იტალიაში ისევ შემცირდა გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი და ინტენსიური თერაპიის პაციენტთა რიცხვი
იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსის გამო 433 ადამიანი დაიღუპა (18 აპრილს ლეტალობის დღიური მაჩვენებელი იყო 482, 17 აპრილს – 575). მთლიანობაში ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით გარდაცვალების 23 660 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ „ანსა“ წერს.
სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, გასულ ერთ დღე-ღამეში ინფიცირების 3047 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (წინა დღით – 3491) და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 178 972-ს მიაღწია.
უკვე ორ კვირაზე მეტია, ყოველდღე იკლებს ინტენსიური თერაპიის პაციენტთა რიცხვი და არც დღევანდელი დღე ყოფილა გამონაკლისი – ამჟამად ეს მაჩვენებელი 2635-ია, 98-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ (922 – ლომბარდიაში, 25-ით ნაკლები, ვიდრე შაბათს).
დაინფიცირებულთაგან იტალიაში მთლიანობაში 47 465 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც 2128-ით მეტია გუშინდელთან შედარებით (შაბათს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის დღიური ზრდა 2200-ს შეადგენდა).
ნინო ხოშტარია
კომენტარები