გამოქვეყნდა „შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“, საქართველო 39-ე ადგილზეა
გამოქვეყნდა „შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“. ეს არის მე-14 ყოველწლიური ანგარიში, რომელსაც ერთობლივად ამზადებენ ორგანიზაციები CONCERN WORLDWIDE და WELTHUNGERHILFE. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ მიზანია, ფართო მასშტაბით გამოიკვლიოს შიმშილობის პრობლემები გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე, გაზარდოს შიმშილობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი ყურადღება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
„შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ წლევანდელი ანგარიშის თანახმად, კლიმატური ცვლილებები სახიფათო მასშტაბებს აღწევს და ძირს უთხრის მსოფლიოს ყველაზე პრობლემური რეგიონების უზრუნველყოფას სურსათით.
ინდექსში მოცემულია ინფორმაცია 117 ქვეყნის შესახებ. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“-ის თანახმად, 2000 წლის შემდეგ ამ ქვეყნებში შიმშილობის მაჩვენებლები და ტენდენციები პროგრესისკენ მიუთითებს, მაგრამ, ანგარიშის ავტორების თქმით, მსოფლიოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი შიმშილის ნულოვანი დონის მისაღწევად 2030 წლისთვის, როგორც ამაზე მსოფლიო ლიდერები არიან შეთანხმებული.
ინდექსის თანახმად, 47 ქვეყანაში შიმშილობის დონე „სერიოზული“ ან „საგანგაშოა“. ერთ ქვეყანაში – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში – ვითარება „უკიდურესად საგანგაშოა“. რუკაზე ეს ადგილი წითლადაა აღნიშნული.
„შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“-ში საქართველოს 39-ე ადგილი უკავია. საქართველოზე უკეთესი პოზიციები აქვთ ყირგიზეთს, ირანს, სომხეთს, აზერბაიჯანს, სერბეთს, რუსეთს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ უკრაინასა და ბელარუსს.
radiotavisupleba.ge
კომენტარები