დასაქმებასაბერძნეთი

დასაქმების შანსი საბერძნეთის ტურისტულ ინდუსტრიაში

საბერძნეთში ტურიზმი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, ამდენად, ბევრ ახალგაზრდას ეძლევა შანსი, ამ სფეროში ძალები მოსინჯოს. საბერძნეთის ხელისუფლება ამ მხრივ კარგ შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, შვიდწლიანი შესვენების შემდეგ აღდგა გიდების/ექსკურსიამძღოლების სასწავლებლები ათენსა და თესალონიკში.

შარშან აღნიშნულ სასწავლებლებში პირველი სტუდენტები ჩაირიცხნენ. აღსანიშნავია, რომ ადრე გიდის/ექსკურსიამძღოლის სერტიფიკატს საბერძნეთში მარტო ამ ქვეყნისა და ევროკავშირის მოქალაქეებს აძლევდნენ, დღეს კი ე. წ. მესამე სამყაროს ქვეყნების მოქალაქეებსაც ეძლევათ ანალოგიური უფლება – ცხადია, თუკი ისინი საბერძნეთში კანონიერად ცხოვრობენ. ასევე აღსანიშნავია, რომ სწავლა სრულიად უფასოა. ათენის სასწავლებელში ყოველწლიურად 40 სტუდენტი ჩაირიცხება.

მაშ ასე, რა უნდა იცოდეთ საბერძნეთში ექსკურსიამძღოლის განათლების მიღების თაობაზე:
1. სწავლება ორწლიანია. მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. გაკვეთილები დილის საათებში ტარდება. დასწრება სავალდებულოა;
2. საბუთები მიიღება საბერძნეთის განათლების სამინისტროში აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე;
3. ადგილების 70 პროცენტი გათვალისწინებულია საშუალო განათლების მქონეთათვის, დანარჩენ ადგილებს უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები დაიკავებენ;
4. უცხოელ კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბერძნული ენის ცოდნის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი ( Γ1/C1; ჩვენს საიტზე მონახეთ სტატია ენის სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობაზე);
5. ნებისმერ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი უმაღლესი დონის სერტიფიკატი (Γ2/C1);
6. კანდიდატმა უნდა წარადგინოს სასკოლო ატესტატი და ე. წ. ნიშნების ფურცელი. უცხოური ატესტატის შემთხვევაში დოკუმენტი უნდა იყოს ლეგალიზებული და ნათარგმნი ბერძნულ ენაზე საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სათარჯიმანო ბიუროს მიერ;
7. „ნიშნების ფურცელი“ უნდა წარადგინოთ საბერძნეთის განათლების სამინისტროში, სადაც 20-ბალიან სისტემაში გადაიყვანენ და საშუალო ნიშანს გამოიყვანენ.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შესაბამისი განმარტება საბერძნეთის განათლების სამინისტროს საიტზე:
http://www.mintour.edu.gr/index.php/2014-09-12-07-30-46

სასწავლებელში ჩარიცხვისას მხედველობაში მიიღება შემდეგი მონაცემები:
1 ატესტატის საშუალო ნიშანი, რომელიც გამრავლდება 10-ზე, შესაბამისი ქულების მინიჭების მიზნით. მაგ., თუ თქვენი საშუალო ნიშანი არის 17, ავტომატურად გენიჭებათ 170 ქულა;
2. ინგლისური ენის ცოდნა – 100 ქულა;
3. ფრანგული, გერმანული, იტალიური ან ესპანური ენის ცოდნა – 200 ქულა;
4. ალბანური, რუმინული, ბულგარული, რუსული ან თურქული ენის ცოდნა – 300 ქულა;
5. არაბული, ებრაული, სომხური, უნგრული, იაპონური, ჩინური, კორეული და კიდევ რომელიმე სხვა ენის ცოდნა – 400 ქულა;
ცხადია, სასწავლებელში მოხდებიან ის კანდიდატები, რომლებიც მეტ ქულას დააგროვებენ. როგორც ხედავთ, იშვიათი ენების ცოდნა მეტ შანსს იძლევა.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გაეცანით საბერძნეთის ტურიზმის სამინისტროს შარშანდელ ბრძანებულებას:
http://www.mintour.edu.gr/images/attachments/%CF%80%CF%81%CE%BF%CE%BA%CE%B7%CF%81%CF%85%CE%BE%CE%B7_%CF%83%CF%87%CE%BF%CE%BB%CE%B7_%CE%BE%CE%B5%CE%BD%CE%B1%CE%B3%CF%89%CE%BD_%CE%B1%CE%B8%CE%B7%CE%BD%CE%B1%CF%82_%CF%86%CE%B5%CE%BA_2680_%CE%92_2017.pdf

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close