ბრაზილიელი კომიკოსების ჯგუფის ოფისს, გეი იესო ქრისტეს შესახებ გადაღებული კომედიის გამო, მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS-ი ავრცელებს.
შენობის დაცვის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო მომხდარის ამსახველი ვიდეოჩანაწერი პოლიციას გადასცეს.
3 დეკემბერს Netflix-მა გამოუშვა კომედია „ქრისტეს პირველი ცდუნება“, რომელშიც იესო ოჯახის წევრებს თავის მეგობარ კაცს აცნობს. 46-წუთიანი კომედია ბრაზილიელი კომიკოსების ჯგუფმა, Porta dos Fundos-მა გადაიღო. ფილმი პორტუგალიურ ენაზეა, თუმცა Netflix-ის ვებგვერდზე სუბტიტრებით მისი ნახვა ყველა მომხმარებელს შეუძლია.
სიუჟეტის მიხედვით, იესო უდაბნოში გატარებული 40 დღის შემდეგ სახლში ახალ მეგობართან, ორლანდოსთან ერთად ბრუნდება. მარიამ ღვთისმშობელი, მისი მეუღლე იოსები და მამა ღმერთი კი იესოს 30-ე დაბადების დღეზე წვეულებას აწყობენ. იესოს ოჯახის წევრებისთვის ორლანდოს გაცნობა არ სურს, თუმცა ის მაინც ხვდება წვეულებაზე.
წვეულების დროს მამა ღმერთი უყვება იესოს, რომ სინამდვილეში ის მისი შვილია (მანამდე იესოს მამა ღმერთი თავისი ბიძა ეგონა). იესო თავის ოთახში ბრუნდება, მარიხუანის შემცველ ჩაის სვამს და ჰალუცინაციებში შივას, ბუდას, უცხოპლანეტელს და ალაჰს ხედავს. ფილმის ფინალურ ნაწილში ირკვევა, რომ ორლანდო ეშმაკია და იესო მას კლავს.
ბრაზილიაში საზოგადოებამ ფილმს მკრეხელობა უწოდა და მისი აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პეტიციას უკვე 2 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. ფილმი გააპროტესტეს პოლიტიკოსებმა და კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახურებმაც. ბრაზილიის პრეზიდენტის ვაჟმა, დეპუტატმა ედუარდუ ბოლსონარუმ ფილმს „ნაგავი“ უწოდა.
თუმცა Netflix-ში ფილმის ავტორებს მხარს უჭერენ და აცხადებენ, რომ კომედია შეურაცხმყოფელი არ არის. მათი თქმით, ისინი, ვინც ფილმის აკრძალვას ითხოვს, ჰომოფობები არიან.
imedinews.ge
კომენტარები