იტალიაში „შავი არქეოლოგების“ დანაშაულებრივი ჯგუფი გაშიფრეს, ამოღებულია 10 000 არტეფაქტი
ე.წ. შავი არქეოლოგების გამოსავლენად მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში 80 რეიდი ჩატარდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, იტალიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და სერბეთში. სპეცოპერაციის შედეგად 23 ადამიანი დააკავეს და 10 ათასი არქეოლოგიური ნიმუში ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS-ი ავრცელებს.
ჯგუფი სამხრეთ იტალიაში, კერძოდ კი, კალაბრიაში, იმ ადგილებში, სადაც არქეოლოგიური კვლევები ჯერ არ დაწყებულა, უკანონო გათხრებს აწარმოებდა. დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ გაძარცვული ძეგლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV საუკუნეებით თარიღდება, როდესაც იტალიის სანაპიროებზე ძველბერძნული კოლონიები იყო მოფენილი.
იტალიის პოლიცია ჯგუფს 2017 წლიდან დრონების დახმარებით უთვალთვალებდა. მედიის ცნობით, ქსელი კარგად ორგანიზებული იყო და მთელი ევროპის მასშტაბით მუშაობდა. ისინი უძველეს არტეფაქტებს დიდ აუქციონთა სახლებში ყიდდნენ.
სამართალდამცველთა თქმით, „კალაბრია განსაკუთრებით მდიდარია უძველესი მემკვიდრეობით, ამიტომ უწყვეტი და ინტენსიური ძარცვის ობიექტია, რაც ხელოვნების ნაწარმოებების იატაკქვეშა ბაზარს ასაზრდოებს“. მათივე განცხადებით, უკანონო გათხრები „დიდი სისასტიკით“ წარმოებდა – დამნაშავეები მიწის ფენის დასაშლელად ექსკავატორს იყენებდნენ, რაც დრონების მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს.
წინასწარი შეფასებით, რეიდების შედეგად ამოღებული ექსპონატების ღირებულება რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს.
https://youtu.be/r4ZA27i39ts
კომენტარები