მოსკოვმა იტალიას მარტში ფილტვების ვენტილაციის 150 აპარატი Aventa-M გაუგზავნა საჩუქრად, რომლებიც ბერგამოსა და მილანის საავადმყოფოებში დამონტაჟდა. ამ მოდელის აპარატების გამოყენება რუსეთში ორშაბათიდან, 12 მაისიდან აიკრძალა მას შემდეგ, რაც მათზე მიერთებული 6 ადამიანი დაიღუპა – პირდაპირი მნიშვნელობით, ცოცხლად დაიწვა.
პირველი შემთხვევა გასულ შაბათს, საღამოს საათებში მოხდა. კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტი მოსკოვის სპასოკუკოცკის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციაში ფილტვების ვენტილაციის აპარატზე იყო მიერთებული, როდესაც მოულოდნელად დანადგარმა გაცხელება დაიყო. შედეგად ხანძარმა იფეთქა და საბრალო პაციენტი ცოცხლად დაიწვა.
პანიკის თავიდან აცილების მიზნით, ეს ამბავი ფართოდ არ გახმაურდა და არც მედიას გაუშუქებია, რადგან იფიქრეს, რომ მხოლოდ ერთი დანაგარის დეფექტი იყო, მაგრამ ორშაბათ დილით, 06:23 საათზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა იმავე მიზეზით – პეტერბურგის წმინდა გიორგის სახელობის კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კიდევ 5 პაციენტი დაიწვა ცოცხლად (ისინი ფილტვების ვენტილაციის აპარატზე იყვნენ მიერთებულები და ეძინათ, როდესაც ცეცხლმა იფეთქა).
ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა სარეანიმაციო ბლოკიდან 15 სხვა პაციენტის გამოყვანა და გადარჩენა შეძლეს, აგრეთვე, მოახდინეს, პალატებიდან 150 ექიმისა და ექთნის დაუყოვნებლივი ევაკუაცია.
პირველადი ოფიციალური ვერსია – მოკლე ჩართვა, თუმცა მოსკოვის შემთხვევასთან ძალიან ბევრი მსგავსება იყო…
მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ პირველი განაცხადი გაკეთდა – სამთავრობო ჩინოვნიკმა ალექსეი ანიკინმა ჟურნალისტების წინაშე აღიარა, რომ ინციდენტის მიზეზი შეიძლება ფილტვების ვენტილაციის აპარატების (Aventa-M) გადახურება გახდა.
სწორედ ამ მოდელის (Aventa-M) აპარატების გაგზავნა გადაწყვიტა იტალიაში, კერძოდ ბერგამოსა და მილანში, ვლადიმირ პუტინმა მარტში, პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. ფილტვების ვენტილაციის 150 რუსული აპარატი ლომბარდიას პირველი კრიზისული სიტუაციის გადალახვაში დაეხმარა და დღესაც გამოიყენება მცირე რაოდენობის პაციენტებისთვის.
სააგენტოების, „ტასისა“ და „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის ჯანდაცვის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსზდრავნადორი) ორშაბათს საღამოს დაუყონებლად შეაჩერა ქვეყნის მასშტაბით Aventa-M ვენტილატორების გამოყენება. ამ მოდელის აპარატებს ერთი მწარმოებელი უშვებს ურალზე ბაზირებულ ქარხნებში, რომელსაც სახელმწიფო გიგანტი – Ростех-ი აკონტროლებს.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეჭვები მხოლოდ აპრილში დამზადებულ Aventa-M მოდელის აპარატებზეა, მაგრამ არსებობს შიში, რომ შესაძლოა, ზოგადად, წარმოების ხარვეზი იყოს.
„ჩვენ ვაწარმოებთ ყველა მოწყობილობის უსაფრთხოების შემოწმებას, რომლებიც მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში შემოდის“, – აცხადებენ უწყებაში, ამიტომ რუსეთის მთავრობა მიმოქცევაში არსებულ ყველა მოდელს ამოიღებს.
იქნებ ზედმეტი არ იყოს ისეთი ქვეყნების გაფრთხილება, რომლებმაც Aventa-M აპარატები საჩუქრად მიიღეს, მათ შორის, იტალიის, თუმცა ამ დრომდე იტალიის ჯანდაცვის ორგანოებს ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთისგან არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ.
ციცი ხაბელაშვილი
წყარო: corriere.it
კომენტარები