მსოფლიოპოლიტიკასაბერძნეთი

რამ შთააგონა ერდოღანს საბერძნეთში ლტოლვილების „მშვიდობიანი“ შეჭრის ორგანიზება

როგორც ცნობილია, 28 თებერვალს თურქეთმა მიიღო გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს სირიელი დევნილები, რომლებიც თურქეთიდან ცდილობენ ევროპაში მოხვედრას როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გზით. შედეგად, ათიათასობით ლტოლვილი საბერძნეთის საზღვარს მოადგა, რასაც შეტაკებები მოჰყვა.

საბერძნეთის ხელისუფლებამ თურქეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა. სპეციალური დანიშნულების რაზმებმა ლტოლვილთა ნაკადის შეჩერება მოახერხეს. ბერძნული საზოგადოებრივი აზრის თანახმად, ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია და სინამდვილეში თურქეთი თავს ესხმის საბერძნეთს, რომლის სახელმწიფოებრიობას უთხრის ძირს. თუკი საბერძნეთი ვერ შეძლებს ამ შემოტევის შეჩერებას, მისი ეროვნული სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დადგება.

ფოტო: AP

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი უკვე მოხდა თანამედროვე ისტორიაში და შესაძლოა მან შთააგონა ერდოღანს ასეთი არაორდინალური გადაწყვეტილება მიეღო. კერძოდ, ის, რაც დღეს საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე ხდება, ძალიან ჰგავს ე. წ. „მწვანე მარშს“, რომელიც 1975 წელს მაროკოს მეფე ჰასან II-მ განახორციელა დასავლეთ საჰარის დასაპყრობად: ეს იყო ესპანეთის მმართველობის ბოლო დღეები მის კოლონიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. დასავლეთ საჰარის განმათავისუფლებელმა ფრონტმა „პოლისარიომ“ დაიწყო აჯანყება ესპანელთა წინააღმდეგ. სავარაუდოდ, ის მალე დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. ამასთან, მაროკოს მეფეს, ჰასან II-ს ესპანეთის საჰარის მიერთება სურდა. მას სწრაფად უნდა ემოქმედა და დასავლეთ საჰარის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაეკავებინა მისი ტერიტორია. ამავე დროს, შეეძლო თავისი ქმედება ესპანეთის კოლონიალიზმის წინააღმდეგ მაროკოს ტერიტორიის გათავისუფლებისათვის ბრძოლად წარმოეჩინა.

სამხედრო თვალსაზრისით მაროკო ესპანეთთან შედარებით სუსტი იყო, რაც მას ჩვეულებრივი სამხედრო მოქმედებების ჩატარების საშუალებას არ აძლევდა. მაროკოს მეფემ, დღევანდელი ტერმინოლოგიით, აირჩია ბრძოლის ასიმეტრიული მეთოდი – კერძოდ, მან შეიკრიბა დაახლოებით 350 ათასი „მშვიდობიანი მოქალაქე“, რომლებმიც 1975 წლის 6 ნოემბერს უიარაღოდ, „მშვიდობიანად“ გაემართნენ საზღვრისაკენ დაახლოებით 20 ათასი ჯარისკაცის თანხლებით და გაარღვიეს ესპანეთის ჯარის დაცვის ხაზი. ესპანელმა სამხედროებმა უიარაღო ხალხს არ ესროლეს და მაროკომ შეძლო თავისი მიზნებისთვის მიეღწია. 1975 წლის 14 ნოემბრის ე. წ. მადრიდის შეთანხმებით, დასავლეთ საჰარა მავრიტანიამ და მაროკომ გაიყვეს.

„პოლისარიოს“ ფრონტმა წამოიწყო მტკივნეული და სასტიკი პარტიზანული ბრძოლა ქვეყნის ორი დამპყრობლისგან გასათავისუფლებლად. მან მოახერხა მავრიტანიის განდევნა, მაგრამ მაროკომ დაიპყრო ის ტერიტორიები, რომლებიც მავრიტანიელებმა დატოვეს. ომი ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა. დღეს „პოლისარიო“ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებს აკონტროლებს, ხოლო მაროკოელებმა გაყოფის ხაზის გასწვრივ უზარმაზარი. 2000 კილომეტრი სიგრძის კედელი ააშენეს. დასავლეთ საჰარის ეროვნული დამოუკიდებლობის საკითხი საბოლოოდ დღემდე არ მოგვარებულა.

გიორგი ჯანელიძე

ფოტო: Par Lencer – Travail personnel, CC BY-SA 3.0, wikimedia.org

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close