ჯანდაცვის სამინისტრო 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე ტექნიკური შეფერხებისთვის ბოდიშს იხდის
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ტექნიკური შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.
საუბარია ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული.
„მოგახსენებთ, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს. ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის, ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის.
სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა.
შეგახსენებთ, რომ დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება, შესაბამისად, ყველა მსურველს მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს რეგისტრაცია აღნიშნული დახმარების მისაღებად.
რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge.
იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს;
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს;
- „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505“, – აცხადებენ სამინისტროში.
კომენტარები