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურად, რადგან ახალგაზრდები ვირუსის „რეზერვუარები“ ხდებიან და ადვილად შეიძლება გადასდონ ინფექცია თავიანთ ასაკოვან ოჯახის წევრებს და ნათესავებს, რომლებიც დაავადებას ასე ადვილად ვეღარ გადაიტანენ. თუმცა, პროფესორის თქმით, მათი „დემონიზებაც“ არ შეიძლება.
რაც შეეხება კოვიდ-19-ის თანამედროვე თერაპიას, ამ კითხვაზე პროფესორმა უპასუხა, რომ პანდემიის დასაწყისში „ყველაფერი ცადეს“. „ამ ეტაპზე ვირუსის საწინააღმდეგო ერთადერთი პრეპარატი, რომელიც, როგორც ჩანს, მუშაობს პნევმონიის დროს, არის რემდესივირი (დამტკიცებულია FDA-ს მიერ). გარკვეულ შედეგს იძლევა კორტიზონები, დანარჩენები ჯერ უნდა შემოწმდეს. აგრეთვე, ვაქცინები, რომლებთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა პროფესორმა გალიმ,
ცნობილი ინფექციონისტი, რომელიც პანდემიის დაწყებიდანვე აქტიურად იყო ჩართული კოვიდ-19-ის მქონე პაციენტების მკურნალობაში მილანის „საკოს“ ჰოსპიტალში, ინტერვიუში ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, შემოდგომაზე რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს გრიპის და პნევმოკოკის საწინააღდეგო ვაქცინაციები.
იგი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს: „ჩვენ ამ ვირუსთან თანაცხოვრება კიდევ დიდხანს გვიწერია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უსიამოვნებები თავიდან ავიცილოთ“ (წაიკითხეთ: უნდა გამოვიყენოთ ნიღაბი, დავიცვათ დისტანცია, ჰიგიენა და სხვ. – რედ.)
რაც შეეხება 25 აგვისტოს მონაცემებს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით: იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კოვიდ-19-ით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა და მსხვერპლთა საერთო რიცხვი 35 455-მდე გაიზარდა; გამოჯანმრთელდა 206 015 ადამიანი (+353 გასულ 24 საათში).
ჩატარდა 72 341 ტესტი, რის შედეგადაც ინფიცირების 878 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამ მაჩვენებელმა იკლო (გუშინ – 953). მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, იტალიაში ლაბორატორიულად დადასტურებულია SARS-CoV-2-ის 261 174 შემთხვევა. ამ დროისთვის აქტიური პაციენტების რიცხვი 19 714-ს შეადგენს, რაც 519-ით აღემატება წინა დღის ანალოგიურ მაჩვენებელს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 66 მძიმე პაციენტია მოთავსებული, შინაიზოლაციაში 18 590 (+505) ინფიცირებული იმყოფება, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებათ ან მსუბუქად აქვთ გამოხატული.
ნინო ხოშტარია
კომენტარები