ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

საფრანგეთს ვეტყოდი მადლობას ყველაფრისთვის, საქართველოს კი ვეტყოდი: „მიყვარხართ და მენატრებით!“

მაკა კოპალიანმა რამდენიმე წლის წინათ დაიწყო ახალი ცხოვრება საფრანგეთის ქალაქ ნიცაში – მარტოხელა დედამ მოჰკიდა ხელი თავის სამ შვილს და წავიდა, სიახლის, უკეთესი ცხოვრების ძიებაში. ცოტა არ იყოს, გაოცებს მისი ასეთი გაბედულება – როგორ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე და რა სიძნელეები დახვდა? რატომ აირჩია თავისთვის და თავისი შვილებისთვის ემიგრაციაში ცხოვრება? რა დახვდა არჩეულ ქვეყანაში და რას ფიქრობს ახლა თავის გადაწყვეტილებაზე? – ამ ყველაფერზე თავად მაკა კოპალიანი გვესაუბრება ნიციდან.

არ გაგიჭირდათ ბავშვებთან ერთად უცხო ქვეყანაში წასვლა და ცხოვრება ქალაქში, სადაც თქვენი არავის ესმოდა?

მანამდეც ვცხოვრობდი უცხო ქვეყანაში – რუსეთში, სტუდენტობის პერიოდი მოსკოვში მაქვს გატარებული და მერე ვმუშაობდი. პროფესიით ექთანი ვარ. ოთხი წელია, რაც საფრანგეთში, კერძოდ, ნიცაში ვიმყოფებით. რთული იყო, რა თქმა უნდა, ახალი  ცხოვრების დაწყება უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში… მაგრამ იმაზე რთული არაფერია, როცა სიახლის დაწყების გეშინია. ძალიან რისკიანი ადამიანი ვარ, სულ სიახლეებს ვეძებ. გამართლებაზეც არის ალბათ – მე თბილი ხალხი შემხვდა. საერთოდ, ფრანგებს გულუხვებად არ ახასიათებენ, თუმცა ფაქტია, რომ ოჯახმა, სადაც ვმუშაობ, ძალიან თბილად მიგვიღო და ადაპტირებაც არ გაგვჭირვებია.

სრულიად მარტომ მოჰკიდეთ სამ შვილს ხელი და ნიცაში წახვედით?

მიუხედავად იმისა, რომ მარტოხელა დედა ვარ, არ გამჭირვებია ამხელა პასუხისმგებლობის აღება. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, რთულია ახალ ცხოვრებასთან შეჭიდება, მაგრამ ჩემი სამი შვილის მომავლისთვის ასე უმჯობესი იყო.

საკუთარი პროფესიით იშოვეთ სამსახური?

რუსეთში ვმუშაობდი ჩემი პროფესიით, კერძოდ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში, ნიცაში ძიძად ვმუშაობ.

ბავშვებმა იციან ფრანგული?

რა თქმა უნდა! ბავშვებმა ფრანგულთან ერთად მშობლიური ენაც კარგად იციან – სახლში ქართულად ვსაუბრობთ.

ჩემი უმცროსი გოგო – ქეთი ქართულ ცეკვაზე დადის. აქაური ქართველების დიდი სურვილი იყო, გვქონოდა ქართული ცეკვის სტუდია და ეს იდეა „რუსთავის“ სოლისტმა ზურაბ ცუცქირიძემ განახორციელა. სტუდიაში ქართველი ბავშვები მშობლიურ ენას ეუფლებიან, ქართულ წერას სწავლობენ. ჩემი ბიჭი ფეხბურთზე დადის ნიცის ჯგუფში.

საქართველო არ გენატრებათ?

რაღა დაგიმალოთ და – ყველაფრის მიუხედავად, მიყვარს და მენატრება ჩემი ქვეყანა, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის აქ უკეთესი გარემოა, ვიდრე საქართველოში.

რას ეტყოდით მონატრებულ საქართველოს?

პირველ რიგში, საფრანგეთს ვეტყოდი მადლობას ყველაფრისთვის, საქართველოს, უბრალოდ, ვეტყოდი: მიყვარხართ და მენატრებით!

დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?

ხშირად… თუმცა რთულია. აქ ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს, დავლაგდით… სიამოვნებით დავბრუნდები ნებისმიერ დროს, არც დავფიქრდები, რომ ვიცოდე – ჩემს ქვეყანას ვახსოვარ და მელოდება.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close