იტალიასაზოგადოება

იტალია: საყოველთაო კარანტინი შესაძლოა აპრილის ბოლომდე ან 2 მაისამდე გაგრძელდეს

საუბარია შეზღუდვების გარკვეულ შერბილებაზეც და ზოგიერთი საწარმოს ამუშავებაზე

ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული 96 877 აქტიური პაციენტია (+1615 გუშინდელთან შედარებით), 28 470 პაციენტი გამოჯანმრთელდა (1979-ით მეტი, ვიდრე გუშინ); დაფიქსირდა 610 ახალი ლეტალური შემთხვევა (მთლიანობაში გარდაცვლილია 18 279 ადამიანი). ახალი მონაცემები სამოქალაქო დაცვის ტრადიციულ საღამოს პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ვირუსის გამოჩენიდან დღემდე მთლიანობაში გამოვლენილია SARS-CoV2-ით ინფიცირების 143 626 შემთხვევა. გასულ 24 საათში კიდევ 4204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა კიდევ 48 ათასი ტესტი, სულ 853 369 „ტამპონი“ (როგორც იტალიაში უწოდებენ).

უკვე მეექვსე დღეა სტაბილურად იკლებს ინტენსიური თერაპიის პაციენტების რაოდენობა – ამ დროისთვის მათი რიცხვი 3605-ია, რაც 88-ით ნაკლებია გუშინდელთან შედარებით; მათგან 1236 ლომბარდიაშია, 21-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ.

მივდივართ იქით, რომ 13 აპრილამდე გათვალისწინებული შეზღუდვების და იზოლაციის ზომები 2 კვირით გახანგრძლივდება, შესაძლოა 2 მაისამდეც. ამის თაობაზე ANSA „სანდო წყაროებზე“ დაყრდნობით წერს. შესაძლოა იყოს საუბარი იმაზეც, რომ მცირე საწარმოები, რომელთა საქმიანობა აგროსამრეწველო და ჯანდაცვის პროდუქციას უკავშირდება, გაიხსნას სათანადო მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში.

დღეს ჯუზეპე კონტემ ინტერვიუ მისცა ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს – „ბიბისის“, რომელშიც აღნიშნა, რომ მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება შესაძლოა თვის ბოლოდან დაიწყოს.

ნიკო აბაშიშვილი

მსგავს თემაზე: როდის დაიწყება შეზღუდვების შემსუბუქება? – ჯუზეპე კონტეს ინტერვიუ BBC-ს ეთერში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close