რა მოუყვა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ჟურნალისტს
ჟურნალისტი ეკა მიშველაძე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედას ესაუბრა. მან „ტვ პირველის“ ეთერში ამ ემოციური საუბრის დეტალები მოჰყვა. ჟურნალისტის თქმით, დედა დეტალურად ესაუბრა შვილთან ურთიერთობის შესახებ და ტრაგედიის თაობაზე თავისი ვერსიაც გააცნო.
„ეს იყო ემოციურად მძიმე, დედამ დეტალურად გაიხსენა ის დილა, როდესაც ის უკანასკნელად ხედავდა თავის შვილს. მძინარე დავტოვე, სამსახურში წავედი და ძალიან აფორიაქებული ვიყავიო. 2-ის 20 წუთი იყო, როდესაც დავბრუნდი და თამარი სახლში აღარ დამხვდაო. მანამდე ვურეკავდი და ტელეფონი გამორთული ჰქონდაო. ერთი რამ იწვევს მასში ეჭვს, რაზეც თამარის დედამ გაამახვილა ჩემთან ყურადღება, თამარის კომპიუტერი დამხვდა სახლშიო. არასოდეს, როდესაც დიდი ხნით გადიოდა სახლიდან, კომპიუტერს არ ტოვებდა სახლშიო და ამიტომ, იმ წუთში დავიწყე მეგობრებთან რეკვაო. თამარის დედამ მითხრა, რომ მათ ჰქონდათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა. თეონა (თამარის დედა) ამბობს, რომ არავისთვისაა გასაკვირი, რომ მას ჰყავდა ფსიქოლოგი, რადგან ემოციური გადაღლილობის გამო, თავად დედას ურჩევია ფსიქოლოგთან მისვლა. როგორც თამარმა დედას უთხრა, მას შერჩეული ჰყოლია ფსიქოლოგი და ამაში დასამალი არაფერი იყო, რადგან თამარი ორ სამსახურში მუშაობდა, სწავლობდა და ხშირად იყო გადაღლილი. ეს ყველაფერი ხდებოდა პანდემიამდე, პანდემიის შემდეგ, მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, რამდენჯერმე ჰქონდა კონსულტაციაო.
თამარის დედა ამბობს, რომ შვილი არასოდეს არ ჰყვებოდა სამსახურის შესახებ არაფერს. დედა ჰყვება, რომ ერთხელ თამარმა დაბადების დღის საჩუქარი გაუკეთა, სალონში წამიყვანა, რომელიც სწორედ იმ უბანში იყო, სადაც თამარი ვიცოდი, რომ მუშაობდა და ვთხოვე – დედა, მანახე ის შენობა, სადაც შენ მუშაობო, თამარმა საუბარი სხვა თემაზე გადამიტანაო. სწორედ ამიტომ, ჩნდება სამსახურზე ბევრი შეკითხვა, რადგან სამსახურის თემა არის ბუნდოვანი თამარის ცხოვრებაში. ბევრი დეტალია გამოძიებასთან დაკავშირებით, რაზეც დედა გულდაწყვეტილია. ვერსია, რომელსაც უფრო განიხილავენ ოჯახში, არის ის, რომ რაღაც უკავშირდება სამსახურს და ვიღაცამი თამარი მოტყუებით წაიყვანა, შემდეგ კი მოკლა. ფიქრობენ, რომ მან რაღაც ისეთი გაიგო, რაც არ უნდა სცოდნოდა“, – აღნიშნა ეკა მიშველაძემ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში.
თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, 23 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.
კომენტარები