როგორ განვივითაროთ ინტუიცია: მისი მოსმენის და გაგების 8 ხერხი
„ინტუიციამ ზუსტად იცის, როგორ შეიძლება აავსოთ თქვენი ცხოვრება ბედნიერებით. საჭიროა მხოლოდ ისწავლოთ მისი ხმის ამოცნობა და იმის გარკვევა, თუ რას ამბობს იგი. მიჰყევით მის ძახილს! ამიტომაც, ჩემი აზრით, ინტუიციის განვითარება, მისი გაგება სურვილების ასრულების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მიჰყევით თქვენს ინტუიციას და დაინახავთ, როგორ და რა ფორმით გამოვლინდება ჭეშმარიტი სიბრძნე“. ოპრა უინფრი
რა არის ინტუიცია
სანამ განვიხილავთ, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ინტუიცია, მოდით გავერკვეთ, რა არის ის.
ოდესმე გაგჩენიათ გულში ისეთი გრძნობა, თითქოს რაღაც არასწორად მიდიოდა, ან ის, რომ გარკვეულ სიტუაციაში ჯობდა შეჩერებულიყავით და სხვა გზით წასულიყავით? იქნებ რაღაც აუხსნელი საფრთხის ან მოუსვენრობის შეგრძნება დაგეუფლათ?
აი, ეს არის თქვენი ინტუიციის ხმა.
საკუთარი ინტუიციის ნდობის შესაძლებლობა თითოეულ ჩვენგანში საკმაოდ დიდია, მაგრამ დასაწყისში ჯერ მისი განვითარება უნდა ისწავლოთ. როდესაც საკუთარი ინტუიციის გამოყენებას დაიწყებთ, ეს თავისთავად გაზრდის მისდამი ნდობას, ნელ-ნელა ისწავლით, როგორ მოუსმინოთ მას და როგორ დაიხმაროთ ამა თუ იმ სიტუაციაში. დამერწმუნეთ, ინტუიციის კარნახით მიღებული გადაწყვეტილების გამო არასდროს ინანებთ, მოდით ვნახოთ, რას წარმოადგენს ინტუიცია და როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი.
ინტუიცია – ეს ჩურჩულია, ზოგჯერ კივილიც კი, რომელიც გკარნახობთ – გადახტეთ ან უმოძრაობა შეინარჩუნოთ. ეს არის თქვენი შინაგანი GPS სისტემა.
თქვენი ინტუიცია არის სულის, ემოციების და ლოგიკის შერწყმა, რომელიც ცხოვრებაში მეგზურობას გიწევთ. როგორც წესი, უმეტესი ჩვენგანი საკუთარ ინტუიციის ხმას არ იცნობს ან არ ენდობა. ჩვენს გონებაში საკუთარ თავს გამუდმებით ველაქლაქებით, რაც საშუალებას არ გვაძლევს, ვუსმინოთ, რას გვეუბნება ჩვენი ინტუიცია. ამ ლაქლაქს კი თან ახლავს ეჭვი, შფოთვა, განსჯა და შიში.
ვთქვათ, თქვენი შინაგანი ხმა გეუბნებათ: „მოდი, გავრისკოთ და დავწეროთ ეს წიგნი!“ ან „მოდი, ეს ბიზნესი წამოვიწყოთ!“ თქვენ იმწუთას აღფრთოვანებული ხართ და ამბობთ: „რა კარგი იდეა მომივიდა!“ შემდგომ ეტაპზე კი საკუთარ თავთან დიალოგს იწყებთ და მოდის და მოდის ეჭვები: „იქნება ვცდები? რომ არ გამომივიდეს?“ „ეს რა უაზრობა მომაფიქრდა, ამის გაკეთება ხომ შეუძლებელია, იმდენი დაბრკოლება დამხვდება გზაზე“.
და გვგონია, რომ აზრთა ეს ორი მიმართულება ერთი ადგილიდან – გონებიდან მოდის და ვიჯერებთ ბოლოს ნაფიქრალს. სინამდვილეში კი მათი წარმომშობი ორი სათავე არსებობს – ინტუიცია და გონება. გონება ისეა მოწყობილი, რომ მას ჩვენი შეცდომებისგან, უარყოფითი ემოციებისგან, წარუმატებლობისგან დაცვა ევალება. ის ყოველთვის ოპოზიციაში დგას. ის ყოველთვის უფრთხის გაურკვევლობას: ჯობია არ გააკეთოთ, ვიდრე რაიმე წამოიწყოთ, გაწბილდეთ და ამით თქვენი ნეგატიური ემოციების ბანკი გაამდიდროთ.
ინტუიცია კი სურვილისა და სიყვარულის ნაპერწკალია. სწორედ ეს ნაპერწკალია კაცობრიობის მამოძრავებელი.
ზოგჯერ ძალზე მნიშვნელოვანია გონების გამორთვა და იმის დაჯერება, რასაც თქვენი სული გეუბნებათ!
მოდით, ბოლოს და ბოლოს ვისწავლოთ, როგორ განვავითაროთ ინტუიცია და ფარული შესაძლებლობები, რაც ჩვენი სურვილების შესრულებაში დაგვეხმარება.
გთავაზობთ 8 შესანიშნავ რჩევას. თუ შეეცდებით მათ ცხოვრებაში გამოყენებას, ინტუიციის გაგონებას და მოსმენას ისწავლით.
1. ეძიეთ ნიშნები
უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ შეძლოთ თქვენი ინტუიციის გამოყენება, უნდა შეძლოთ მისი ამოცნობა, როდესაც ის გესაუბრებათ. ინტუიცია, როგორც წესი, არც ხმამაღლა საუბრობს და არც ითხოვს – ის დახვეწილია და სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულად ამჟღავნებს თავს.
მაგალითად, შეიძლება მან შეტყობინება ვიზუალური სახით მოგაწოდოთ, ვთქვათ, უეცრად თქვენ თვალწინ გაელვებული გამოსახულების ან, პირიქით, შენელებული ფილმის ნაწყვეტის სახით.
ინტუიცია შეიძლება დაგეკონტაქტოთ უეცარი მიხვედრით ან აზრით. გარდა ამისა, თქვენს ინტუიციას შეუძლია მოგაწოდოთ ფიზიკური შეგრძნება, თითქოს კანზე ჭიანჭველები აფუთფუთდნენ, მუცელში სპაზმი იგრძნოთ ან პირიქით, შვება დაგეუფლოთ.
ზოგჯერ ინტუიცია ცოდნისა და ნდობის ღრმა შეგრძნებით აჩენს თავს. თუ ოდესმე გიგრძნიათ, რომ რაღაც ნამდვილად ჭეშმარიტი რამ შეიმეცნეთ, იცოდეთ – ეს თქვენი ინტუიციის გამოგზავნილი მესიჯი იყო.
გახსოვდეთ, რომ თქვენი გონების ქვეცნობიერმა ნაწილმა ისეთი რამ იცის, რაც თქვენი ცნობიერი გონებისთვის შესაძლებელია მიუწვდომელიც კი აღმოჩნდეს. ირწმუნეთ, რომ თუ ნიშნები მეორდება, ე. ი. ინტუიცია დაბეჯითებით ცდილობს, რაღაცას მიგახვედროთ, რაც ცხოვრებაში გამოგადგებათ.
2. მედიტაცია
როგორც ჩვენს სხეულს ვუვლით და პირად ჰიგიენას ვიცავთ, ან ვცდილობთ, რომ ზედმეტად არ ვიღელვოთ და დავზოგოთ საკუთარი ემოციები ანუ სამშვინველი, ისევე სჭირდება დასვენება და „დასუფთავება“ ჩვენს სულს. ეს კი შესაძლებელია მედიტაციით. დღეში შინაგანი დიალოგის (ლაქლაქის) 5-10 წუთიანი შეჩერებაც კი ნამდვილად დაგეხმარებათ ამაში. გონება დაისვენებს, თქვენ კი საშუალება მოგეცემათ, თქვენს ინტუიციას დაუკავშირდეთ. მედიტაცია ასევე დაგეხმარებათ ნათელი და პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებაში.
მედიტაციის დროს თქვენში ძლიერად ჟღერს ის აზრები და გრძნობები, რომლებსაც ალბათ სხვა დროს არაფრად ჩააგდებდით, რადგან ყველას ცხოვრება ისეა დატვირთული მოვლენებით, რომლებიც ჩვენგან უამრავ რესურსს მოითხოვს, რომ დრო აღარ გვრჩება, საკუთარ ჭეშმარიტ აზრებს ყური დავუგდოთ.
გამოძებნეთ დრო მედიტაციისთვის. დაასვენეთ გონება და მოუსმინეთ სრულ სიჩუმეში წამოსულ აზრებს. ეს ინტუიციის ხმის სხვა ხმებისგან გარჩევას და მის აღქმას გაგიადვილებთ.
3. დასვით კითხვები
ინტუიციისგან სიბრძნის მიღება არ უნდა იყოს პასიური გამოცდილება. დაუსვით კონკრეტული კითხვები თქვენს ინტუიციას, რომ მისგან ზუსტი პასუხები მიიღოთ. რაც უფრო მკაფიო კითხვას დასვამთ, მით უფრო ნათელი იქნება პასუხი.
სტატიის ბოლოში მოგიყვებით, თუ როგორია ინტუიციისთვის კითხვის დასმის ტექნიკა.
4. ჩაიწერეთ პასუხები
ინტუიციური შეტყობინებები ძალზე ფაქიზია და შეიძლება თქვენი ცნობიერიდან საკმაოდ სწრაფად გაქრეს, თუ მათ დასაფიქსირებლად ზომებს არ მიიღებთ . ნევროლოგიის კვლევებმა აჩვენა, რომ ინტუიციური იდეები, რომლებსაც 37 წამის განმავლობაში არ ჩავიწერთ, როგორც წესი, აღარასდროს გაგვახსენდება.
5. აწარმოეთ დღიური
ეს ძალზე ეფექტიანი გზაა თქვენს ინტუიციასთან საუბრის დასაწყებად და მისგან სიბრძნის მისაღებად. გირჩევთ, რეგულარულად აწარმოოთ დღიური დღეში მხოლოდ ხუთი ან ათი წუთის განმავლობაში – შედეგები გაგაოცებთ. თქვენ თვალნათლივ ნახავთ იმ ცვლილებებსა და პროგრესს, რომელიც თქვენში მიმდინარეობს.
6. იმოქმედეთ სწრაფად
სამყარო მათ აჯილდოებს, ვინც დაუყოვნებლივ მოქმედებს – თქვენი ინტუიციაც ამ პრინციპით მოქმედებს.
როდესაც კონკრეტული მოქმედებით რეაგირებთ იმ ინფორმაციებზე, რომლებსაც თქვენი სიბრძნის შინაგანი წყაროდან იღებთ, ხსნით არხს ქვეცნობიერ და ცნობიერ გონებას შორის და იღებთ კიდევ უფრო ღრმა და მნიშვნელოვან ინტუიციურ შეტყობინებებს, რომელთა მოსმენა სულ უფრო იოლი ხდება. პრაქტიკა დაგეხმარებათ ინტუიციის ხმის სწრაფად ამოცნობაში.
7. ენდეთ საკუთარ თავს
რაც უფრო მეტ რწმენას გამოიჩენთ თქვენი ინტუიციის მიმართ, მით უფრო ნაყოფიერი იქნება შედეგი.
თუ გსურთ საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარება ან თქვენი ცხოვრების მომგებიანი გეგმების დასახვა, გამოიყენეთ ინტუიცია ინსტრუმენტად, მოუსმინეთ მას და მიჰყევით თქვენს შინაგან სიბრძნეს.
მნიშვნელოვანია! ენდოთ თქვენს ინტუიციას – ნიშნავს ენდოთ საკუთარ თავს. საკუთარი თავის რაც უფრო მეტ ნდობას დანერგავთ, მით უფრო მეტი წარმატება გექნებათ.
8. იცხოვრეთ აწმყოთი
აწმყოზე კონცენტრირება საუკეთესო რამ იქნება, რისი გაკეთებაც საკუთარი თავისთვის და თქვენი ინტუიციისთვის შეგიძლიათ. თუ ყურადღებას უფრო მეტად წარსულში მომხდარ მოვლენებზე გაამახვილებთ, ამით ძველ ტკივილსა და დანაშაულის შეგრძნებას კვლავ და კვლავ გააღვივებთ. მუდმივი შფოთვა კი თქვენს გონებას დააბინძურებს და ნეგატიურ აზროვნებას ჩამოგიყალიბებთ. იგივე ითქმის მომავლის ფიქრების შესახებაც, რაც ჯერ არ მომხდარა და რისი გაკონტროლებაც აწმყოდან შეუძლებელია.
შეეცადეთ, იყოთ აქ და ახლა, ეს დაგეხმარებათ გახდეთ ბედნიერი, პოზიტიური და განავითაროთ ინტუიცია. ჯობია ფოკუსირება მოახდინოთ იმ აზრებსა და გრძნობებზე, ახლა რომ განიცდით და ნუ იდარდებთ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ.
ინტუიციისთვის კითხვის დასმის ტექნიკა
როგორ გავაღვიძოთ ინტუიცია: 3 ნაბიჯი
ქვემოთ მოცემულია სამი ნაბიჯი, რომლებიც დაგეხმარებათ ბუნებრივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გააღვიძოთ თქვენი ინტუიცია და მიიღოთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე:
ნაბიჯი 1
რამდენიმე წუთით იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენი ქვეცნობიერი ძალიან ძლიერია, რომ არსებობს თქვენს კითხვებზე აბსოლუტურად სწორი პასუხები და გადაწყვეტილებები და რომ თქვენი ქვეცნობიერი იპოვის მათ თქვენთვის.
შეეცადეთ ამ ფაქტების ლოგიკური გააზრებიდან მათ ემოციურ აღქმაზე გადაერთოთ. როდესაც ეს მოხდება, სასიხარულო ჟრუანტელს იგრძნობთ. ცნობიერებას მუდმივად უნდა შეახსენოთ, რომ მას ჰყავს ისეთი ძლიერი ასისტენტი, როგორიც ქვეცნობიერია.
თავდაჯერება უნდა შეიგრძნოთ, გაიაზრეთ თქვენში დამალული ძალა.
ნაბიჯი 2
მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ, რა გსურთ თქვენი ქვეცნობიერიდან: რაში მდგომარეობს პრობლემა და რა სახის პასუხები, გადაწყვეტილებები და შეხედულებები გინდათ მიიღოთ მის შესახებ. რამდენჯერმე გაიმეორეთ, რომ სწორედ ამ ეტაპზე თქვენი ქვეცნობიერი თქვენთვის მუშაობს.
არ დაიძაბოთ და შესაძლო პასუხები გონებას არ აპასუხებინოთ. ელაპარაკეთ საკუთარ თავს თავდაჯერებით, გამუდმებით გაიმეორეთ, რა გსურთ მისგან, მაგრამ გამოხატეთ ეს ისეთი სიტყვებით, თითქოს ინტუიცია ამას უკვე აკეთებს თქვენთვის.
„ახლა ჩემი ქვეცნობიერი მეუბნება, რომ…“
გაუმეორეთ ეს საკუთარ თავს მინიმუმ ათჯერ, სანამ არ იგრძნობთ, რომ პროცესი დაიწყო.
ნაბიჯი 3
დამშვიდდით და აღივსეთ რწმენით, რომ სწორ პასუხს მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ რწმენა და ნდობა მხოლოდ შეგრძნებები კი არაა, არამედ ენერგიის რხევებიც.
სწორი გადაწყვეტილებების მიღების რწმენით გონების მიერ გამოსხივებული ენერგიის რხევები ისე მიიზიდავს სწორ პასუხებს, როგორც მაგნიტი იზიდავს ლითონს.
წარმოიდგინეთ, რას იგრძნობთ, როდესაც სწორ პასუხს იპოვით: აღელვებას, სიხარულს, შვებას. პასუხის მიღებამდე გამოიწვიეთ საკუთარ თავში ეს გრძნობები, მაგრამ ძალიან არ დაიძაბოთ.
დღედაღამ ნუ იფიქრებთ, თუ როდის მოგაწვდით ქვეცნობიერი სწორ პასუხს. სამივე ნაბიჯის დასრულებას ჯამში არა უმეტეს ხუთიდან ათ წუთამდე სჭირდება. ჯობია, ეს 3 ნაბიჯი ყოველ საღამოს ძილის წინ შეასრულოთ. ფხიზლობისგან ძილში გადასვლის ფაზა ყველაზე შესაფერისი მომენტია, როდესაც ქვეცნობიერთან კონტაქტი უფრო იოლად დამყარდება.
დასკვნა:
შეიძლება, გარკვეული დრო დაგჭირდეთ, სანამ ყველა რჩევას გაითვალისწინებთ და შედეგებს მიაღწევთ, მაგრამ ამისთვის დროის ხარჯვა ღირს.
თქვენი პირადი ინტუიცია თქვენი ჯადოსნური ჯოხი გახდება: გაგიკვირდებათ, თუ როგორ ცხოვრობდით მის გარეშე. ინტუიცია მხოლოდ სულიერად მაღალი ან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანისთვის კი არ არსებობს, არამედ ის ინსტრუმენტია თითოეული ჩვენგანისთვის…
გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი და ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით. იყავით ბედნიერი და წარმატებული!
მოამზადა თამარ ქავჟარაძემ
წყარო: silavmisli.ru
კომენტარები