შეუცნობელი

რაზე მიგვანიშნებს შობა-ახალი წლის პერიოდში ნანახი სიზმრები?

ხალხში გავრცელებული ტრადიციებისა და გადმოცემების თანახმად, შობა-ახალი წლის პერიოდში ნანახი სიზმრები განსაკუთრებული სიზუსტით ხდება და ხშირად წინასწარმეტყველურია. იშვიათი როდია შემთხვევა, როცა სწორედ ამ პერიოდში ნანახი სიზმრებია იმის მაუწყებელი, თუ როგორი იქნება ჩვენთვის მომავალი წელი. მთავარი მოთხოვნაა, ეს სიზმრები არავის მოვუყვეთ.

ამ პერიოდში ნებისმიერი ადამიანი განიცდის სულიერ ამაღლებას, მასში რაღაც დაფარული იწყებს მუშაობას, რაც თავის ასახვას ასტრალურ სივრცეში პოულობს და როდესაც სხეული განსაკუთრებით მოდუნებული და მშვიდია – ესე იგი, ძილის დროს – სიზმრების სახით მატერიალიზდება. ყოველივე ამის შემდეგ, თუ ცუდი სიზმრები ნახეთ, გახსოვდეთ, რომ ამაში ბრალი მხოლოდ თავად მიგიძღვით – თქვენს სულიერ მდგომარეობაში რაღაც რიგზე ვერ არის. დაუკვირდით საკუთარ თავს, აუცილებლად აღმოაჩენთ იმ ნეგატიურს, რაც თქვენს სულს აწუხებს და შეეცადეთ მის გამოსწრებას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე კი, შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდის სიზმრები თქვენი სულის ერთგვარი ინდიკატორია. ცუდი სიზმრების ნახვის შემთხვევაში სიმხნევე არ უნდა დაკარგოთ და არ უნდა იფიქროთ, რომ წინ რაიმე უბედურება გელით. ეს, ასე ვთქვათ, გაფრთხილებაა, რათა დროულად გაიაზროთ, რას აკეთებთ არასწორად და თქვენი ცხოვრების წესი შეცვალოთ.

შობა განსაკუთრებული ძალით დაჯილდოებული დღესასწაულია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ დღეს მოევლინა კაცობრიობას მხსნელი და არა დამსჯელი, და როგორც მან მოუტანა კაცობრიობას ახალი, ჭეშმარიტი ცოდნა, ისევე მოვიცილოთ ძველი, ცუდი წეს-ჩვეულებანი და ახალი სინათლე შემოვუშვათ ჩვენს სულებში. სხვათა შორის, სწორედ ამ მისტერიის უხეში გამოძახილია ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებული ტრადიცია: შობის წინ სახლიდან ძველი, უსარგებლო ნივთების მოცილება და ახალი ნივთების შეტანა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ 7 და 9 იანვარს ნანახ სიზმრებს. შვიდი იანვრის სიზმრები, როგორც წესი, ბედნიერი სიზმრებია და მომავალი წლის ნათელ დღეებსა და წარმატებებზე მოგითხრობთ. ცხრა იანვრის სიზმრები კი ერთგვარად გამაფრთხილებელია და მოსალოდნელ უსიამოვნებებსა და მარცხზე მიგითითებთ. თუ ცხრა იანვარს ცუდი სიზმარი ნახეთ, მეორე დღესვე მოინანიეთ ჩადენილი ცოდვები, ეცადეთ, ვინმეს დაეხმაროთ, მაგრამ ნუ იქნება ეს დახმარება მოვალეობის მოხდა, სიკეთე მთელი გულით უნდა აკეთოთ და ასმაგად დაგიბრუნდებათ, მოხდება არასასიამოვნო წინასწარმეტყველების განეიტრალება.

რაც შეეხება პირველი იანვრის ღამის სიზმარს, ამ დღეს ადამიანებს იშვიათად ესიზმრებათ რაიმე, თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს. ამ შემთხვევაში სიზმარი ძალიან სწრაფად ახდება და ის რაღაც ახლისა და მნიშვნელოვნის მაუწყებელია. ძველით ახალ წლის ღამე კი შეიძლება კარგად გამოვიყენოთ. ამ დღეს შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო კითხვა ჩაუთქვათ და თუ ეს კარგად მოახერხეთ, პასუხს სიზმარშივე მიიღებთ. თქვენი კითხვა ნათლად წარმოიდგინეთ და გაიაზრეთ, გახსოვდეთ, რომ ამ დროს სიტყვა მატერიალიზდება და ძვირფასი მრჩეველი შეიძლება გახდეს.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიზმრების სწორ ახსნას. ამ საკითხში ერთნაირი აზრი არ არსებობს. სხვადასხვა ხალხში ესა თუ ეს მომენტი სხვადასხვაგვარად აიხსნება. ამჟამად გავრცელებული სიზმრების ახსნის მეთოდები, ძირითადად, შუასაუკუნეების ალქიმიკოსებისა და ასტროლოგების ტრაქტატებს ემყარება. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ბევრი საინტერესო რამ შეიძლება მოვიძიოთ, ისინი მაინც სუბიექტურია.

უკანასკნელ პერიოდში გაჩნდა არცთუ უსაფუძვლო მოსაზრება იმის შესახებ, რომ სიზმრის საუკეთესო ამხსნელი თვით მნახველია. მან ყველაზე უკეთ იცის სიზმარში ნანახი ესა თუ ის სიმბოლო თუ მოვლენა როგორ ასოციაციას იწვევს მასში და, აქედან გამომდინარე, თავად ყველაზე უკეთ აკეთებს დასკვნას.

მიუხედავად ზემოთქმულსა, შეჯერების საფუძველზე, მართალია, ძალიან ზოგადად, მაგრამ მაინც შეიძლება სიმბოლოების ზოგადი ახსნის მოცემა, რომლებიც გარკვეულწილად დაგეხმარებათ სიზმრის ახსნაში.

სიზმარში, ძირითადად, შემდეგი სიმბოლოები გამოიყოფა: ჰაერი, წყალი, მიწა, ცა. ეს ალბათ ერთგვარად ჩინურ ტრადიციებსაც უკავშირდება, რომელთა მიხედვითაც სამყარო ოთხი სტიქიისგან შედგება.

ჰაერი სიზმარში შეიძლება ნახოთ, როგორც უფსკრული, რაც წინააღმდეგობებსა და ცხოვრებისეულ სიმძიმეებზე მიუთითებს. ძლიერი ქარი – ადამიანების მიერ წარმოქმნილი წინააღმდეგობების მაუწყებელია. ნელი, თანაბარი ქარი სიკეთისა და კეთილდღეობის ნიშანია, სიო – ახალი ამბის მოლოდინი, ნისლი – მერყეობას, მძიმე არჩევანის გაკეთებაზე მიანიშნებს გარკვეულ სიტუაციაში. იგივე შეიძლება ითქვას მძიმე ჰაერზე და კვამლზე, მაგრამ სუფთა, გამჭვირვალე ჰაერი, ლაჟვარდი, ნებისმიერი წამოწყების კეთილად დაგვირგვინების ნიშანია.

სუფთა, ანკარა წყლის დალევა ბედნიერების მაუწყებელია, ამღვრეული წყლის დალევა კი მოსალოდნელ ავადმყოფობაზე მეტყველებს. წყალში ჩაძირვა ან დახრჩობა მოულოდნელად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნას ნიშნავს. წვეთების ნახვა მატერიალურ კეთილდღეობას მოასწავებს, დილის ცვრის ნახვა კი – უდიდეს ბედნიერებას.

მწვანე ბალახით ან ხავსით დაფარული მიწის ნახვა ბედნიერი ქორწინების მაუწყებელია, მიწის თხრა – დაწყებული საქმეების სწრაფი დასასრული. მიწისძვრები ომის მაუწყებელია. შიშველი კლდეების ნახვა მოულოდნელ შეშფოთებასა და ნერვიულობას ნიშნავს, ქვები – წინააღმდეგობა და სიძნელეებია, ქვაზე ჯდომა – ხანგრძლივი და მძიმე მოლოდინი. საფლავის თხრა – თქვენივე მიზეზით რაიმე მნიშვნელოვნის დაკარგვა, საფლავში წოლა – სიმდიდრის მოხვეჭა, მინდვრის ნახვა – ბედის გამოცვლა.

ცაზე ახალi მთვარის ნახვა დიდი მოგების მაუწყებელია, სავსე მთვარე გაფრთხილების ნიშანია, ღია ფერის ცა – წარმატება, ცისფერი კი – სიკეთის მოლოდინი. ჩაბნელებული ცა ხიფათია, წითელი კი – ხანგრძლივი ავადმყოფობა. შავი ღრუბლებით დაფარული ცა – საფრთხე, თეთრი ღრუბლები კი საქმის გაჭიანურების, მაგრამ კეთილად დასრულების ნიშანია.

არის შემთხვევები, როდესაც პირველი იანვრის ან 14 იანვრის ღამეს სიზმარში ახალი წლის ზეიმს ხედავენ, მორთული ნაძვის ხით და საყოველთაო მხიარულებით – ასეთ შემთხვევაში ნურაფრის გეშინიათ, ეს წელი თქვენთვის ყველაზე წარმატებული იქნება.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close