ლევან უჩანეიშვილის „ფერშეცვლილი“ კუკარაჩა – რატომ არ ამტკიცებდნენ მსახიობს როლზე?
რეჟისორი ქეთი დოლიძე უცხოეთში, ვთქვათ, აშშ-ში რომ დაბადებულიყო და მის ერთ-ერთ პირველ ფილმს ისეთივე წარმატება რგებოდა წილად, როგორც „კუკარაჩას“, დარწმუნებული ვარ, მთელ ცხოვრებას უზრუნველად გაატარებდა. ფილმი 1982 წელს გამოვიდა ეკრანზე და 38 ქვეყანაში გაიყიდა („სოვექსპორტფილმი“ ამით საკმაოდ გამდიდრდა). 1983-85 წლების მონაცემებით, „კუკარაჩა“ მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში 46-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.
ქეთი დოლიძე: როგორც კი ნოდარ დუმბაძის მოთხრობა დაიბეჭდა და მამამ (რეჟისორი სიკო დოლიძე – თ. ო.) წაიკითხა, მაშინვე დაურეკა ბატონ ნოდარს: ნოდარ, უფლება უნდა მომცე, რომ „კუკარაჩა“ ფილმად ვაქციოო. თანხმობა უმალ მიიღო. მამა მომიბრუნდა და მითხრა, ფილმის გადაღებას მარტო ვერ შევძლებ და უნდა მომეხმაროო. იმ დროისათვის ჩვენ ერთად უკვე გადაღებული გვქონდა „კაცია-ადამიანი?!“, უფრო სწორად, გადაღებებზე მამა დადიოდა, მე ვმუშაობდი და ფილმიც მე დავასრულე…
იგივე მოხდა „კუკარაჩას“ გადაღების დროსაც? თუ არ ვცდები, ფილმის გადაღება ბატონმა სიკომ დაიწყო…
არა, მამას არ დაუწყია ფილმის გადაღება. როგორც ბატონი ნოდარი, ისიც ამ დროს უკვე ავად იყო. სინჯებსაც არ დასწრებია. მანამდე სცენარი დავწერე. ერთად გადავწყვიტეთ, არაფერი შეგვეცვალა ანუ მოთხრობის ჩვენეული ინტერპრეტაცია არ გაგვეკეთებინა. ნაწარმოების ეკრანიზაციის დროს რატომღაც ის უფრო ღირებულად ითვლება, რეჟისორი რაიმე სიახლეს თუ შეიტანს ფილმში, მე კი ასე არ ვფიქრობ, მით უმეტეს, როცა საქმე ისეთ ნაწარმოებებს ეხება, რომლებიც თითქოს უკვე ეკრანისთვისაა შექმნილი. ერთადერთი, რაც ოდნავ შევცვალეთ, ეს კუკარაჩას გარეგნობაა. ნოდარ დუმბაძის კუკარაჩა მუგუზალივით შავი, თითქმის შეუხედავი პიროვნებაა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეკრანზე იგი ძალიან მომხიბვლელი უნდა ყოფილიყო.
ასევე გადავწყვიტეთ, რომ რაღაც თავისებური ხიბლი მურტალოსაც უნდა ჰქონოდა. სხვათა შორის, თავიდანვე ვიცოდი, რომ ინგას როლი ნინელი ჭანკვეტაძეს უნდა ეთამაშა, მურტალოს გმირში კი ზაზა კოლელიშვილს ვხედავდი.
თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ კუკარაჩა ლევან უჩანეიშვილი უნდა ყოფილიყო. მართალია, მისი კანდიდატურის გამო დიდი წინააღმდეგობები შემხვდა, მაგრამ მე მაინც ჩემი გავიტანე. ჯერ ერთი, ლევანი მაშინ სტუდენტი იყო და ჯარში უნდა წაეყვანათ (მაშინ ასეთი უაზრო წესი არსებობდა) და მისი ჯარიდან დახსნა მომიხდა. მეორეც, სამხატვრო საბჭოზე მხოლოდ რამდენიმე კაცმა დამიჭირა მხარი. ბატონმა რეზო ჩხეიძემ თქვა, მე მჯერა და ვენდობი ქეთისო. იგივე განაცხადეს ირაკლი კვირიკაძემ და რეზო ესაძემ, დანარჩენები კი პირდაპირ ხმალამოღებულები მეწინააღმდეგებოდნენ. ლევანი რომ ნიჭიერი ადამიანია, ამაზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს, მაგრამ მაიძულეს, რომ კიდევ რამდენიმე პიროვნება გამესინჯა…
და ვინ გასინჯეთ?
იცით, რა? მართალი გითხრათ, არ მახსოვს, რადგან ფორმალური სინჯები იყო.
დეიდა ანიკოს შვილი – თამაზიკო როგორ შეარჩიეთ?
თავიდანვე ისიც გადაწყვეტილი მქონდა, რომ დეიდა ანიკოს როლი მარინა ჯანაშიას უნდა ეთამაშა. ამ ფილმის კოსტიუმების მხატვარი ტომა მამალაძეა. ვიღაცამ მითხრა, ტომას ბიჭი ვნახოთ, ძალიან კარგი ბავშვიაო. ვნახეთ და მოგვეწონა. უნდა გითხრათ, რომ ლადომ უცებ აიყარა ტანი, თორემ გადაღების დროს არც ისე პატარა იყო – 12-13 წლის იქნებოდა, მაგრამ პატარა ბიჭს ჰგავდა. საუბედუროდ, იგი სამოქალაქო ომის დროს სამტრედიაში დაიღუპა.
მახსოვს, გადაღების დროს ბოტკინი ჰქონდა ახლად გადატანილი, დიეტაზე იყო და დედამისი მემუდარებოდა, ქეთი, შენი ჭირიმე, ისეთი არაფერი შეჭამოს, რაც არ შეიძლებაო. ლადო კი ძალიან მოუსვენარი ბავშვი იყო. სამზარეულოში უცებ შევარდებოდა ხოლმე „მშიას“ ძახილით და… მოკლედ, გვაწვალებდა იმით, რომ ჭამდა იმას, რაც არ უნდა ეჭამა, თორემ ძალიან კარგი ბავშვი იყო ისიც და სხვა ბავშვებიც.
***
ფილმში თითოეული ეპიზოდი დასამახსოვრებელია. საინტერესო სახეები შექმნეს ლია კაპანაძემ, თაზო თოლორაიამ, ქეთი ესაიაშვილმა, ვალიკო გაბისონიამ, გივი თოხაძემ, ბონდო გაგნიძემ… გადაღებები სულ თბილისში მიმდინარეობდა, ყველაფერს თვითონ აკეთებდნენ, პავილიონიც კი საკუთარი ხელით ააშენეს მტკვრის პირას (მხატვარი – ნოდარ სულეიმანაშვილი).
***
ქეთი დოლიძე: მახსოვს, პირველ დღეს გადაღებები კოლმეურნეობის მოედანზე, აფთიაქში გვქონდა. მართალია, ლევანი იმ დღეს არ უნდა გადაგვეღო, მაგრამ ისიც დავიბარე. იქიდან მე, ლევანი, ზაზა და ნინელი, შამპანურით ხელში, ჯერ ბატონ ნოდართან წავედით სახლში, შემდეგ მამასთან გამოვიარეთ (ისიც იწვა). ორივემ გზა დაგვილოცა და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა.
ამ გადაღებების დროს მეორე ბავშვზე, ჩემს თამრიკოზე ვიყავი ფეხმძიმედ. ამაზე ატყდა ერთი ამბავი. ზოგიერთმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ მისი საქმე იყო, გავაჩენდი თუ არა მე ბავშვს… მოკლედ, მუშაობის დაწყების პირველივე დღეებში დიდი ტრავმა მივიღე, მაგრამ ყველაფერი გმირულად გადავიტანე.
მაშინ გეგმით ვმუშაობდით, ყოველდღე უნდა ჩაგვებარებინა რაღაც გარკვეული გადაღებული მასალა. ახლა ეს რომ მახსენდება, სასაცილოდ მეჩვენება, თუმცა თურმე უცხოეთში ფილმის გადაღების ვადები და გეგმები გაცილებით უფრო მკაცრია, მაგრამ იმ დროს ეს ყველაფერი ჩვენ არ ვიცოდით. ბატონმა რეზომ მითხრა, შენ გამო გადაღებები არ უნდა გაჩერდეს, ამას ვერაფრით დავუშვებო. სულ ორი კვირა გამათავისუფლეთ-მეთქი, ვთხოვე. ბოლო დღემდე ვმუშაობდი. ბოლოს გადაღება ღამით მქონდა და მახსოვს, დილის ოთხ საათზე მივედით სახლში, თერთმეტ საათზე კი თამრიკო გაჩნდა – ჩემი ფეხით წავედი საავადმყოფოში.
მეთორმეტე დღეს უკვე გადაღებაზე გამოვცხადდი. ბატონ რეზოს გაუკვირდა, ასეთი რამ არ ხდებაო. ამ ორი კვირის განმავლობაში ფილმზე ჩემი ძმა, თემურ ფალავანდიშვილი მუშაობდა. მან რაღაც ეპიზოდებიც გადაიღო, მაგრამ ეს ჩემი ფილმი არ იყო, ავდექი და ყველაფერი თავიდან გადავიღე.
ქალბატონო ქეთი, საინტერესოა, რა თქვა ბატონმა ნოდარ დუმბაძემ, როცა შეიტყო, რომ თქვენი კუკარაჩა გარეგნობით მის კუკარაჩას არ ემგვანებოდა?
ბატონი ნოდარი საერთოდ არ მონაწილეობდა მსახიობების დამტკიცების პროცესში… ეგ კი არა, სცენარის წერის დროსაც არაფერში ჩარეულა…
სხვათა შორის, მახსოვს, მუშაობა დავიწყეთ და ორი დღის შემდეგ ლევანმა კუპრივით შავად არ შეიღება თმა? – შავ კუკარაჩას უნდა დავემსგავსოო. გულზე შემომეყარა. ძალიან ვინერვიულე. ვიფიქრე, რა ვქნა ახლა, არ გინდა ამ ყველაფრის ხელახლა გადაღება-მეთქი?.. მოკლედ, ატყდა ერთი ამბავი, ლევანს თმა ისევ გადაუღებეს და მუშაობა გავაგრძელეთ.
***
ლევან უჩანეიშვილის კინოკარიერის დასაწყისისთვის კუკარაჩა საკმაოდ წარმატებული როლი აღმოჩნდა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ნოდარ დუმბაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში – ჯერ ერთი, ლევანმა, სესილია თაყაიშვილის (ერთ ეზოში ცხოვრობდნენ) რჩევით, თეატრალურ ინსტიტუტში გამოცდებისთვის ნოდარ დუმბაძის მოთხრობა მოამზადა, რომელსაც კიდევ ერთი მოთხრობა მოჰყვა პირველ კურსზე, მერე მეორე, მესამე… შემდეგ კი – „კუკარაჩა“… მეორეც, ლევან უჩანეიშვილს, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ბატონ ნოდართან მეგობრობაც აკავშირებდა… ერთხელ, ერთ-ერთ შეხვედრაზე, თურმე ვიღაც გოგონამ იკითხა, მოთხრობის მიხედვით კუკარაჩა შავგვრემანი უნდა ყოფილიყო, თქვენ კი… ლევანმა შეკითხვას შეძლებისდაგვარად უპასუხა, მაგრამ გოგონა მისმა პასუხმა არ დააკმაყოფილა და კვლავ გააგრძელა… ბატონმა ნოდარმა ვეღარ მოითმინა, ლევანს სთხოვა, მე ვუპასუხებო და ასეთი რამ თქვა: „შვილო, ეს მოთხრობა მე დავწერე, შემდეგ, როდესაც ლევანი გავიცანი და ფილმი ვნახე, სავსებით დამაკმაყოფილა მისმა ფერმა. მართალი გითხრა, ძალიან შავი რომ მდომებოდა ყოფილიყო, კუკარაჩას კი არა, ოტელოს დავარქმევდი…“
***
ზაზა კოლელიშვილი: მე როგორი მურტალოც ვითამაშე, ეს თვითონ ბატონი ნოდარის დამსახურება იყო. „წარმოიდგინე, რომ უნდა ითამაშო კაცი, რომელმაც ვიოლინო გვერდზე გადადო და ხელში აიღო ავტომატი ანუ რაღაცას პროტესტი გამოუცხადა“, – ამიხსნა მწერალმა. აქედან გამომდინარე, შევეცადე გამოსულიყო არც მთლად საზიზღარი გმირი, ყოველ შემთხვევაში, თავიდან მაინც. ამიტომ იყო, რომ მურტალომაც დაიმსახურა რაღაც სიმპათიები მაყურებელში.
***
რაც შეეხება ნინელი ჭანკვეტაძეს, როგორც ქალბატონმა ქეთიმ გვითხრა, იგი თავიდან ძალიან ეწინააღმდეგებოდა რეჟისორს, არ უნდოდა ინგას როლის თამაში, რა საერთო მაქვს ინგასთანო, ამბობდა.
ქეთი დოლიძე: ნოდარ დუმბაძეს თავის მოთხრობაში სულ სხვანაირი ინგა ჰყავს აღწერილი, მე კი მინდოდა სიწმინდის, სისუფთავის განსახიერება ყოფილიყო და ასეც გამოვიდა… მახსოვს, ბაქოში რაღაც ფესტივალი ჩატარდა, რომელსაც გერასიმოვი ესწრებოდა (სერგეი გერასიმოვი, ცნობილი რუსი საბჭოთა მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, სცენარისტი, არაერთი პრემიის ლაურეატი; მისი ფილმებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია „წყნარი დონი“ – რედ.). მან ილაპარაკა, ილაპარაკა, ილაპარაკა და ბოლოს „კუკარაჩამდე“ რომ მივიდა, თქვა: „ვოტ ველიკალეპნი ფილმ“ („აი, დიდებული ფილმი“ – რედ.), და განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ფინალურ სცენაზე: „სმატრიწე, შტო ზა აქტრისა… ანა პახოჟა ნა გეროინიუ ლორკა“ (ნახეთ, რა მსახიობი ქალია, იგი ლორკას გმირს ჰგავს“ – რედ.). ეს არასოდეს დამავიწყდება, მით უმეტეს, რომ გერასიმოვი ასეთ რამეს იშვიათად ამბობდა…
ქალბატონო ქეთი, კადრს მიღმა რა ხდებოდა?
ფილმს არაჩვეულებრივი დირექტორი ჰყავდა – მირზა ბერძენიშვილი. ალის (თაზო თოლორაია) ეპიზოდი უნდა გადაგვეღო. საზამთროების მოტანაზე მირზას უნდა ეზრუნა. წავიდა და ვაშლისხელა საზამთროები არ მოიტანა?! თან ცოტა კი არა, ასი კილო მაინც იქნებოდა. გავნერვიულდი. მოკიდე ახლა ამას ხელი და უკან წაიღე-მეთქი, ვუთხარი. გადაირია, ამას უკან აღარ დაიბრუნებენო. საბითუმო ფასში ჰქონდა ნაყიდი და იმიტომ. ბოლოს რაღაც ნაწილი მაინც წაიღო და დიდი საზამთროები მოიტანა.
მოვილაპარაკეთ და ერთი საზამთრო ნახერხში ჩადეს, რადგან სახლის ეპიზოდი ზამთარში უნდა გადაგვეღო. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა, როცა ეს საზამთრო გავჭერით და დავინახე, როგორ დაიშალა. შიგნიდან მთლად წყლად იყო ქცეული. მირზას საზამთროს ჩამოსატანად აზერბაიჯანში მოუხდა წასვლა. იქიდან ჩამოიტანა ორი საზამთრო, რომელთაც იგივე ბედი ეწიათ. მათი ჭამა შეუძლებელი იყო, თუმცა პატარა ლადომ მაინც კარგად მოულხინა.
***
1983 წელს საკავშირო კინოფესტივალზე „კუკარაჩამ“ პირველი პრიზი მიიღო საუკეთესო ეკრანიზაციისთვის, ზუსტად ორმოც დღეში კი დიდი რეჟისორი – სიკო დოლიძე გარდაიცვალა. მისმა ქალიშვილმა ტიტრებში სიმბოლურად მიუთითა მამის სახელი, რადგან სიკო დოლიძის დიდი სურვილი იყო, რომ „კუკარაჩა“ გადაეღო.
„კუკარაჩა“ (ლევან უჩანეიშვილი) კი, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სადაც უცხოელის კვალობაზე საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. გადაღებულია ჰოლივუდის ფილმებში. წარმატებით იღებენ რუსეთის კინოსტუდიებიც. ბოლო პერიოდში ნიჭიერმა არტისტმა თავადაც მოირგო რეჟისორის ამპლუა – გადაიღო ფილმი სალვადორ დალის ცხოვრებაზე, სადაც დალის როლს თავად თამაშობს.
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები