მსოფლიოპოლიტიკა

ესპანეთს, ფრანკოს სიკვდილის შემდეგ პირველად, კოალიციური მთავრობა ეყოლება – სოციალისტები+„პოდემოსი“+?

ესპანეთში სოციალისტური მუშათა პარტია (PSOE) და ულტრამემარცხენე „პოდემოსი“ („ჩვენ შეგვიძლია“) კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ.

კვირას, 10 ნოემბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა სოციალისტებმა მთავრობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი მანდატების რაოდენობა ვერ მიიღეს.

ამრიგად, ფრანკოს სიკვდილის შემდეგ, 1975 წლიდან, მას შემდეგ, რაც ესპანეთმა დემოკრატიულ სისტემაზე დაიწყო გადასვლა, პირველად შესაძლებელია ესპანეთს კოალიციური მთავრობა ჰყავდეს. მოქმედი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის პარტიამ დეპუტატთა კონგრესში (ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატა) 350 ადგილიდან 120 მოიპოვა, კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ – 88, ულტრამემარჯვენეებმა კი – 52; მეოთხე ადგილზე გავიდა ულტრამემარცხენე  Podemos-ი 35 მანდატით (წინა არჩევნებზე მისი შედეგი იყო 42 მანდატი).

აღსანიშნავია, რომ სოციალისტურმა პარტიამ წინა, მიმდინარე წლის აპრილში გამართულ არჩევნებზე 123 ხმა (3 ხმით მეტი) მიიღო.

ესპანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და ულტრამემარცხენე „პოდემოსის“ ლიდერმა პაბლო იგლესიასმა წინასწარ შეთანხმებას კოალიციის შექმნის თაობაზე ხელი უკვე მოაწერეს. ისინი აცხადებენ, რომ „პროგრესული“ კოალიციური მთავრობის ფორმირებას შეეცდებიან, თუმცა სოციალისტებს და „პოდემოსს“ ერთად უმრავლესობის შექმნა არ შეუძლიათ – ორივეს ერთად 350-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 155 მანდატი აქვს, მთავრობის ფორმირებისთვის კი 176 მანდატია საჭირო, შესაბამისად, მათ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოუწევთ მოლაპარაკება.

ცნობისათვის: პარტია „პოდემოსი“ 2014 წელს დააარსა მემარცხენე აქტივისტების და ინტელექტუალების ჯგუფმა. ის თავის თავს მოძრაობა „ინდიგნადოსის“ (Occupy Wall Street-ის ესპანური ანალოგი) პოლიტიკურ ფრთად მიიჩნევდა. გასული 6 თვის განმავლობაში სოციალისტები უკვე ცდილობდნენ მათთან მოლაპარაკებას მთავრობის ფორმირებისთვის, თუმცა უშედეგოდ.

საინტერესო დამთხვევა: „პოდემოსის“ ლიდერი პაბლო იგლესიასი სოციალისტური მუშათა პარტიის დამაარსებლის, პაბლო იგლესიასის სეხნიაა (PSOE 1879 წლის 2 მაისს დაარსდა).

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს გამართული ვადამდელი არჩევნები ბოლო 4 წლის განმავლობაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნებია ესპანეთში.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close