საზოგადოებასაქართველო

ხევსურეთის გზას შეწირულები -10 წლის წინანდელი ტრაგედიის გახსენება

2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ. „ჯიპის“ ტიპის ავტომობილი, რომელშიც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა. ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი, მათი ორი ვაჟი – დემეტრე და ჯარჯი, თეონას და – ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე – ბერდია არაბული, მისი მეუღლე – სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი – მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა…

თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა – თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი – თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.

10 წლის წინ გადარჩენილი გელა დაიაური სოციალურ ქსელში 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა:

„ვერც სიტყვით და ვერც საუბრით გადმოვცემ იმ სულიერ სიმძიმეს, რაც მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია ჩემში, თითქოს ძველი ჭრილობა გამეხსნა… სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვუთანაგრძნობ“, – წერს გელა დაიაური სოციალურ ქსელში.

როგორც ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია წერს, მან ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე გაიარა ეს გზა მუცომდე და უკან. მისი თქმით, გზა 2-ჯერ უკეთესია, ვიდრე შარშან იყო და 10-ჯერ უკეთესი, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, მაგრამ, სამწუხაროდ, უკეთესი გზა ადამიანის სიცოცხლის დაზღვევისთვის სრული გარანტია არ არის.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მიკროავტობუსს, რომელსაც ტურისტები გადაყავდა, 13 ივლისს უნდა გაევლო ტექნიკური დათვალიერება. თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ მიკროავტობუსის მუხრუჭები მწყობრიდან გამოვიდა და მძღოლმა  ის წინ, გზაზე გაჩერებულ ავტომობილს გაჩერების იმედად დააჯახა. მსუბუქმა ავტომობილმა მიკროავტობუსი ვერ შეაჩერა და ორივე მანქანა ხრამში ჩავარდა. საბედნიეროდ, მსუბუქ ავტომობილში არავინ იმყოფებოდა.

ტრაგედიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს, თუმცა ერთი ჭეშმარიტება უდავოა – მთასთან „გაშინაურება“, სამწუხაროდ, თითქმის ყოველთვის მსხვერპლით სრულდება.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს შატილის, მუცოს და ანატორის აკლდამების დასათვალიერებლად ერთდღიანი ტურში მყოფი ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი უკან, თბილისში ბრუნდებოდა და ხევსურეთის სოფელ ბისოსთან 80 მეტრის სიმაღლის კლდოვანი ფერდობიდან გადავარდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close