ვიდეოიტალიასპორტი

როგორ მუშაობენ ამჟამად სპორტული დარბაზები მილანში (ფოტო/ვიდეო)

როგორც ცნობილია, იტალიაში და, კერძოდ, მილანში უკვე გაიხსნა სპორტული დარბაზები. მათი პერსონალის სრული მობილიზება ჰიგიენის და უსფრთხოების დასაცავად საშუალებას აძლევს ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულ ადამიანებს, ეპიდემიის მიუხედავად, სრულფასოვანი ცხოვრება განაახლონ.

დარბაზში თითოეული ნაბიჯი გათვლილია კლიენტის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე. ვიზიტის ზუსტ დროს სპეციალური აპლიკაციით გეგმავ, რაც საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია. აპლიკაციით შესაძლებელია 45 წუთით დაჯავშნო თითოეული აქტივობა: იოგა, სპორტდარბაზში, ტრენაჟორებზე ვარჯიში; გახსნილია, აგრეთვე, საცურაო აუზები, რა თქმა უნდა, დისტანციის დაცვით, თუმცა ამჟამად ნიღბების გარეშე შესაძლებელია ისარგებლოთ არა მხოლოდ აუზით, არამედ, აგრეთვე, საუნით და ჰიდრომასაჟით. ყოველ ნახევარ საათში ხდება სრული დეზინფექცია, რასაც მხოლოდ 3 წუთი სჭირდება და, შესაბამისად, დისკომფორტს არ ქმნის.

მართალია, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს აქვს შიში, დაუბრუნდეს ცხოვრების ძველ რიტმს დ ჩვეულ რეჟიმს, რის გამოც ზოგიერთმა ტრენერმა, როგორც ბევრ სხვა განყოფილებაში მომუშავე არაერთმა ადამიანმა, სამსახური დაკარგა, თუმცა ყველა იმედიანად უყურებს მომავალს და მოთმინებით ელოდება იმ მომენტს, როცა ყველანაირი შიში, დისტანცია თუ ნიღბის ვალდებულება წარსულს ჩაბარდება, მით უმეტეს, რომ იტალიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, შეუქცევადად, უკვე თითქმის ორი თვეა ყოველდღე უმჯობესდება.

სამოქალაქო დაცვის სამსახურის ახალი მონაცემებით, რომლებიც დღეს, 22 ივნისის საღამოს გახდა ცნობილი, იტალიაში გასულ 24 საათში კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 23 ადამიანი გარდაიცვალა (ლომბარდიაში – 3) და ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2 მარტის შემდეგ, როდესაც 18 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში კოვიდ-19-ის მსხვერპლთა რიცხვი იტალიაში 34 657-ს აღწევს.

ჩატარებული ტესტირებების შედეგად გამოვლინდა ინფიცირების 221 ახალი შემთხვევა (143 – ლომბარდიაში), მთლიანობაში კი ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 238 720-ს შეადგენს.

ამ დროისთვის 20 637 აქტიური კოვიდ-პაციენტია, მათგან 127 რეანიმაციულ მკურნალობას საჭიროებს (21-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ), 2038 ჰოსპიტალიზებულია სიმპტომებით, დანარჩენი უსიმპტომოდ ან მსუბუქი კლინიკური გამოვლინებებით სახლშია თვითიზოლაციაში.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 183 426 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ციცი ხაბელაშვილი

ავტორის ვიდეო და ფოტოები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close