კორონავირუსის დღეს დადასტურებული ორი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ბათუმში დაფიქსირდა
2 წლის ბავშვთან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს
კორონავირუსის დღეს დადასტურებული ორი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ბათუმში დაფიქსირდა.
როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, ამჯერად კორონავირუსი 30 წლამდე მამაკაცს დაუდასტურდა, რომელსაც გერმანიასა და ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
მამაკაცი კარანტინში შვიდი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
ინფიცირებულის ტესტთან ერთად ლაბორატორიაში კიდევ 11 ანალიზი იყო გადაგზავნილი, თუმცა ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.
ამჟამად ბათუმში სულ შვიდი ინფიცირებულია. მათგან ექვსის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის, 70 წლის ქალის მდგომარეობა კი – საშუალო სიმძიმის.
ინფიცირებულები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფსა და კლინიკა „მედალფაში“ არიან გადანაწილებულები.
აჭარაში კარანტინში ამ დროისათვის 1800-ზე მეტი პირი იმყოფება.
საქართველოში 27 მარტის 13:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის სულ 81 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულებს შორის არის 26 წლის ორსული ქალი, რომლის მდგომარეობა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის სტაბილურია. 22 კვირის ორსული ქალი კლინიკაში ბოლნისიდან გუშინ შეიყვანეს.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის მდგომარეობას, რომელიც ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს, საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, კახა იშხნელის განცხადებით, ბავშვი კარგადაა და დაავადება მასთან უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
1tv.ge-ს მიხედვით
კომენტარები