რა გვაბედნიერებს? – ჰარვარდის უნივერსიტეტის 81-წლიანი კვლევა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას პასუხობს
ბედნიერებისკენ სწრაფვა ყველა ადამიანის მოთხოვნილებაა. ინტერნეტში ამ თემის ირგვლივ უამრავ ინფორმაციას შეხვდებით – დაწყებული ფსიქოლოგიური ხრიკებიდან, დამთავრებული სხვადასხვა რჩევით.
როდესაც ბედნიერებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მრავლისმომცველი და ხანგრძლივი, ჰარვარდის უნივერსიტეტის 81-წლიანი კვლევა, სახელწოდებით „ზრდასრულთა განვითარება“.
1938 წლიდან ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები ერთ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობენ: „რა გვაბედნიერებს ცხოვრებაში?“ კვლევა 724 ადამიანის სიცოცხლეზე დაკვირვებით დაიწყო, რომელთა ნაწილიც დღეს 90 წელს გადაბიჯებულია, ამიტომ, პროცესი მათი შვილების (დაახლოებით 2 ათასი ადამიანი) ცხოვრების ანალიზით გაგრძელდა.
როგორც ფსიქიატრმა რობერტ ვალდინგერმა, კვლევის მეოთხე დირექტორმა, TED Talk-ში აღნიშნა, კვლევის ძირითადი დასკვნა გასაოცრად მარტივია: „ჩვენი გზავნილი შემდეგია: კარგი ურთიერთობები გვაბედნიერებს და გვაჯანსაღებს“.
გრძელვადიანმა კვლევამ დაფინანსება კერძო ფონდებისგან მიიღო, ამასთანავე, გრანტები მოიპოვა ისეთი ორგანიზაციებისგან, როგორიცაა: ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი და სიბერის ეროვნული ინსტიტუტი.
ცხოვრება ურთიერთობებია
ცხოვრების განმავლობაში ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნება და იმის ცოდნა, რომ გყავთ ადამიანები, რომელთა იმედიც გაქვთ რთული მომენტების დროს, თავის ტვინს იცავს და მეხსიერებას უფრო დიდხანს გინარჩუნებთ.
იზოლირებული ადამიანები ტვინის ფუნქციონირების დაქვეითებას განიცდიან, ნაკლებად ბედნიერები არიან და უფრო ადრე იღუპებიან.
ვალდინგერი აღნიშნავს, რომ მარტოსულობა შეიძლება ხალხმრავლობასა და ქორწინებაშიც იგრძნოთ, რადგან მთავარი ურთიერთობების ხარისხია და არა რაოდენობა.
მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ოჯახურ კმაყოფილებას დამცავი ეფექტი აქვს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
დადგინდა, რომ ბედნიერ ქორწინებაში მყოფი 80 წლის ადამიანებისთვის ფიზიკური ტკივილიც კი არ ცვლიდა მათ განწყობას ცხოვრების მიმართ, მაშინ როდესაც ცუდ ქორწინებაში მყოფ ადამიანებს გამუდმებით აწუხებდათ ფიზიკური და ემოციური ტკივილები.
ურთიერთობები შეიძლება დამღლელი იყოს, მაგრამ ისინი პრიორიტეტად უნდა აქციოთ. მთავარი გასაღები კომუნიკაციაშია.
ყველა სახის ურთიერთობა, მათ შორის, მეგობრობა და სიყვარული, ინგრევა სწორედ კომუნიკაციის ნაკლებობის გამო – ჩვენ ყოველთვის არ ვამბობთ იმას, რის თქმაც გვსურს, არ ვართ გულწრფელები და გვაბრაზებს სხვების უუნარობა, გამოიცნონ ჩვენი განცდები. იმისთვის, რომ გულწრფელობის შიში გადავლახოთ, ეს მარტივი ხრიკი გამოიყენეთ: იფიქრეთ, რომ თქვენი სიტყვა სხვისთვის ფუტკრის ნესტარია, რომელიც თავიდან, პირველივე მომენტში მასში ტკივილს გამოიწვევს, მაგრამ შემდგომ ნელ-ნელა განელდება და დამშვიდდება, თუ მალამოს სახით თანაგრძნობისა და ღრმა მოსმენის უნარს გამოავლენთ.
ოჯახური კონფლიქტის ექსპერტი, დოქტორი ფილი ამბობს, რომ უთანხმოების მოგვარებისთვის, პირველ რიგში, უნდა გაიაზროთ, რომ მტრობას დიდი გავლენა აქვს თქვენს ურთიერთობებზე – იმსჯელეთ, რატომ მოხდა უთანხმოება, შეეცადეთ, სიტუაციას სხვისი მხრიდან შეხედოთ და პატიებისკენ გადადგათ ნაბიჯი.
ასევე აუცილებელია გახსოვდეთ, რომ სამსახური არ უნდა გახდეს თქვენი ცხოვრება, აუცილებელია ბალანსი და ინტეგრაცია, რათა პირად ცხოვრებაზე კონტროლი არ დაკარგოთ. სამუშაო მოთხოვნები მუდმივად იზრდება, ამ ქაოსურ სამყაროში ურთიერთობების გაძლიერება კი სულ უფრო რთული ხდება. უნდა განსაზღვროთ – რა არის წარმატება თქვენთვის: სამსახური, ოჯახი თუ ბალანსი? საბოლოო ჯამში, ეს ინდივიდუალური არჩევანის საკითხია.
at.ge
კომენტარები