გერმანიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა
გერმანიის ქალაქ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ინფიცირებულ მოქალაქეს ვირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება.
„აღნიშნულ მოქალაქეს დაუკავშირდა საქართველოს საელჩო, კერძოდ საკონსულო მიუნხენში, გაეცნო მის მდგომარეობას. მუდმივად არის არის საკონსულო მათთან კავშირზე. საქართველოს მოქალაქეს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია გერმანელ მედიკოსებთან, რომლებმაც მიუთითეს მკურნალობის მეთოდოლოგია მისი მდგომარეობის გათვალისწინებით. საკონსულო მუდმივად რჩება მასთან კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩენს საჭირო დახმარებას.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს იგი რეკავდა საკონსულოს ცხელ ხაზზე და მას არ პასუხობდნენ, მოქალაქესთან კომუნიკაციის შემდეგ, აღმოჩნდა რომ არ არის სიმართლე და უზუსტობას ჰქონდა ადგილი. იგი არ რეკავდა გერმანიაში საქართველოს საელჩოს და სამივე საკონსულო ოლქის მითითებულ ცხელ ხაზზე. ის რეკავდა სხვა ნომერზე. აღნიშნულ მოქალაქეს მისივე ინფორმაციით და გერმანელი მედიკოსების ინფორმაციით აქვს ვირუსის მსუბუქი ფორმები. იგი არ ექვემდებარება სტაციონალურ მკურნალობას და მკურნალობას გადის ადგილზე გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ამ დროისთვის გერმანიასი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 4233-ს მიაღწია – ამის შესახებ Focus Online-ი წერს გერმანიის ფედერალური მიწების ადმინისტრაციების მონაცემებზე დაყრდნობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, სადაც 1636 პაციენტია (4 გარდაიცვალა).
ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, შესაბამისად, 681-ს (ერთი გარდაიცვალა) და 589-ს (3 გარდაიცვალა) აღწევს .
COVID-19-ისგან გერმანიაში მთლიანობაში 8 ადამიანი გარდაიცვალა, 46 კი გამოჯანმრთელდა.
კომენტარები