მარტვილის კანიონი ევროპის საბჭოს კონკურსის გამარჯვებული გახდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მისი სააგენტოს მიერ განხორციელებული მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოების ცერემონია კი 2020 წელს, „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება.
გამარჯვების შესახებ ოფიციალური უწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპის ლანდშაფტების კონვენციის აღმასრულებელი მდივნისგან, მაგელონ დეჟან-პონისგან მიიღო. როგორც წერილშია აღნიშნული, მარტვილის კანიონისათვის ჯილდოს მინიჭება მისმა განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილმა წვლილმა განაპირობა.
პრიზის მოსაპოვებლად ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის არაერთი პროექტი იყო წარდგენილი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ლანდშაფტების აღდგენაში და შექმნეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში ლანდშაფტების აღდგენა, მართვა და მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.
აღნიშნული კონკურსი 2008 წლიდან ტარდება და მასში ისეთი ქვეყნების პროექტები იმარჯვებენ, როგორიცაა: საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი და ა. შ.
მარტვილის კანიონი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ბუნების ძეგლია. 2019 წელს ის ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია გახდა. მიმდინარე წლის რვა თვეში კანიონს 150 000 ვიზიტორი ესტუმრა.
კომენტარები