ცნობილი ინდოელი მსახიობი აიშვარია რაი COVID-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს
თავიდან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო
ცნობილი ინდოელი მსახიობი, ბოლივუდის ვარსკვლავი, მის მსოფლიო-1994 აიშვარია რაი ბაჩანი კორონავირუსის დიაგნოზით მუმბაის ნანავატის საავადმყოფოშია მოთავსებული თავის ქალიშვილთან, არადჰიასთან ერთად. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ANI იუწყება.
მანამდე ვირუსი დაუდგინდა აიშვარია რაის ქმარსა და მამამთილს, რომლებიც უკვე ერთი კვირაა საავადმყოფოში მკურნალობენ. ორივე, ასევე, ბოლივუდის ცნობილი მსახიობია.
აიშვარია რაის დაავადების შესახებ ცნობამ მისი ინდოელი გულშემატკივრები ააღელვა. ათასობით თაყვანისმცემელმა უკვე აღავლინა ლოცვა ცნობილი ვარსკვლავისა და მისი ოჯახის წევრების გამოჯანმრთელების მიზნით.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 15 475 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 223 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. სულ დადასტურებულია 1 055 932 შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ინდოეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ისა (3 788 902) და ბრაზილიის (2 049 140) შემდეგ. გარდაიცვალა 26 508 პაციენტი კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 664 461-ს აღწევს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები