მიცოტაკისი დანაპირებს ასრულებს: ათენში დანაშაულთან მებრძოლ პოლიციელთა რიცხვი გაორმაგდა
დღეისათვის საბერძნეთში დანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ეფექტიანი დანაყოფი არის DIAS-ი (ΔΙΑΣ). დღეს დილიდან ათენის პოლიციის რიცხოვნობა გაიზარდა და საბერძნეთის დედაქალაქის ქუჩებში დამატებით კიდევ ΔΙΑΣ-ის 1183-მა პოლიციელმა დაიწყო 24-საათიანი პატრულირება, მანამდე მოპატრულირე 800 პოლიციელთან ერთად.
ეს კი ნიშნავს, რომ პოლიციის ჯგუფები, რომლებიც დანაშაულს ებრძვიან, 2-ჯერ და მეტად გაიზარდა.
მაგალითად, ათენის ოლქში, სადაც 24-საათიანი რეჟიმით პატრულირებდა 53 ჯგუფი, ამიერიდან 123 ჯგუფი იპატრულირებს. ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკაში 50 ჯგუფის ნაცვლად – 99 დაიცავს მოქალაქეთა უსაფრთხოებას, დასავლეთ ატიკაში 40-ის ნაცვლად – 96, ხოლო პირეოსში 30 ჯგუფის ნაცვლად 48 შეეცდება დანაშაულის პრევენციას და სამართალდარღვევებთან ბრძოლას.
აგრეთვე, ატიკის ყველა მუნიციპალიტეტში ღამით ΔΙΑΣ-ის, სულ მცირე, ერთი საპატრულო ჯგუფი იმოძრავებს.
საპატრულო ჯგუფები 4-კაციანი იქნება, 2 სატრანსპორტო საშუალებით; როგორც ინფორმაცია ვრცელდება, აუცილებელი პირობაა, რომ ყველა ჯგუფში იყოს პოლიციის ერთი უფროსი ოფიცერი.
რამდენიმე დღეში ამ ჯგუფებს კიდევ 17 პოლიციელი შეუერთდება, რომლებიც ამჟამად ტესტირებას გადიან დიდი მოცულობის ძრავის მქონე მოტოციკლეტების მართვის დიპლომების მისაღებად.
მთლიანობაში 130-მა ინსტრუქტორმა მიიღო მონაწილეობა სპეციალურ სემინარებში და ΔΙΑΣ-ის თანამშრომლების გაძლიერებულ სწავლებაში, რომლებმაც დანაშაულთან ბრძოლის ოპერატიულ საკითხებთან ერთად, პოლიციის ეთიკის და მოქალაქეობის კოდექსის სპეციალური კურსებიც გაიარეს.
ამ ღონისძიებით საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა შეასრულა დანაპირები, რომ დანაშაულთან ბრძოლა გაძლიერდება.
რა შედეგს მოიტანს საბერძნეთის მთავრობის მიერ მიღებული ზომები, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
წყარო: cnn.gr/
კომენტარები