იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა
ფრანჩესკო ბოჩა: „ხვალიდან ვიწყებთ თავისუფალ გადაადგილებას მთელი ქვეყნის მასშტაბით“
სამშაბათს, 2 ივნისს იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა – ერთ დღეში ეს მაჩვენებელი 1737-ით გაიზარდა და 160 092-ს მიაღწია. ახალი მაჩვენებლები სამოქალაქო დაცვის სამსახურმა წარმოადგინა. ამის შესახებ „ანსა“ წერს.
40 ათასს ჩამოსცდა აქტიურ პაციენტთა რიცხვი (ამ დროისთვის 39 893 ადამიანს უფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირება, რაც 1474-ით ნაკლებია გუშინდელთან შედარებით). ეს მაჩვენებელი ერთ თვეზე მეტია, ყოველდღიურად მცირდება.
გასულ 24 საათში ქვეყანაში კოვიდ-19-ით გარდაცვალების 55 შემთხვევა დაფიქსირდა (ლომბარდიაში – 12). ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2 მარტის შემდეგ, როცა 52 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. მთლიანობაში მსხვერპლთა რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით 33 530-მდე გაიზარდა.
გასულ დღე-ღამეში გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ბოლცანოს ავტონომიურ პროვინციაში და 7 რეგიონში: მარკეში, უმბრიაში, სარდინიაში, ვალე დ’აოსტაში, კალაბრიაში, მოლიზესა და ბაზილიკატაში.
გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 318 შემთხვევა (ლომბარდიაში – 187, მილანში – 55) და გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 233 515-ს შეადგენს.
მძიმე პაციენტთა რიცხვი 16-ით შემცირდა და ამ დროისთვის რეანიმაციაში მოთავსებულია 408 კოვიდ-პაციენტი, მათგან 166 – ლომბარდიაში.
„ხვალიდან ვიწყებთ თავისუფალ გადაადგილებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველგვარი პირობის და პრემიერ-მინისტრის ახალი დადგენილების გარეშე, ამის შესახებ უკვე არსებობს დადგენილება“, – განაცხადა დღეს რეგიონების საქმეთა მინისტრმა ფრანჩესკო ბოჩამ. ორ საათში, იტალიის დროით 24:00 საათიდან უკვე იხსნება რეგიონების საზღვრები და ისევ ნებადართული იქნება ქვეყნის მოსახლეობის გადაადგილება სხვადასხვა რეგიონს შორის ნებისმიერი სახის ტრანსპორტით. აუცილებელი არ არის თან გქონდეთ არანაირი დოკუმენტი, გადაადგილების არანაირი კონტროლი არ იქნება.
აგრეთვე, იხსნება სახელმწიფო საზღვარი და იტალიის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ იმ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები აგრეთვე მოხსნილია (საფრანგეთს, მაგალითად, ოფიციალურად არც ჩაუკეტავს საზღვარი იტალიისთვის). სადგურებსა და აეროპორტებში გათვალისწინებულია თერმოსკანერებით კონტროლი, აგრეთვე, საზოგადოებრივ ადგილებში სავალდებულოა ნიღბის ტარება.
დღეს იტალიის სახელმწიფოს პრეზიდენტი სერჯო მატარელა, რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, ლომბარდიის ქალაქ კოდონიოში ჩავიდა (მილანიდან დაახლ. 60 კმ), საიდანაც 2020 წლის თებერვლის ბოლოს ეპიდემიის აფეთქება დაიწყო.
„ეპიდემიის პერიოდში იტალიამ მაგალითი მისცა ევროპას და მსოფლიოს, ქვეყნის ყველა მოქალაქემ, და განსაკუთრებით მათ, ვინც ვირუსს ებრძოდა, აჩვენა სიმამაცის, გამბედაობის და ალტრუიზმის მაგალითი, რამაც შეგვაძლებინა ის, რომ მივუახლოვდით ეპიდემიაზე გამარჯვებას“, – განაცხადა მატარელამ კოდონიოში სიტყვით გამოსვლისას.
ნინო ხოშტარია
კომენტარები