3106-ით შემცირდა იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულ მოქმედ პაციენტთა რაოდენობა
სამოქალაქო დაცვის სამსახურმა დღეს ბოლო პრესკონფერენცია გამართა
30 აპრილს, საღამოს, სამოქალაქო დაცვის სამსახურის მიერ გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულ მოქმედ პაციენტთა რაოდენობა ერთ დღეში 3106-ით შემცირდა. ამის შესახებ Ansa წერს.
ასეთი ნახტომისებური კლება გამოიწვია გამოჯანმრთელების რეკორდულმა დღიურმა მაჩვენებლმა – 4693 (მათგან 2999 ემილია რომანიაშია რეგისტრირებული). შედეგად, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 75945-ს მიაღწია. აგრეთვე, შემცირდა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა – გასულ 24 საათში 1872 ინფიცირებული გამოვლინდა (გუშინ – 2086), რის შედეგადაც აქტიურ პაციენტთა რაოდენობა რეკორდული 3106-ით შემცირდა და ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირება 101 551 ადამიანს უფიქსირდება. ეს მაჩვენებელი, ბოლო ერთი კვირაა, ყოველდღე მცირდება. მათგან 18 149 ჰოსპიტალიზებულია საავადმყოფოებში (რეანიმაციის გარდა) კოვიდ-19-ის სიმპტომებით, 81708 პაციენტი, უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომებით, სახლის პირობებში იმყოფება კარანტინში.
შედარებით ნაკლებად, მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი – ერთ დღეში 285 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 27 967-ს მიაღწია.
კორონავირუსული ინფექციის გამო გამოწვეული გართულებებით პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა რაოდენობის კლება კვირებია უკვე სტაბილურად გრძელდება. გუშინდელთან შედარებით კიდევ 101-ით შემცირდა რეანიმაციაში მოთავსებულ კოვიდ-ინფიცირებულთა რიცხვი (1694). მათგან 605 ლომბარდიაშია (29-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ).
როგორც საგანგებო სიტუაციების კომისარმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა, დღეს სამოქალაქო დაცვის სამსახურის ტრადიციული პრესკონფერენცია ბოლოჯერ გიმართა. ბორელის თქმით, მონაცემებიდან ჩანს, რომ იტალია საგანგებო სიტუაციის განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, ამიტომ ყოველდღიური პრესკონფერენციების ჩატარება აღარ არის საჭირო, თუმცა მონაცემებს, როგორც ადრე, მომავალშიც გააცნობენ საზოგადოებას.
„დღევანდელი მონაცემები ძალზე იმედისმომცემია, ეს ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“, – განაცხადა პულმონოლოგმა ლუკა რიჩელდიმ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, 6 რეგიონში აღარ დაფიქსირებულა გარდაცვალების არცერთი შემთხვევა, 9 სხვა რეგიონში კი 10-ზე ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა. ორჯერ შემცირდა გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა, 2-ჯერ და მეტად გაიზარდა გამოჯანმრთელების დღიური მაჩვენებელი და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ყველა სხვა მონაცემი.
„უნდა გვეშინოდეს თუ არა მეორე ფაზის დაწყება, განსაკუთრებით ტრანსპორტის სფეროში? – სრულიადაც არა“, – განაცხადა ბორელიმ პრესკონფერენციაზე. – „ჩვენ გვჭირდება ჩვენი თანამემამულეების დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ჩვენ უნდა გადავადგილდეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში და დავიცვათ დისტანცია ადამიანებს შორის. თუ ჰიგიენის ყველა წესს დავიცავთ და თავიდან ავიცილებთ ადამიანთა შეკრებებს, შევძლებთ სიტუაციის მართვას“.
მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია აშკარად უკან იხევს, მთავრობა იტალიაში კარანტინის ერთბაშად მოხსნას არ აპირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა. კონტეს თქმით, მთავრობა ჯერ მზად არ არის კარანტინის „ფორსირებულად“ მოხსნისთვის.
„ამას ვიტყვი, თუნდაც არაპოპულარული განცხადება იყოს: მთავრობას არ შეუძლია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნება“, – განაცხადა კონტემ პარლამენტში გამოსვლისას. პრემიერმა აღნიშნა, რომ „ქვეყანაში ჯერ კიდევ პანდემიაა“ და გააფრთხილა იტალიის რეგიონების ხელისუფლებები, შეზღუდვების დაჩქარებული მოხსნისგან თავი შეიკავონ.
უკვე ცნობილია მთავრობის მიერ განსაზღვრული ღონისძიებები საერთოეროვნული კარანტინის ზომების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მეორე ფაზაში, რომელიც 4 მაისიდან დაიწყება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები