საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა
28 ოქტომბერს კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის, საკრებულოების და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებზე. პარალიზებულ საიტებზე ჩანს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით: I’LL BE BACK (მე დავბრუნდები).
ასევე, კიბერშეტევა განხორციელდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოთა ვებსაიტებზეც. მათ შორისაა ბათუმის, ქუთაისის, მცხეთის, ოზურგეთის, ვანის, საჩხერის, ამბროლაურის, ქარელისა და ქედის საკრებულოების ოფიციალური საიტები.
სავარაუდოდ, კიბერშეტევის გამო შეწყდა ტელეკომპანიების „იმედისა“ და „მაესტროს“ მაუწყებლობა.
„იმედის“ იურისტის, ანდრო ლაშხის თქით, ზარალი დიდია. „ახლანდელი მდგომარეობით „იმედი“ ეთერშია, „მაესტრო“ კი ვერ მაუწყებლობს, გაფუჭებული და განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის, ძვირადღირებული ტექნიკა, სისტემაზე ბოლომდე წვდომა კვლავაც არ გვაქვს. სავარაუდოდ, ეს არის კიბერშეტევა, ველოდებით გამოძიებას. არ ვიცით, რა იქნება, ხვალ, ზეგ ან თუნდაც 1 საათის შემდეგ“, – აცხადებს ტელეკომპანიის იურისტი.
პრობლემა შეექმნა, ასევე, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა.
კიბერთავდასხმის გამო საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.
საიტების უმეტესობა, რომლებზეც კიბერთავდასხმა განხორციელდა, განთავსებულია კომპანია serv.ge-ს სერვერზე.
კიბერუსაფრთხოების კონსულტანტები აცხადებენ, რომ 2008 წლის შემდეგ მსგავსი კიბერშეტევა არ მომხდარა და შესაძლოა ის საზღვარგარეთ დაიგეგმა.
კომენტარები