იტალია: 250 გარდაცვლილი ერთ დღეში, ინფიცირების 2116 ახალი შემთხვევა
შაბათ-კვირას პიკს ელოდებიან, შემდეგ კი მიღებული შეზღუდვების შედეგები უნდა გამოჩნდეს
იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსმა 250 ადამიანი იმსხვერპლა და მთლიანობაში ლეტალურ შემთხვევათა რიცხვმა 1266-ს მიაღწია; ახალი ვირუსით დაინფიცირდა 2116 ადამიანი და ამ დროისთვის დაავადებულთა რიცხვი 14955-ს აღწევს; 1439 პაციენტი გამოჯანმრთელდა – 181-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს. მთლიანობაში იტალიაში ინფიცირების შემთხვევათა რიცხვმა 17660-ს მიაღწია, – ეს მონაცემები წარადგინდა დღეს სამოქალაქო დაცვის სამსახურის პრესკონფერენციაზე საგანგებო სიტუაციათა კომისარმა ანჯელო ბორელიმ. ინფორმაციას გამოცემა ANSA ავრცელებს.
პრინციპში, ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა და არსებული პროგნოზით, შაბათ-კვირასაც გაგრძელდება. იტალიის მთავრობის მიერ მთელი ქვეყნის „წითელ ზონად“ გამოცხადების შედეგებს უახლოეს დღეებში არ ელოდებიან. ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 4-7 დღეა საშუალოდ, ამიტომ მთავრობის დეკრეტმა „მე სახლში ვრჩები“ შედეგები დაახლოებით ერთ-ორ კვირაში უნდა მოიტანოს – ასეთია ექსპერტების აზრი, ამის თაობაზე გუშინ თავად პრემიერ-მინისტრმა კონტემაც განაცხადა.
გუშინ გამოცხადებული მონაცემების თანახმად, ლომბარდიაში 7732 პაციენტია – 836-ით მეტი, ვიდრე გუშინ, ემილია რომანიაში – 2011 (+253), ვენეტოში – 1453 (+156), 794 – პიემონტში (+240), 698 – მარკეში ( +128), 455 – ტოსკანაში (+103), 242 – ლაციოში (+70), 213 – კამპანიაში (+39), 304 – ლიგურიაში (+61), 236 – ფრიული ვენეცია-ჯულიაში (+88), 126 – სიცილიაზე ( +15), 121 – აპულიაში (+23), 157 – ტრენტინოში (+55), 83 – აბრუცოში (+5), 73 – უმბრიაში (+11), 17 – მოლიზეში (+1), 43 – სარდინიაში (+4 ), 27 – ვალე დ’აოსტაში (+1), 37 – კალაბრიაში (+5), 123 – სამხრეთ ტიროლში (+20), 10 – ბაზილიკატაში (+2).
რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, 890 ადამიანი დაიღუპა ლომბარდიაში (+146), 201 – ემილია-რომანიაში (+55) , 42 – ვენეტოში (+10), 46 – პიემონტში (+20), 27 – მარკეში (+5), 5 – ტოსკანაში (+0), 17 – ლიგურიაში (+6), 2 – კამპანიაში (+1), 11 – ლაციოში (+2), 10 – ფრიული ვენეცია-ჯულიაში (+2), 5 – აპულიაში (+0), 2 – ბოლცანოს პროვინციაში (+1), 2 – სიცილიაზე (+0), 2 – აბრუცოში (+0), ერთი – უმბრიაში (+1), ერთი – ვალე დ’აოსტაში (+0), 2 – ტრენტინოში (+1). მთლიანობაში კორონავირუსზე 97 488 ტესტი გაკეთდა, მათგან 65 000-ზე მეტი – ლომბარდიაში, ვენეტოსა და ემილია რომანიაში.
„პაციენტების საშუალო ასაკი, რომლებიც კორონავირუსმა იმსხვერპლა, 80 წელზე მეტია (80,3), მათგან 25,8%-ია ქალი. გარდაცვლილთა საშუალო ასაკი გაცილებით მაღალია, ვიდრე მთლიანად ინფიცირებულთა საშუალო ასაკი. გარდაცვალების პიკი 80-89 წელზეა. 80 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში გარდაცვალების შემთხვევათა საშუალო რაოდენობა გაცილებით მაღალია“, – განაცხადა ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტის (Istituto Superiore di Sanità/ISS) ხელმძღვანელმა სილვიო ბრუზაფერომ რომში 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ შაბთ-კვირას ინფექციის გავრცელების პიკი იქნება: „ამ გამოსასვლელ დღეებში ველოდებით, რომ ეს [ინფექციის პიკი] იქნება, რაც დაკავშირებულია წინა შაბათ-კვირას ადამიანთა ქცევასთან. ვირუსის ინკუბაცია 4-7 დღე გრძელდება: ჩვენ ვნახეთ ადამიანთა ჯგუფები ზღვაზე, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, კვების ობიექტებში – ადგილებში, სადაც, როგორც ჩანს, ვირუსი ცირკულირებდა. ამ ადამიანთა ნაწილს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოუვლინდება სიმპტომატიკა. ეს ჰიპოთეზაა, ვიმედოვნებთ, რომ ფაქტები ამ ჰიპოთეზას არ დაადასტურებს“, – განაცხადა მან.
„სოციალური დისტანცირება ინფექციის გავრცელების შემცირების გასაღებია. მომავალი კვირები გადამწყვეტი იქნება და დამოკიდებული იქნება თითოეული მოქალაქის ქცევაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ ინფექციის გავრცელებასა და პიკთან დაკავშირებით გამოთქმულ ჰიპოთეზასთან დაკავშირებით.
ვირუსის შეჩერებისთვის მიღებული მკაცრი ზომების წყლობით თავიდან ავიცილებთ არამდგრად პიკებს, მოვახერხებთ SarsCov2-ის დასუსტებას და გავრცელების დინამიკის შენელებას; კორონავირუსის ახალ შემთხვევებს ადგილი ექნება შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, თუმცა ინფექციის გავრცელება ჯანდაცვის სფეროსთვის მართვადი გახდება, – აცხადებს ANSA-სთან საუბარში პიერ ლუიჯი ლოპარკო, პიზის უნივერსიტეტის ჰიგიენის პროფესორი, ეპიდემიოლოგი.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები