სამზარეულორჩევები

რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ გოზინაყის მომზადებისას

ქართული საახალწლო სუფრის ტკბილეულის მეფე, რა თქმა უნდა, გოზინაყია. მისი მომზადება ნამდვილად არ არის ადვილი, თუმცა თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, მართლაც შესანიშნავი ნუგბარით დაამშვენებთ სუფრას.

ჯერ დაჭერით ნიგვზის ლებნები და მერე მოხალეთ, თუ ჯერ ლებნებს მოხალავთ, დაჭრისას დაგეფხვნებათ. დაჭრილი ნიგოზი დაბალ ტემპერატურაზე მოხალეთ – ჰაერღუმელში 90-100 გრადუსამდე – და არ დაგეწვებათ, თან დროდადრო ურიეთ. მოხალული დაჭრილი ნიგოზი კარგად აბერტყეთ, რომ მოცლილი კანები მოაშოროთ.

ჯობია, წაბლის თაფლი არ გამოიყენოთ, რომელსაც თავისებური არომატი აქვს და სიმწარეც დაჰკრავს, ღია ფერის თაფლი უკეთესია, თუმცა შეგიძლიათ ერთი-ორი სუფრის კოვზი წაბლის თაფლიც შეურიოთ არომატისთვის.

მომზადებულ თაფლს ბოლოს, მოხალული ნიგვზის ჩაყრამდე, აუცილებლად დაუმატეთ ერთი-ორი სუფრის კოვზი შაქარი (თაფლის რაოდენობის მიხედვით) და ურიეთ, რომ გადნეს – გოზინაყი უფრო კნატუნა და არაწელვადი გამოვა.

თაფლი ძალიან დაბალ ცეცხლზე გედგათ და გამუდმებით ურიეთ, რომ არ დაგეწვათ და გოზინაყი შავი ფერის არ გამოვიდეს. მე პირადად 2-ჯერ ვაციებ, თან ხის კოვზით ვზელ. მესამედ ცეცხლზე მოწევის შემდეგ თაფლში ვყრი ნიგოზს, 4-5 წუთის განმავლობაში ვტოვებ ცეცხლზე, თან ფრთხილად ვურევ, რომ ნიგოზი თაფლში კარგად აირიოს, მაგრამ არ დაქუცმაცდეს.

მომზადებული გოზინაყის ცხელი მასის გასაბრტყელებლად მხოლოდ ხის ფიცარი გამოიყენეთ – დაასველეთ ის წინასწარ და გოზინაყი არ მიეკრობა. ფიცარზე გადაიტანთ თუ არა, მაშინვე გააბრტყელეთ საბრტყელებლით, რომელსაც პერიოდულად წყლით დაასველებთ. თუ შეძლებთ, ჯობია ხელით გააბრტყელოთ, თან პერიოდულად ხელი ცივ წყალში დაისველეთ.

სასურველი სისქის ფენად გაბრტყელებულ გოზინაყს ნუ გააცივებთ, 5 წუთის შემდეგ დაჭერით, სანამ თბილია. დაჭრისას დანა დროდადრო ცივ წყალში დაასველეთ.

ცნობისათვის: ერთ კილოგრამ დაჭრილ ნიგოზს სჭირდება 500 გ თაფლი (ლიტრიან ქილაში ჩადის 1,5 კგ თაფლი) და 2 არასავსე სუფრის კოვზი შაქარი.

კირა კარიაული 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close