ადამიანი, რომელიც ყნოსვის შეგრძნებას უეცრად დაკარგავს, შეიძლება ახალი კორონავირუსის „ფარული გადამტანი“ იყოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას სხვა არანაირი სიმპტომი არ აქვს. ამის შესახებ ბრიტანელი რინოლოგები მტკიცებულებათა შეგროვების საფუძველზე იუწყებიან.
ბრიტანეთის ყელ-ყურ-ცხვირის წამყვან ექსპერტთა ცნობით, სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა დაახლოებით მესამედი აღნიშნავს, რომ მათ უეცრად დაკარგეს ყნოსვის შეგრძნება.
„სამხრეთ კორეაში, სადაც ტესტირება ყველაზე ფართო მასშტაბით ჩატარდა, მსუბუქი სიმპტომების მქონე ინფიცირებულთა 30 პროცენტი ამბობს, რომ ჰქონდათ ანსომია (ყნოსვის უქონლობა)“, – აღნიშნავენ ერთობლივ განცხადებაში ბრიტანეთის რინოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი, პრეზიდენტი, პროფესორი კლეირ ჰიპკინსი და ბრიტანეთის ოტოლარინგოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ნირმალ კუმარი.
პროფესორების განცხადებით, ბევრი პაციენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც COVID-19 აღმოაჩნდათ, სიმპტომებს შორის აღწერენ მხოლოდ ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვას, სხვა უფრო აღიარებული სიმპტომების, მაგალითად, სიცხისა და ხველების გარეშე.
„სულ უფრო იზრდება იმ მოხსენებათა რაოდენობა, რომლებიც პაციენტებში ანსომიის ქონას იუწყება, სხვა სიმპტომთა გარეშე. ირანი იუწყება იზოლირებული ანსომნიის შემთხვევების უცაბედი ზრდის შესახებ, იმავეს აღწერს ბევრი ჩვენი კოლეგა აშშ-იდან, საფრანგეთიდან და ჩრდილოეთ იტალიიდან“, – წერია განცხადებაში.
ასეთ შემთხვევებში სხვა აღიარებულ სიმპტომთა ნაკლებობა შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ნაკლებ სავარაუდოა მოხდეს ამ ადამიანების ტესტირება და იზოლაცია, რის გამოც მათ შესაძლოა მსოფლიოს მასშტაბით დაავადების სწრაფ გავრცელებაში დიდი წვლილი შეჰქონდეთ.
„ეს პაციენტები შეიძლება ფარული გადამტანები იყვნენ და არ არის გამორიცხული, სწორედ მათ გამოიწვიეს COVID-19-ის ასეთი სწრაფი გავრცელება“, — ამბობენ პროფესორები.
პროფესორმა კუმარმა Sky News-ს განუცხადა, რომ ყნოსვისა და გემოს შეგრძნება შეიძლება განსაკუთრებით დამახასიათებელი იყოს ახალგაზრდა პაციენტებისთვის, კორონავირუსის სხვა უფრო ჩვეული სიმპტომების, სიცხისა და ხველების გარეშე.
„ახალგაზრდა პაციენტებს შეიძლება არ აღენიშნებოდეთ არც ხველება და არც სიცხე, მაგრამ დაკარგონ ყნოსვისა და გემოს შეგრძნება, რაც მიუთითებს, რომ ვირუსი უკვე ცხვირშია ჩაბუდებული“, – ამბობს კუმარი.
პროფესორები მოუწოდებენ ყველას, ვინც მოულოდნელად დაკარგა ყნოსვისა და გემოს შეგრძნება, დაუყოვნებლივ მოახდინონ თვითიზოლაცია, რათა თავიდან აიცილონ დაავადების შემდგომი გავრცელება.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.
1tv.ge
კომენტარები