ეკონომიკაპოლიტიკასაქართველო

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეუწყდება

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას დაიწყებს. მთავრობა მიზეზად კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.

ანაკლიის კონსორციუმს წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. მოგვიანებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ვადა მიმდინარე წელს 31 დეკემბრამდე გადაუწიეს. ანაკლიის კონსორციუმი 31 დეკემბერს აცხადებდა, რომ არ წყვეტენ მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა, მათი შეფასებით, ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, ანაკლიის კონსორციუმმა „სახელმწიფო გადააგდო“. მისი თქმით, კონსორციუმს სახელმწიფომ არაერთხელ გაუგრძელა ხელშეკრულება და შეუცვალა პირობები.

„რა განსაკუთრებული დამსახურება აქვს კონსორციუმს, რომელმაც პრაქტიკულად სახელმწიფო გადააგდო? საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა სახელმწიფომ და საქმის ნაცვლად ამ სანაპიროზე „ლელოს“ პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია შემოგვთავაზეს. ეს არის რეალობა და ამ რეალობისთვის თვალის გასწორება გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე პოლიტიკური პარტიის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ ამოფარება. მომავალში, როცა სახელმწიფო ტენდერს გამოაცხადებს, ვფიქრობ, კეთილსინდისიერ შემსრულებელს იპოვნის თავის ვალდებულებების“, – ამბობს ვოლსკი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი ინვესტორის მოძიებისა და ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარების მიზნით დაიწყება პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელი აუცილებელი პროცედურები.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს. „იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ინვესტორებმა და კონსორციუმმა 75 მლნ დოლარზე მეტის ინვესტიცია განვახორციელეთ უკვე პროექტში, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენ, პრაქტიკულად, აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, მივმართავთ საარბიტრაჟო სასამართლოს“, – აღნიშნა კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა. იგი ამბობს, რომ უსაფუძვლოა მთავრობის წევრების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კონსორციუმმა ვალდებულებები ვერ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ხაზარაძეს და ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close