WHO-მ COVID-19-ის ინფექცია პანდემიად გამოაცხადა
გამყრელიძე განმარტავს, რას ცვლის კორონავირუსის გავრცელების პანდემიად გამოცხადება
მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას შეიძლება პანდემია ეწოდოს, – ასეთი განცხადებით გამოვიდა დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ღებრეიესუსი. „ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ COVID-19-ის ინფექცია შეიძლება პანდემიად იქნეს განხილული“, – თქვა მან.
ღებრეიეუსის თქმით, „WHO ღრმად არის შეშფოთებული დაავადების გავრცელებისა და სიმწვავის დონით და უმოქმედობის საგანგაშო დონით“.
ეს პირველი რესპირატორული დაავადებაა, რომელიც პანდემიად ცხადდება, დასძინა ღებრეიუსმა 11 მარტს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, COVID-19 114 ქვეყანაშია გავრცელებული, ინფიცირებულია 125 ათასამდე ადამიანი, გარდაიცვალა 4589.
„პანდემიის გამოცხადება სიახლე არ იყო, ამას ველოდებოდით. დაახლოებით ორი კვირის წინ მათ პანდემიური მზადყოფნა გამოაცხადეს“, – უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, ჯანმო-ს ქვეყნებისთვის პანდემიისთვის მზადების დაწყების შესახებ რეკომენდაცია ჰქონდა მიცემული.
ამირან გამყრელიძის თქმით, პანდემიის გამოცხადება ნიშნავს უფრო მეტ სიფხიზლესა და მზადყოფნას.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ხვალ გამოაქვეყნებს რეკომენდაციებს პანდემიასთან დაკავშირებით ანუ რა ტიპის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს. დარწმუნებული ვარ, იქ არ იქნება ისეთი განსაკუთრებული, რაც ქვეყნებში არ ხორციელდება, მაგრამ ალბათ მაინც იქნება გარკვეული სიახლეები. თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი პანდემიური მზადყოფნის გეგმები, მოსახლეობის დაზიანების მაჩვენებლის მიხედვით. ქვეყანა აწარმოებს სამუშაოებს ამ გეგმით“, – განმარტავს გამყრელიძე. მისი თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში ბოლო სამი კვირის განმავლობაში სერიოზული განგაშია, სხვადასხვა უწყება ბევრ ღონისძიებას ატარებს.
11 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24-ს შეადგენს.
radiotavisupleba.ge-ს მასალების მიხედვით.
P. S. INFO: პანდემია არის ეპიდემია, რომელიც არა მარტო ერთ ქვეყანაში, არამედ რამდენიმე სახელმწიფოში ვრცელდება, ფარავს ბევრად მასშტაბურ გეოგრაფიულ არეალს და ადამიანების გაცილებით დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას.
ისტორიის განმავლობაში დაფიქსირებულია რამდენიმე პანდემია, მაგალითად, ყვავილის და ტუბერკულოზის. ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი პანდემია იყო შავი ჭირი, რომელმაც XIV საუკუნეში დაახლოებით 75-200 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ამჟამად მსოფლიოში გვაქვს მხოლოდ ორი პანდემია – აივ/შიდსი და ახალი კორონავირუსული დაავადება (COVID-19). ბოლოდროინდელ სხვა პანდემიებს შორის არის 1918 წლის გრიპის პანდემია (ე. წ. „ესპანური გრიპი“) და 2009 წლის გრიპის პანდემია (H1N1).
კომენტარები