COVID-19-ის მკურნალობის სტანდარტად შესაძლოა პრეპარატი რემდესივირი გამოცხადდეს. ამის შესახებ თეთრ სახლში 29 აპრილს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
კლინიკური გამოკვლევების წინასწარი შედეგებით, ამერიკული კომპანია „გილეადის“ მიერ თავის დროზე „ებოლასთან“ საბრძოლველად შექმნილი პრეპარატი რემდესივირი 31%-ით უფრო სწრაფად აჯანმრთელებს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს.
„მან [პრეპარატის გამოცდამ] დაადასტურა, რომ წამალს შეუძლია ვირუსის ბლოკირება“, – განაცხადა ფაუჩიმ და რემდესივირის გამოცდის შედეგებს „ძალიან ოპტიმისტური“ უწოდა.
კერძოდ, მისი ინფორმაციით, პრეპარატმა შეამცირა ვირუსის სიმპტომების ხანგრძლივობის პერიოდი, ასევე მცირედით შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, თუმცა, ფაუჩის თქმით, სიკვდილიანობის შემცირების ტენდენცია სტატისტიკურად ძალიან დიდი არ ყოფილა, ამიტომ შედეგები დამატებით ანალიზს საჭიროებს.
თავად დონალდ ტრამპმა ფაუჩის განცხადებას „კარგი ამბავი“ და „კარგი დასაწყისი“ უწოდა.
პრეპარატის გამოცდა 22 ქვეყანაში მიმდინარეობდა და მასში 1063 პაციენტი მონაწილეობდა. მედიკამენტი კომპანია „გილეადმა“ (Gilead Sciences Inc) შეიმუშავა.
საქართველოში ამ დროისთვის პრეპარატი რემდესივირი არ არის და, შესაბამისად, არც იყენებენ კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ. რაც შეეხება მის შემოტანას, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არის შანსი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რემდესივირს ურიგოდ მიიღებს, რადგან ამ მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია „გილეადსა“ და საქართველოს შორის თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია არსებობს. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრთან კლინიკური ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ცნობილია, „გილეადი“ არის სწორედ ის კომპანია, რომელიც საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში საჭირო მედიკამენტებით ამარაგებს.
ცერცვაძის თქმით, საქართველო მედიკამენტ რემდესივირის „რიგში რომ ჩამდგარიყო, … ჩვენ ვიქნებოდით უშანსოდ“ იმ ფონზე, რომ მრავალი ქვეყანა ელის მას.
მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს თანამშრომლობის ეს ისტორია და „მისცეს საქართველოს რემდესივირი“.
„არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს რემდესივირს და თუ გამართლდა ის იმედები, რომელიც დღეს არის და რომელიც დადო მსოფლიო ლიდერმა ტონი ფაუჩიმ, მაშინ საქართველო კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ და მომავალში დაიზღვევს თავს რაიმე სერიოზული დანაკარგებისგან“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
30 აპრილის 19:00 საათის მონაცემებით, საქართველოში მთლიანობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევა (+22 გუშინდელთან შედარებით), მათგან 178 უკვე გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, 6 პაციენტი გარდაიცვალა.
მომზადებულია 1tv.ge-ს მასალების მიხედვით
კომენტარები